როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან შოვის ტრაგედიის მსგავსი ტრაგედიები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

3 აგვისტოს, შოვში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა შეიწირა არაერთი ადამიანის სიცოცხლე. დაღუპულთა შორის მცირეწლოვნებიც არიან, ზოგ დაკარგულს კი ამ დრომდე ვერ პოულობენ... გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა პირველადი დეტალური დასკვნა მომხდართან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ღვარცოფის წარმოქმნის მიზეზი მყინვარის დნობა გახდა...

რა პროცესებმა განაპირობა შოვის ტრაგედია და რა სახის პრევენციული ზომების გატარებაა აუცილებელი მსგავსი კატაკლიზმების დროს, მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად? - „ვერსია“ გეოფიზიკის მიმართულების პროფესორს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დამაარსებელ ზურაბ ჯავახიშვილს ესაუბრა.

 

- ბატონო ზურაბ, მკითხველისთვის ადვილად გასაგები რომ იყოს, აგვიხსენით, რა წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში, შოვის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით?

-  დიახ, აგიხსნით, თუმცა მანამდე აღვნიშნავ, რომ ამის ვარაუდი მაშინვე გამოითქვა. დასკვნამდე ერთი-ორი დღით ადრე, სოციალურ ქსელშიც დაწერეს ჩვენმა კოლეგებმა, რა მოხდა და რა გახდა ძირითადი მიზეზი - მყინვარების ინტენსიური დნობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ მყინვარების დნობამ გააძლიერა საფრთხე, რადგან მყინვარების დნობის გამო, იქმნება მყინვარული ტბები მყინვარის შუაში, ან ნაპირზე. რამე მოვლენის გამო, ტბის ნაპირი-ჯებირი შეიძლება ჩამოიშალოს, წყალმა მყინვარის ძირში ქვა-ღორღი და დანალექი მასა ერთად წამოიღოს.

ეს დასკვნა გვეუბნება, რომ მყინვარზე, საიდანაც მდინარე ბუბისწყალი გამოდის, კლდე ჩამოიშალა, ყინული ჩამოანგრია, სავარაუდოდ, იქაც ტბა იყო გაჩენილი და ეს ჩამონგრეული მასა, წყალთან ერთად, ძალიან დიდი სისწრაფით წამოვიდა ხეობაში. ეს ადგილები სავსეა ისეთი მასალით, რომლითაც ღვარცოფი იქმნება, გამოფიტულ-დანაწევრებული ქანებით და ეს მასალა წყალმა წამოიღო.

გარდა ამისა, ამბობენ, რომ რადგანაც ეს მეწყრული ადგილებია, ღვარცოფმა ერთი-ორგან მეწყრული პროცესებიც გამოიწვია, დაემატა მეწყრული მასა და ამ მდინარის სიგრძე, დაახლოებით, 9 კილომეტრია, ჩამოვიდა და დაფარა გარკვეული ტერიტორია.

- რამდენად იყო მოსალოდნელი ეს კატასტროფა?

- ასეთი კატასტროფა, ზოგადად, მოსალოდნელი იყო... მსგავსი მყინვარული ღვარცოფი იყო, მაგალითად, დევდორაკის - 2014 წელს; ნენსკრას ხეობაში, როდესაც 2018 წელს, ხიდები დაანგრია და გზები წაიღო; მესტიაჭალაში, როდესაც ჰესი ააშენეს, ორჯერ დაანგრია... კიდევ შეიძლება მაგალითების მოყვანა და მსოფლიოშიც ხშირად ხდება - ამას მყინვარული ტბის ამოფრქვევასაც კი უწოდებენ. ამიტომ, ასეთი მოვლენა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო.

- მყინვარული მდინარეების მსგავსი სახიფათო ზონები კიდევ სადაა საქართველოში და რა უნდა გავითვალისწინოთ მსგავსი კატასტროფების თავიდან ასარიდებლად?

- მყივარული ზონები საკმაოდ ბევრია, განსაკუთრებით,  დასავლეთ კავკასიონში - სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგამდე თვითონ მყინვარწვერიც - მყინვარია. აღმოსავლეთით უკვე მყინვარული მდინარეები აღარაა. გარკვეული საფრთხეები და ღვარცოფები არამყინვარულ ზონებშიცაა, მყინვარული ზონები კი, კლიმატის ცვლილების ფონზე, დამატებით საფრთხეს ქმნის.

როცა საუბრობენ და დასკვნაშიც წერია, რომ 100 წელია, შოვში, ბუბისწყალზე ღვარცოფული ნაკადი არ ყოფილა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს საფრთხე გაიზარდა ბოლო 10 წელიწადში.

- რატომ?

- მყინვარების დნობა ძალიან ინტენსიური გახდა და ეს გასათვალისწინებელია. საერთოდ კი, ეს რეგიონი ღვარცოფებისა და მეწყერების საფრთხეებით ცნობილია. რაჭაში მიწისძვრებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი საფრთხეა, მაგრამ საბედნიეროდ, ძლიერი მიწისძვრები იშვიათად ხდება. მეწყრები კი ძალიან ხშირია. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის ბოლო წლების ანგარიშები რომ წავიკითხოთ, ვნახავთ, რამდენჯერ წაიღო ხიდი, გზა ჩამოშალა ღვარცოფებმა და მეწყრებმა.

- რა უნდა იყოს პრევენციის პირველი ნაბიჯები?

- ასეთი კატასტროფული მოვლენებისგან ადამიანების დასაცავად, მშენებლობის ადგილი უნდა შეირჩეს სწორად. ბევრ სხვა რამეზე ამახვილებენ ყურადღებას, ვერტმფრენის არქონაზე, მონიტორინგის ადრეული შეტყობინების სისტემაზე... მაგრამ

________________________

________________________

ტრაგედიის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ კოტეჯები არასწორ ადგილზე იყო აშენებული - მდინარის კალაპოტში!

