როგორ გახდა თურქული წარმოშობის ამერიკელი ბრიტანეთის პრემიერი - უცნობი ფაქტები ბორის ჯონსონის ცხოვრებიდან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საქართველოს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა კარგად ახსოვს. განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის ხისტი, არადიპლომატიური და რადიკალური პოზიცია სერგეი ლავროვისა და რუსეთის მიმართ. რამდენიმე დღეა, მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე ომს, აკვირდება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის გამოსვლასა და რეაქციას. ევროპაში მოსალოდნელი ომის შესახებ, თავიდანვე, განსაკუთრებით მკაცრი პოზიცია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ჰქონდა, რომელმაც საქართველოშიც ბევრი ადამიანის აღფრთოვანება გამოიწვია. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ევროპელი ექსპერტები დიდხანს მსჯელობდნენ, ვინ დაიკავებდა ევროპის ახალი ლიდერის ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარაა და ამ კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა პოზიციებს, გარკვეულწილად, ეწინააღმდეგება კიდეც, ყველასთვის გასაოცრად, უკრაინაში განვითარებულმა პროცესებმა, ბუნებრივად, ევროპის ახალი ლიდერის დაბადების მოწმენი გაგვხადა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი ამ პოზიციას ემანუელ მაკრონს უწინასწარმეტყველებდა, მან ვერ შეძლო ქარიზმატული, ექსცენტრიული და არაორდინალური ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჩანაცვლება. ვინ არის ბორის ჯონსონი, როგორ მოვიდა პოლიტიკაში და რა გზა გაიარა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობამდე?  

 ბორის ჯონსონი 1964 წლის 19 ივნისს, აშშ-ის ქალაქ ნიუ იორკში დაიბადა. ბორისი ამერიკელია, რომელსაც თურქულ-ჩერქეზული ფესვები აქვს, მისი დიდი ბებია ჩერქეზი იყო, დიდი ბაბუა ალი ქემალი კი - თურქი, რომელიც დიდხანს მსახურობდა ჟურნალისტად, შემდეგ კი აჰმედის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეზირი იყო. ალიმ დააკავა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქემალ ათათურქი. ქემალის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან ბრძანა ალის დაპატიმრებაც, მოგვიანებით კი, ჯონსონის დიდი ბაბუა სიკვდილით დასაჯეს. სწორედ ამ მოვლენებმა გამოიწვია ჯონსონის ბაბუის ემიგრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პრემიერის მამა, სტენლი ჯონსონი საკმაოდ პატივსაცემი ადამიანი გახლდათ. მისი ევროპაში გარემოს დაცვის კომისრად დანიშვნის შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად ბრიუსელში გადავიდა, სადაც ბორისი სკოლაში შევიდა. ამის შემდეგ, მან ეტონის კოლეჯში სტიპენდია მოიპოვა, შემდეგ კი ოქსფორდის უნივერსიტეტი ფილოლოგიის განხრით დაამთავრა. სწორედ ოქსფორდში სწავლისას დაიწყო მეორე სახელის - ბორისის უფრო მეტად გამოყენება (ბავშვობის სახელი ალექსანდერია). ეს  „ექსცენტრიული ბრიტანული“ ბიჭის სახელით დასამკვიდრებლად სჭირდებოდა. იხსნებენ, რომ სტუდენტობის დროს იყო ზარმაცი და ყოველთვის იგვიანებდა ლექციებზე, თუმცა ძალიან პოპულარული გახლდათ და საკმაოდ ბევრი მეგობარიც ჰყავდა.

