ოპოზიციის და მმართველი პარტიის სარჩევნო მზადება - რა ხდება პოლიტიკაში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ახალი, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ხმის მიცემის თარიღი ახლოვდება და წინასაარჩევნო კამპანიები სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედისმოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ამ უკანასკნელის ნაწილმა კი ალიანსები შექმნეს. „ვერსიამოგიყვებათ, თუ რა ხდება ქართულ პოლიტიკაში და როგორ ემზადება ქვეყანა საარჩევნოდ.

საარჩევნო მზადებაქართულ ოცნებაში

„ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირადად ჩაერთო. საარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან 21 აგვისტოს ქალაქ მცხეთიდან დაიწყო.

„26 ოქტომბერს გავიდეთ არჩევნებზე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ უნდა დაამარცხოს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც მისი განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვისაა აუცილებელი.

15 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” დელეგატები წარადგინა. ეს 22 ადამიანი გაუძღვება საარჩევნო კამპანიას რეგიონებში, მათ გარანტირებული ექნებათ ადგილები მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ თავიანთ საარჩევნო ოლქებში საუკეთესო შედეგის მიღების შემთხვევაში, ისინი აუცილებლად მოხვდებიან პარლამენტში. 22 დელეგატიდან მხოლოდ რამდენიმეა “ახალი სახე” - 15 დელეგატი არის მოქმედი დეპუტატი ოთხი - საჯარო მოხელე, ერთი - მოქმედი დეპუტატის შვილი და ერთიც - მომღერალი.

შალვა პაპუაშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გარდამტეხი და საჭიროა სიმტკიცე.

"ვხედავთ, რომ ზოგიერთმა, ვინც ოჯახში მეგობრად მივიღეთ, ჩვენი ცხოვრების განკარგვა მოინდომა. 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია, რომელზეც ხალხმა იმდენად მძლავრად უნდა თქვას, რომ ირჩევს მშვიდობას და არა ომს, ოჯახურ ღირებულებებს და არა ლგბტპროპაგანდას, სარწმუნოების პატივისცემას და არა ეკლესიის გმობას, რომ ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი"

ირაკლი კობახიძის თქმით, კი 26 ოქტომბერს ტარდება ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის მქონე რეფერენდუმი, როგორიც 2012 წელს ჩატარდა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს განვითარება უნდა გაგრძელდეს.

„ყველაფერი თითოეული თქვენგანის ხელშია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 26 ოქტომბერს იმართება გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ომზე მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს მშვიდობა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი"

მმართველი პარტიის წევრები არ გამოირჩევიან ახალი დაპირებების დაანონსებით და ძირითად აქცენტებს კვლავ არსებულ მიღწევებზე აკეთებენ.

რა ხდება ოპოზიციაში - ვინ ვისთან გაერთიანდა და რა სახელით?

8 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დააარსეს პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“. მასში შედიან როგორც ამ ორი პარტიის წევრები, ასევე, აქამდე დამოუკიდებელი პოლიტიკური და საჯარო ფიგურები: თამარ კორძაია (დამოუკიდებელი დეპუტატი), გია ჯაფარიძე (პოლიტოლოგი), ლაშა ბაქრაძე (ისტორიკოსი), არმაზ ახვლედიანი (დამოუკიდებელი დეპუტატი) და სხვები. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა ხატია დეკანოიძე.

საჯარო რეესტრის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახელია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“.

10 ივლისს „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას „ახალთან“ გაერთიანდნენ.  „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - ისინი ასე იქნებიან საარჩევნო ბიულეტენში წარმოდგენილნი.

მოგვიანებით კი „ლელო“ ალიანსში შევიდა პარტიებთან: „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“. მათი ახალი სახელია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“

ორივე შემთხვევაში გაერთიანება არა იმდენად იდეოლოგიური, არამედ ტაქტიკური მოსაზრებით მოხდა: ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში მათი ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს.

 „ქართული ოცნების“ მსგავსად, მოსახლეობას ოპოზიციური გაერთიანებების წარმომადგენლებიც ხვდებიან. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ კოალიციური ერთობებით მოქალაქეებს აქვთ არჩევანი, ხმა მათთვის სასურველ გუნდს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია მოსახლეობის პრობლემებს არ იცნობს და რეალური საჭიროებებიდან ფოკუსი სხვა თემებზე, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გადააქვს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა გარშემოც ახალი გაერთიანებები საარჩევნოდ შეიქმნა, სახელების შეცვლა უწევთ - ბლოკების აკრძალვისა და „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში შარშან შეტანილი ცვლილებების გამო.  პარტიისთვის სახელის შეცლის პროცედურა 26 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

საჯარო რეესტრისა და ცესკოს მიერ დადგენილ ვადებს თუ გავითვალისწინებთ, პარტიებს პრაქტიკულად დრო აღარ რჩებათ იმისთვის, რომ სახელის შეცვლის პროცედურა ახლა წამოიწყონ. შესაბამისად, თუკი სამომავლოდ რაიმე სახის გაერთიანება შედგება, ეს ფაქტი გაერთიანების სახელში ვერ აისახება.

ალიანსებს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას იორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. მათ იმედი აქვთ, რომ სხვებთან გაერთიანების გარეშეც შეძლებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას.

დამოუკიდებლად იყრის კენჭს „გირჩიც“. იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის პარტია.

მას შემდეგ, რაც აპრილში საჯარო რეესტრმა ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეულ მოძრაობა „ალტ-ინფოს“ პარტიის რეგისტრაცია გაუუქმა, მოძრაობის ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ თქვა, რომ ისინი „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად გამოვლენ საპარლამენტო არჩევნებზე.

ჯერ კიდევ უცნობია, მიიღებენ თუ არა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ახლად დაარსებული პარტია „ფედერალისტები“ . საარჩევნოდ ახალი პარტიის დარეგისტრირება უკვე დაგვიანებულია, ამიტომ, „ფედერალისტები“ ამბობენ, რომ სექტემბრამდე შეატყობინებენ მხარდამჭერებს გეგმების შესახებ. ისინი ან რომელიმე ალიანსს შეუერთდებიან, ან თავად არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და საჯარო მხარდაჭერას გამოუცხადებენ რომელიმე ძალას.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი