არის თუ არა ქვეყანაში დაცული ადამიანის უფლებები - ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის მთავარი გზავნილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 კვირის ბოლოს გაირკვევა, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ხელისუფლებასა და ოპოზიციის დიდ ნაწილში პოზიტიური განწყობაა, რადგან იმედი აქვთ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს და ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაც ახალ ეტაპზე გადავა. თუმცა, ვიდრე ევროკავშირი გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოაცხადებს, ვნახოთ, დაცულია თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებები, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით მოვამზადეთ. 

 

ადამიანის უფლებები

2022 წლის 5 სექტემბრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ მოიწონა ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების სტრატეგია. დოკუმენტი წარედგინა საქართველოს პარლამენტს და 2023 წლის მარტში დამტკიცდა. სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების აღსრულების მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე.

გარდა ამისა, ფუნქციონირებას განაგრძობს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათშორისი პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, ბავშვის უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის იმპლემენტაციის ხელშეწყობას. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

„2022 წლიდან გაგრძელდა მუშაობა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის კონვენციისა და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“, ჰააგის 2007 წლის ოქმის სავალდებულოდ აღიარებისთვის. 2023 წლის 25 მაისს ხელი მოეწერა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასა და „რჩენის ვალდებულებების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმს. შემდეგი ეტაპია დოკუმენტების წარდგენა პარლამენტში, რატიფიცირების მიზნით“, - ვკითხულობთ პრემიერის ანგარიშში.

ანგარიშიდან ისიც ირკვევა, რომ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის ეგიდით შემუშავდა და საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცდა ორი ცალკე მდგომი ეროვნული სამოქმედო გეგმა: „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს 1325 რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა“.

„საქართველოს მთავრობამ, 2022 წლის 9 ნოემბრის დადგენილებით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“ დაამტკიცა. დადგენილების ძირითად მიზანს წარმოადგენს მსხვერპლისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება, როდესაც მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება დანაშაულის ჩამდენი პირისგან ან ანაზღაურდება ნაწილობრივ. აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილის (შვილების) დახმარება, სახელმწიფო კომპენსაციის გაცემით. აღნიშნული წესი თანხვედრაშია საქართველოს მიერ რატიფიცირებულ ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს (ე.წ.სტამბოლის) კონვენციის ვალდებულებასა და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონთან“.

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2023 წლის პირველი მაისიდან, შემაკავებელი ორდერი და რისკების შეფასების ინსტრუმენტი განახლებული ფორმით ამოქმედდა. სამართლებრივ აქტებში განხორციელებული ცვლილების მიზანი ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება და მოძალადეზე ზედამხედველობის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმის შექმნაა.

რაც შეეხება შშმ პირების უფლებებს, პრემიერის ანგარიშიდან ირკვევა, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, არაერთი ღონისძიება ტარდება.

„კერძოდ, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით განხორციელთა შშმ პირთა სოციალური პაკეტის ინდექსაცია. 2023 წლის იანვრიდან შშმ ბავშვების/მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური პაკეტი შეადგენს 340 ლარს, ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები იღებენ გაზრდილ დანამატს, სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №279 დადგენილებით დამტკიცებულ წესში 2022 წელს შესული ცვლილებით, სოციალური პაკეტის მიღების უფლება მოიპოვა ყველა შშმ პირმა, საჯარო საქმიანობის განხორციელების პარალელურად“.

ამავე ანგარიშიდან ვიგებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და არსებული საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული გარანტიების შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა ხანდაზმულ პირთა უფლებების საკანონმდებლო დონეზე მკაფიოდ მოწესრიგების საკითხზე. ყოველწლიური დიალოგის ფარგლებში, 2022 წლის ივნისში, საქართველოს დელეგაციამ ევროკავშირის წარმომადგენლებს წარუდგინა ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 2021 წელს გამართული საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შემდგომ მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის ხელშეწყობის მიმართულებით.

 

სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია

პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში დასახული აქტივობების განხორციელება.

„ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, გრძელდებოდა კომპლექსური ღონისძიებების გატარება ქართული ენის პოპულარიზაციის, შესწავლის შესაძლებლობების გაზრდისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების, როგორც ბენეფიციართა სეგმენტისა და გეოგრაფიული დაფარვის გაფართოების მიმართულებით. გაიზარდა სახელმწიფო ენის ბილინგვური მეთოდით სწავლების შესაძლებლობები. საპილოტედ შერჩეულ სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღწეული შედეგების შეფასების საფუძველზე, დაგეგმილია პროგრამის შემდგომი განვითარება“.

საანგარიშო პერიოდში, ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა ადგილობრივი და ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების, ასევე, ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებლების გადამზადების პროცესი, რომლის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ითარგმნა შესაბამისი საგნობრივი ტრენინგის მოდულები და სასწავლო რესურსები. რაც მთავარია, რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში მივლინებულ იქნა 397 ქართულენოვანი მასწავლებელი. დამატებით, გადამზადდა ქართულის, როგორც მეორე ენის, 518 მასწავლებელი, ხოლო სახელმწიფო ენის კურსში გადამზადნენ ყველა არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მასწავლებლები.

„სახელმწიფო ენის სწავლებისკენ მიმართული ძალისხმევის პარალელურად, ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების უფლება სრულად რეალიზებული და დაცულია, როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასევე მოქმედ 296 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში/სექტორზე, მათ შორის, უზრუნველყოფილია მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური, უდიური, ასურული) სწავლება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში“.

პრემიერის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები განათლების თითოეულ საფეხურზე. მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების პირველ-მეცხრე კლასებში ეტაპობრივად დაინერგა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და განხორციელდა სკოლების უზრუნველყოფა განახლებული სახელმძღვანელოებით ყველა საგანში, რომლებიც აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეა თარგმნილი.

„ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა პროფესიულ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე შერჩევის პროცედურის გავლის შემდგომ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა 292 ახალგაზრდა. 30 საჯარო სკოლის ბაზაზე, პროფესიული პროგრამების ამოქმედება ახალგაზრდებს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს პროფესიული განათლების მიღების დამატებით, უნიკალურ შესაძლებლობას შეუქმნის.

მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, მიმდინარეობდა სატელევიზიო და ინტერნეტ-მაუწყებლობა ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენებზე. ასევე, ფუნქციონირება განაგრძო შვიდენოვანმა ვებპორტალმა. რაც შეეხება ყოველკვირეულგაზეთებს, სომხურენოვანი „ვრასტანი“ და აზერბაიჯანულენოვანი „გურჯისტანი“ სახელმწიფოს დაფინანსებით გამოიცა“.

სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, სამივე რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში 170-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამური ღირებულება 130 მილიონი ლარია.

 

შრომითი უფლებები

რაც შეეხება შრომით უფლებებს, პრემიერის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გრძელდება მუშაობა შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. საქართველოს მასშტაბით, შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას, 3 755 ინსპექტირება განხორციელდა 1 933 ობიექტზე.

„განხორციელებულმა ინსპექტირებებმა დასაქმებულ პირთა 13.7% ანუ 176 000-მდე დასაქმებული პირი მოიცვა. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს განხორციელებული ინსპექტირებები გაიზარდა 144%-ით, ხოლო შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა კი - 132%-ით. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, 2018 წლიდან 41%-ით შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა“.

რაც შეეხება 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებულ აქტივობებს, სსიპ „შრომისინსპექციის სამსახურის“ მიერ, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას, სულ განხორციელდა 814 ინსპექტირება.

შრომითი უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებისა და ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების ფარგლებში, ამავე შეთანხმების XXX დანართით განსაზღვრული (ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე) 5 დირექტივის საფუძველზე, მომზადდა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა რამდენიმე დადგენილება, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვას, მაგალითად: დაცვის პერსონალური საშუალებების გამოყენება, სპეციალური უსაფრთხოების ნიშნები, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგები და სხვა.

 

 ავტორი-მაკა რუხაძე