გიორგი გუგავა: „დავრჩით მარტოობაში და თვითგვემა გამოგვდის“ - რატომ გადაწყვიტა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ავტორი: თათია გოჩაძე

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ე.წ. ბოიკოტირების ბოლო ბასტიონიც ინგრევა - პარლამენტში, შესაძლოა, შალვა ნათელაშვილიც შევიდეს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამ თემაზე სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს. „მას შემდეგ, რაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლით აზრი დაუკარგა ბოიკოტს, ფიქრობთ თუ არა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი და შესაბამისად, მე შევიდე პარლამენტში?" - კითხულობს ნათელაშვილი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებული ერთი მანდატი გამოყენებაზე 6 იანვარს ალაპარაკდა.

ნათელაშვილის ამ პოზიციას უკვე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გიორგი ხელაშვილი, რომელმაც განაცხადა:

ყველაფერი ჯდება კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. შესაბამისად, თუ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი“.

რატომ დაიწყო ფიქრი საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა, რომელიც ამ გადაწყვეტილების გამო, კოლეგებს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდა? -  „ვერსია“ ლეიბორსტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავას ესაუბრა:

 

- ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ გეტყვით, რამ გამოიწვია ამაზე ფიქრი - ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგები ვიყავით, რომ საერთო ოპოზიციური ფრონტი შემდგარიყო. ბოიკოტირება ინსტრუმენტი იყო, რათა მიგვეღო ახალი არჩევნები, რაც უმტკივნეულო საშუალება იქნებოდა, რომ არ გვეპატიებინა გაყალბებული არჩევნები და არალეგიტიმური პარლამენტი. მოგეხსენებათ, დაირღვა ეს შეთანხმება და ხელი მოაწერეს ე.წ. მიშელის დოკუმენტს, მაგრამ ჩვენ მაინც დავრჩით ბოიკოტში იმ იმედით, რომ ნახავდნენ, რა მძიმე შედეგი დადგებოდა და მართლაც, ასე მოხდა. მმართველმა ძალამ არ შეასრულა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთი მუხლიც, გააყალბეს თვითმმართველობის არჩევნებიც და ამ შემთხვევაშიც გვეგონა, რომ შეიძლებოდა, საერთო ბოიკოტირება შემდგარიყო, რადგანაც პირობებს არ ასრულებს ხელისუფლება. თუ ბოიკოტი საერთო ოპოზიციური არაა, სამწუხაროდ, მნიშვნელობას კარგავს. ეს ჩვენი აკვიატება ხომ არაა? - პოლიტიკური ინსტრუმენტია და აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ფიქრი, რომ ჩვენს პარტიას გამოეყენებინა ეს ტრიბუნა, თუნდაც მხილებისთვის, რათა პირდაპირ გვეთქვა სათქმელი. ამასთან დაკავშირებით, დავიწყეთ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტიკური კომიტეტი. გამოკითხვა სოციალურ ქსელში, შალვა ნათელაშვილის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს.

- გამოკითხვის არსებული მონაცემებით, პარლამენტში შესვლის მომხრეები სჭარბობენ თუ მოწინააღმდეგეები?

- ამ გამოკითხვას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და უმეტესობა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლას მოითხოვს. ხმები ბოლოს დაითვლება, გაანალიზდება და უახლოეს დღეებში, გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.

- ბატონო გიორგი, საპარლამენტო უმრავლესობაში ნათელაშვილის საპარლამენტო უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტაზე მიანიშნეს...

-  ეს იმას ნიშნავს, რომ შეშფოთდნენ, შალვა ნათელაშვილის იმდენად შეეშინდათ, რომ წინასწარ დაიწყეს განცხადებების გაკეთება, შევუზღუდავთ უფლებამოსილებასო. პოლიტიკური ბოიკოტი მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა და გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობითაც. ეს გაცდენა და სამუშაოზე არსიარული კი არა, პოლიტიკური პოზიცია იყო იმ გაყალბებული არჩევნების გამო, რასაც ხელისუფლება სჩადის. იმდენად შოკში ჩავარდნენ, რომ რეპრესიული ღონისძიებების გატარება დაიწყეს, რაც ჩვენს მიმართ არახალია. ალბათ, გახსოვთ, ამ ბოიკოტირების გამო, წაგვართვეს კომისიის წევრების დანიშვნის უფლება 3800 უბანზე, წარმომადგენლების დაფინანსება შეგვიწყვიტეს, სარეკლამო დრო შეგვიზღუდეს და ა.შ. პერსონალური სანქცირება მოუწყვეს ჩვენს პარტიას!