_________________________

_________________________

ყველა გეოლოგი აღნიშნავდა, რომ ეს კოტეჯები იყო მდინარის კალაპოტში აშენებული, რაც არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება! არ აქვს მნიშვნელობა, რომ რამდენიმე ათეული წელი არ ყოფილა წყალდიდობა, ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება.

ბევრჯერ გაისმა ასეთი ფრაზა - კომუნისტების დროსაა აშენებული, მაშინ ყურადღებას აქცევდნენ და ხომ არ ააშენებდნენო? - მითია ეს! არ იყო საბჭოთა კავშირი ის ადგილი, სადაც სწორად აშენებდნენ, ან გარემოს დაცვასა და ადამიანის უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ. ეს შენობები, 60 წლის წინ, არასწორად აშენდა, რამაც მოიტანა ეს ტრაგიკული შედეგი. შენობები სწორ ადგილას რომ აშენებულიყო, იქნებოდა უდიდესი ღვარცოფი, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, არავინ დაღუპულიყო.

დანარჩენს რაც შეეხება, სამაშველო სამსახური საჭიროა მას შემდეგ, რაც მსგავსი რამ მოხდება. პრევენციის მთავარი პრინციპი კი ისაა, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედია.

- მონიტორინგის ადრეული შეწტყობინების სისტემაზე რას იტყვით, აპრობირებული მეთოდია მსგავსი კატასტროფების თავიდან ასარიდებლად?

- ამ დასკვნაშიც წერია, რომ 8-10 წუთში, მყინვარიდან ეს მასა უკვე შოვში იყო. დაახლოებით, 9 კილომეტრი გაიარა ამ დროში, რაც ძალიან დიდი სიჩქარეა, მაგრამ 8 წუთში ნელი სიარულითაც კი 500 მეტრს მაინც გაივლი. იქ კი სრულიად უსაფრთხო ადგილზე გასასვლელად, მაქსიმუმ, 100 მეტრიც არაა საჭირო ანუ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, ადამიანები მოასწრებდნენ სამშვიდობო ადგილზე გასვლას, რომ სცოდნოდათ, რაც ხდებოდა. გეოლოგიური დეპარტამენტის ნაშრომებში მითითებულია და მუნიციპალიტეტებსაც კი დაურიგდათ, მგონი, 2017 წელს, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამით გარკვეული ანგარიშები, სადაც კატასტროფებზეც იყო ლაპარაკი და რუკებიც იყო ჩადებული. ამ რუკებზე პირდაპირ მონიშნულია, რომ შოვში ღვარცოფის ტიპის საშიშროება არსებობს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას, მოსახლეობას, ბიზნესმენებსაც, რომლებსაც ეს სასტუმროები ჰქონდათ, რაღაც უნდა ეღონათ და რაც მთავარია, რა თქმა უნდა, სასტუმროს არცერთ მეპატრონეს არ უნდა,  დამსვენებლები გააფრთხილოს, რომ ეს არის ადგილი, სადაც მეწყერი და ღვარცოფი ხდება ხშირად. დარწმუნებული ვარ, არცერთ დამსვენებელს ეს რუკა ნანახი არ ექნებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

- თქვენი რეკომენდაციაა, რომ მსგავს სახიფათო ზონებში დამსვენებლებს მიეწოდოს ინფორმაცია შესაძლო ხიფათის შესახებ?

- ინფორმაცია რომ გაავრცელონ, შესანიშნავი ადგილია, მაგრამ აქ არის გარკვეული საფრთხე, ეს შეამცირებდა დამსვენებლების რაოდენობას. თუმცა, მეორე მხრივ, ეს აიძულებდა მეპატრონეებს, ადრეული გაფრთხილების სისტემა დაენერგათ.

- როგორ ფუნქციონირებს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა?

- მდინარეში წყლის დონე იზომება და მკვეთრი ცვლილების, ზრდის შემთხვევაში, სიგნალი იგზავნება - ელექტრომაგნიტური ტალღა სინათლის სიჩქარესთან გაცილებით სწრაფად მოძრაობს, ვიდრე წყლის, ან ღვარცოფის მასა და შესაბამისად, რამდენიმე წუთია იმისთვის, რომ უსაფრთხო ადგილას გავიდეს ადამიანი.

გარდა ამისა, ამგვარი ტიპის სასტუმროებში რომ მიდის დამსვენებელი, უნდა უთხრან, თუ განგაში ჩაირთო, ბორცვზე უნდა ახვიდეთო. როგორც ხანძრის შემთხვევისთვისაა საევაკუაციოდ ნახაზები; როგორც თვითმფრინავში გვაფრთხილებენ, როგორ უნდა მოვიქცეთ ავარიის დროს, დაახლოებით, ასეთი სქემა უნდა იყოს იმის მიხედვით, სად, როგორი ხიფათია.

- ბატონო ზურაბ, ვერტმფრენით პატრულირება არის მონიტინგის ქმედითი გზა პრევენციისთვის?

- ამ შემთხვევაში, ვერტმფრენით პატრულირება ვერ გვიშველიდა, მაგრამ მეორე მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ სატელიტური სურათების მუდმივი დამუშავება, მაგალითად, იმის აღმოჩენა, რომ ტბა გაჩნდა მყინვარში და გარკვეული ხიფათია მოსალოდნელი, ამის გაკეთება უფრო რეალური მგონია - მყინვარებზე დაკვირვება სხვადასხვა თანამედროვე მეთოდით.

 ავტორი: თათია გოჩაძე