1987 წლის სექტემბერში, ჯონსონი ალეგრა მოსტინ-ოვენ-ზე დაქორწინდა. ცერემონიას აკომპანიმენტს უწევდა ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის, ჰანს ვერნერ ჰენზის მიერ სპეციალურად ამ ქორწილისთვის შეკვეთილი ორი ვიოლინოს დუეტი, რომელსაც Allegra e Boris ჰქვია. თაფლობის თვის ეგვიპტეში გატარების შემდეგ, ჯონსონმა გადაწყვიტა, მენეჯმენტის კონსულტანტად დაეწყო მუშაობა, თუმცა ერთ კვირაში წამოვიდა სამსახურიდან. ამის შემდეგ, ჯონსონმა დაიწყო  ჟურნალისტური კარიერა. 1987 წელს, The Times-ის ჟურნალისტი გახდა, თუმცა სამსახურიდან ციტატის გაყალბების გამო გაათავისუფლეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჯონსონმა დაწერა სტატია მეფე ედუარდ II-ის სასახლის არქეოლოგიურ აღმოჩენაზე და მოიყვანა გამოგონილი ციტატა, რომელიც ისტორიკოს კოლინ ლუკასს, მის ნათლიას მიაწერა. ამ სკანდალის შემდეგ, მუშაობა Daily Telegraph-ში დაიწყო, სადაც მუშაობდა კორესპონდეტად, ევროკავშირში მომხდარ თემაზე (1989-94), რის შემდეგაც, რედაქტორის თანაშემწე (1994–99) გახდა. 1994 წელს, ჯონსონი პოლიტიკური მიმომხილველი ხდება The Spectator-ში, 1999 წელს კი - ამ ჟურნალის რედაქტორი გახლდათ და თანამდებობას 2005 წლამდე იკავებდა.

1990 წლის თებერვალში, ჯონსონი მეუღლეს დაშორდა. შერიგების რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მათი ქორწინება, 1993 წლის აპრილში, განქორწინებით დასრულდა. ამის შემდეგ ჯონსონმა დაიწყო ურთიერთობა ბავშვობის მეგობართან, მარინა უილერთან, რომელიც 1990 წელს, მასთან ბრიუსელში გადავიდა, საბოლოოდ კი, 1993 წლის მაისში იქორწინეს - პირველ მეუღლესთან განქორწინებიდან 12 დღის შემდეგ. წყვილს მალევე შეეძინა ქალიშვილი და ლონდონში გადავიდნენ  საცხოვრებლად, სადაც კიდევ სამი შვილი შეეძინათ. წყვილმა გადაწყვიტა, შვილებისათვის გვარი ჯონსონ-უილერი ჩაეწერა. მათ სწავლა ადგილობრივ Canonbury-ის დაწყებით სკოლაში  დაიწყეს და შემდეგ - კერძო საშუალო სკოლებში გააგრძელებს.

ჯონსონის ყველა ნაცნობი აღნიშნავდა, რომ ის გასაკუთრებით ბევრ დროს უთმობდა შვილებსა და მათ აღზრდას.

2001 წელს, ბორის ჯოსნონმა გადაწყვიტა, თავისი ძალები პოლიტიკურ ასპარეზზე მოესინჯა და საპარლამენტო არჩევნებში, საკუთარი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენლად დააყენა. 2005 წელს, კვლავ შევიდა პარლამენტში და მისი წევრი იყო 2008 წლამდე.

2000-დან 2004 წლამდე, ჯონსონს რომანი ჰქონდა გაზეთ Spectator-ის მიმომხილველ პეტრონელა უაიტთან, როდესაც ამავე გაზეთის რედაქტორად მუშაობდა.  გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთობას მოჰყვა ერთი აბორტი და ერთი ნაადრევად  შეწყვეტილი ორსულობა. 2006 წლის აპრილში, გაზეთმა News of the World  კი განაცხადა, რომ ჯონსონს რომანი ჰქონდა ჟურნალისტ ანა ფაზაკერლისთან; წყვილს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ, ფაზეკლერმა ჯონსონთან დაიწყო მუშაობა. 2009 წელს, ჯონსონს, ხელოვნების კონსულტანტ ჰელენ მაკენტაირთან ქალიშვილი შეეძინა. დიდი ხნის განმავლობაში, საზოგადოებაში ბევრი ჭორი დადიოდა ჯონსონის სხვა შვილების შესახებ, თუმცა პრემიერ-მინისტრმა არ დაადასტურა.

პარლამენტში ვადის ამოწურვის შემდეგ, ჯონსონი მონაწილეობდა ლონდონის მერის არჩევნებში, ასევე, კონსერვატიული პარტიიდან. კენჭისყრის პირველ ტურში, ხმების 43% მიიღო, მეორე ტურში კი 53%-ით დაამარცხა ოპონენტი. როგორც მერმა, მან ქალაქის ძირითად პრობლემებად განსაზღვრა საცობების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ველოტრანსპორტის პოპულარიზაცია. 2012 წელს, ხალხმა  ხელახლა აირჩია და კიდევ ოთხი წელი დარჩა მერად. 2015 წელს, ლონდონის მერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ჯონსონმა ისევ მიიღო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და დაბრუნდა პარლამენტში. ამ პერიოდში განიხილებოდა დიდი ბრიტანეთისთვის ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი - ბრექსიტის საკითხი, რასაც ჯონსონი მთლიანად ეთანხმებოდა და მხარს უჭერდა. 2016 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას შეუდგა ტერეზა მეის მთავრობაში, მაგრამ ორი წლის შემდეგ, ნებაყოფლობით გადადგა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გაუგებრობის გამო.