- ამ დრომდე, შალვა ნათელაშვილი მკაცრად გამორიცხავდა პარლამენტში შესვლას და თქვენც, ჩემთან ინტერვიუში, უმწვავესად აკრიტიკებდით ოპოზიციას პარლამენტში შესვლის გამო, მოსყიდულსა და მოღალატეს ეძახდით... ახლა პოზიცია რატომ შეიცვალეთ?

- ახლაც იმავე პოზიციაზე ვარ! რომ შემდგარიყო საერთო ბოიკოტირება, შესაძლებელი იქნებოდა რეჟიმის უმტკივნეულოდ ჩამოშლა, მივიღებდით ახალ არჩევნებს და გამარჯვებული გამოვიდოდა ოპოზიცია, მაგრამ როგორც ნახეთ, ეს ბოიკოტირება არ შედგა და ჩვენ დავრჩით მარტოობაში ანუ თვითგვემა გამოგვდის, რადგან ამის გამო ჩვენ დავისაჯეთ! პარტია ფუნქციონალური ორგანიზაციაა და მას გარკვეული საშუალება სჭირდება, რომ იმოქმედოს და შედეგს მიაღწიოს. ოპოზიციას კი ყველაფერ ამაზე დიდი რეაქცია არ ჰქონია და ერთადერთი, ოფიციალურად დასჯილი, აკრძალული პარტია ვართ! ერთი არჩევნები გაყალბდა, მეორე არჩევნები გაყალბდა, შარლ მიშელის დოკუმენტი თავზე გადაახიეს და მაინც ვერ გამოვიდნენ!.. სამწუხაროდ, მარტოობაში გამოვდივართ დასჯილი, ამიტომ დავიწყეთ ფიქრი, ხომ არ გამოვიყენოთ ეფექტურად ტრიბუნა მხილებისა და ჩვენი იდეების შესაბამისი კანონპროექტების წარდგენისთვის? იმის ილუზია არ გვაქვს, რომ რიხინ-რიხინით გავა ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივები, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. შემიძლია, ამის მაგალითი მოგიყვანოთ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით - მთელი ახალი წლის დღეებში, პრაქტიკულად, არ დაგვისვენია და ვიბრძვით ამ საკითხთან დაკავშირებით (ორ-ორი ქვითარი რომ მოვიდა და ტარიფები გაიზარდა), რის შედეგადაც შევაჩერებინეთ ანუ 2 ქვითარი ვისაც მიუვიდა და არ გადაუხდია, ელექტროენერგიას არ შეუწყვეტენ! დღეს გამოაცხადეს, რომ სუბსიდირება აღდგება, რაც ჩვენი დამსახურებაა და ა.შ.

დღეს რომ გამოაცხადონ ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო ბოიკოტირება, პირველი მედროშეები ჩვენ ვიქნებით...

- ისე, ნაციონალურ მოძრაობაშიც მსჯელობენ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტაზე...

- მნიშვნელოვანი იქნებოდა საერთო ბოიკოტირება, მაგრამ არ შედგა და რა ვქნათ?! მარტო ჩვენი ბოიკოტირება რომ რამეს შველოდეს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებდით, მაგრამ ასე არ არის...

- ბატონო გიორგი, თქვენი ამომრჩევლის თვალით შეხედეთ ამ პროცესს - აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარ პრინციპზე უარის თქმა არ გამოდის ნათელაშვილისა და თქვენი პარტიის მხრიდან?

-  პრინციპზე უარის თქმა როგორ გამოდის, როდესაც ვამბობთ, რომ ბოიკოტირება არის ინსტრუმენტი, რათა მიგვეღო ახალი არჩევნები?! მარტო დავრჩით ამ ბოიკოტირებაში და როგორაა ეს, პრინციპზე უარის თქმა?! შეგიძლიათ, განწყობა ნახოთ იმ გამოკითხვაში. რამდენიმე ათასი ადამიანის პოზიციაა დაფიქსირებული და, პრაქტიკულად, ერთსულოვანი მხარდაჭერაა, რომ შევიდეს პარლამენტში და სიმართლე უთხრას ხელისუფლებას პირში. ამის მთქმელიც არავინ დარჩა პარლამენტში, მე რომ მკითხოთ.

- კეთილი... მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, პარტიის ხელმძღვანელ პოსტებზე დიდი გადალაგებაა და როგორც ამბობენ, მწვავე საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადებიან... ამ პროცესს როგორ აფასებთ?