2018 წლის სექტემბერში, ჯონსონმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოსახლეობას უილერთან განქორწინების შესახებ შეატყობინა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 25-წლიანი ქორწინების შემდეგ, ისინი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. განქორწინების პროცესი, საბოლოოდ, 2020 წლის ნოემბერში დასრულდა.

2019 წელს, ჯონსონმა ცხოვრება დაიწყო კერი საიმონდსთან. 2020 წლის 29 თებერვალს, წყვილმა ნიშნობის შესახებ შეატყობინა მოსახლეობას და აცნობა, რომ პირველ საერთო შვილს ზაფხულის დასაწყისში ელოდებოდნენ. ვილფრედ ლორი ნიკოლას ჯონსონი 29 აპრილს დაიბადა. 2021 წლის 29 მაისს, ჯონსონი ოფიციალურად დაქორწინდა საიმონდსზე, 30 სტუმრის თანდასწრებით. 2021 წლის ივლისში, წყვილმა საზოგადოებას შეატყობინა მეორე ორსულობის შესახებ, თუმცა კერის მუცელი მოეშალა. მიუხედავად ამ ტრაგედიისა, 2021 წლის 9 დეკემბერს, მათ შეეძინათ გოგონა - რომი აირის შარლოტ ჯონსონი.

2019 წელს, ტერეზა მეის გადადგომის შემდეგ, ჯონსონმა დაიკავა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა და  ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა.  პრემიერად არჩევიდან რამდენიმე თვეში, ჯონსონმა ბრიუსელთან ბრექსიტის თაობაზე მოლაპარაკებები დაასრულა და სწორედ მისი პრემიერობის დროს მივიდა ეს პროცესი საბოლოო წერტილამდე. 2019 წლის 12 დეკემბერს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელშიც კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა და ხალხმა მხარდაჭერა გამოუცხადა ლოზუნგს - „Get Brexit Done“ („მიიყვანე ბრექსიტი ბოლომდე“).

ამის შემდეგ, ჯონსონს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევის გადალახვა მოუხდა, რაც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრად უკეთესი სიტუაციაა და ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, კორონავირუსის გამო, ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყანა აღმოჩნდა - სიკვდილანობის მონაცემმა ასი ათასს გადააჭარბა. ამის გამო, პრემიერის მიღებულ გადაწყვეტილებებს ბრიტანეთში, დღემდე, საკმაოდ ბევრი ადამიანი აკრიტიკებს. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ჯონსონი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც კორონავირუსი ძალიან მძიმედ გადაიტანა - საავადმყოფოში საკმაოდ დიდხანს მოუხდა ყოფნა, რის გამოც ქვეყნის მართვასაც გამოეთიშა.

2022 წელს, ბორის ჯონსონი ევროპის ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც დაუჭირა მხარი უკრაინას და მისი დახმარება გადაწყვიტა. ამასთან, ჯონსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაუწესა და დააყადაღა ყველა იმ რუსი ბიზნესმენის ქონება, რომლებიც ამ დრომდე, ლონდონში ცხოვრობენ. სანქცია შეეხო „ჩელსის“ გუნდის მფლობელ რუს ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩსაც.

ჯონსონი იყო ერთ-ერთი გამორჩეული ევროპელი ლოდერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს პუტინის გეგმების შესახებ შეატყობინა. სამწუხაროდ, მისი პროგნოზი გამართლდა.

ვშიშობ, გეგმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, განკუთვნილია რაღაც ისეთისთვის, რაც შესაძლოა, ნამდვილად გახდეს უდიდესი ომი, 1945 წლის შემდეგ ევროპაში, მხოლოდ მასშტაბების თვალსაზრისით, - ამბობდა ჯონსონი.