- ვერ დავიწყებ პარტიის შიდა პროცესების შეფასებას, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. ლეიბორისტული მოძრაობა სოციალური სამართლიანობის მემარცხენე-ცენტრისტული პარტიაა, ეს ორი პოლიტიკური ძალა კი - „ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა, ერთი ხის სხვადასხვა განშტოებაა. მათ პოლიტიკასა და დამოკიდებულებას შორის განსხვავება არ არის. ის პოლიტიკა გრძელდება, რომელმაც დააქცია ქვეყანა! უბრალოდ, ამათ მოდერნიზება გააკეთეს, გნებავთ, არჩევნების გაყალბების, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის, რაც იწვევს ხალხის გაღარიბებას, მართლმსაჯულების ჩამოშლას, პოლიტიკური ბალანსის დარღვევას. ამ პოლიტიკას წინა ხელისუფლებაც ახორციელებდა და დღევანდელიც! დენის ტარიფების გაძვირება იმათ დაიწყეს და ამათ გააგრძელეს ანუ მათ შორის იდეური განსხვავება არ არსებობს, ისინი მხოლოდ ადგილისთვის იბრძვიან და ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში არსებითაც შეიცვალოს პოლიტიკური სისტემა; სიკეთე და დოვლათი, რაც ქვეყანას გააჩნია, სამართლიანად გადანაწილდეს მოსახლეობაზე, რაც განაპირობებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და თავისუფალი მართლმსაჯულების შექმნას, ქვეყნის სტაბილურობას და ა.შ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, მართალია, ის პოლიტპატიმარია და მისი განთავისუფლება ერთ-ერთმა პირველებმა მოვითხოვეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოა, მაგრამ გვერდით რომ ჰყავდეს მას დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინ იქნებოდა სამართლიანობა. მიკერძოებული სამართლიანობა ხორციელდება და იმიტომაცაა ის პოლიტპატიმარი, მაგრამ მისმა ჩამოსვლამ, გარკვეულწილად, გააძლიერა ეს ხელისუფლება. შუაში გაყვეს პოლიტიკური ველი...

- მოკლედ, სააკაშვილის ჩამოსვლამ პარტიების ე.წ. შუა გაკრეფის პროცესი გააძლიერა, არა?

-  ორივე პოლიტიკური ძალა ამას ხელს უწყობს. მათი მიზანია, გაიყონ პოლიტიკური ველი, ეძიძგილაონ ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს კვებავენ და რაც უფრო აქტუალური იქნება მიხეილ სააკაშვილი, მით გადაფარავს ხელისუფლება იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. სიღარიბე კატასტროფული შედეგებით იზრდება, ამ ერთ წელიწადში, 120 000-ით გაიზარდა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანთა რაოდენობა და მილიონს გადააჭარბა. არის ერთი პატარა მდიდარი ფენა, დანარჩენები კი სიღარიბესა და სიღატაკეში ვართ. სოციალური უფსკრული ამ ფენებს შორის იზრდება და ეს საკითხები რომ გადაიფაროს, მიდის ძიძგილაობა ერთმანეთს შორის. სამწუხაროდ, საზოგადოების საკმაოდ სოლიდური ნაწილი ამასაა აყოლილი და ამით ხდება ბიპოლარული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, რომლებიც ერთმანეთს კვებავენ.

- ბატონო გიორგი, თვეების განმავლობაში, თქვენი პარტიის ოფისში ვხედავდით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც სხვა პარტიებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საერთო მოლაპარაკებაში. ახლა რატომ გაემიჯნეთ ენმ-ს და ამ პარტიის მიმართ თქვენი პოზიცია რატომ გამწვავდა?

- ჩვენ ყოველთვის გამიჯნული ვიყავით. იმ საერთო ოპოზიციურ შეკრებებში მხოლოდ ენმ კი არა, მთელი ოპოზიციური სპექტრი იყო, შეკრების მიზანი კი ის გახლდათ, რომ მიგვეღო პროპორციული საარჩევნო სისტემა და შეთანხმებას მივაღწიეთ. 30%-მდე ჩამოვიყვანეთ და მომავალში სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება არჩევნები... მეორე მიზანი იყო პოლიტპატიმრების განთავისუფლება, რასაც ასევე მივაღწიეთ. შემდეგ, როცა ბოიკოტირება იყო საჭირო, იქ დაარღვიეს პირობები და წარმოაჩინეს სახე. ჩვენ მათთან კოალიციაში არასდროს ვყოფილვართ და ჩვენს შორის მუდმივად იყო ის განსხვავებები, რაც დღეს არის.

- რა პოზიცია გაქვთ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ანუ რომ დაიწყოს ენმ-მ აქციები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, ლეიბორისტული პარტია შეურთდება?

- ესაა ფარსი და ამ მოთხოვნით აქციას ჩვენ არ შევუერთდებით!