მოლდოვის პარლამენტმა პრორუსული პარტიის ლიდერებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

31 ივლისს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერებს ხუთი წლით უკრძალავს არჩევნებში მონაწილეობას. გასულ თვეში პარტია საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო.

მეორე წაკითხვით მიღებულ იქნა მმართველი პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ (PAS) დეპუტატების, იგორ კირიაკისა და ვერონიკა როშკას მიერ ინიციირებული ცვლილებები, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვების ვადის 3-დან ხუთ წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

„ეს მნიშვნელოვანი პროექტია მოლდოვის რესპუბლიკის პოლიტიკიდან ამ მოვლენის, ამ კორუმპირებული და დანაშაულებრივი სიმსივნის აღმოსაფხვრელად,“ თქვა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ კანონის მიღების შემდეგ.

აკრძალვა ეხება არაკონსტიტუციურად მიჩნეული პარტია „შორის“ იმ წევრებს, რომლებიც შედიოდნენ აღმასრულებელი ორგანოების შემადგენლობაში, არჩევითი თანამდებობები ეკავათ, ან იყვნენ ალტერნატიული კანდიდატების სიებში.

კანონპროექტი სხვა აკრძალვებსაც ითვალისწინებს. უკანონოდ გამოცხადებული პარტიის ატრიბუტიკას არჩევნებში ვეღარ გამოიყენებენ სხვა პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო ბლოკები და სხვა საარჩევნო სუბიექტები.

თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისია დაადგენს, რომ პარტია „შორის“ ატრიბუტებს რომელიმე ბლოკი ან კონკურენტი გამოიყენებს არჩევნებში, ცესკოს შეეძლება მათ უარი უთხრას არჩევნებში მონაწილეობაზე.

პარტია PAS-ის დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტმა პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ხელი შეუშალოს პარტია-კლონების გაჩენას.

ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად სისხლის სამართლის კოდექსი შეივსო ორი დანაშაულით:

პასიური პოლიტიკური კორუფცია - საჯარო პირის მიერ საქონლის, სერვისების, პრივილეგიების ან შეღავათების ნებისმიერი სახით მოთხოვნა, დაშვება ან მიღება ერთი პოლიტიკური გაერთიანებიდან გამოსვლის ან სხვა გაერთიანებაში შესვლისთვის. სასჯელი ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას 300 ათასი ლეის ოდენობით;

აქტიური კორუფცია - საჯარო პირისთვის არჩევნების შედეგად მიღებული მანდატის აღსრულებისას საქონლის, სერვისების, პრივილეგიების ან შეღავათების დაპირება ან შეთავაზება პოლიტიკური გაერთიანების დატოვების ან სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში შესვლისთვის. სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას 200 ათას ლეის ოდენობით.

კანონპროექტი PAS-ის 54 დეპუტატის ხმებით იქნა მიღებული. ფრაქცია „შორი“ ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის სხდომებს, კომუნისტებისა და სოციალისტების ფრაქციამ კი პლენარული სხდომა ბოიკოტის ნიშნად დატოვა, ვინაიდან არ მიიღეს მათი საკანონმდებლო ინიციატივები.

კანონპროექტი PAS-ის დეპუტატებმა წარადგინეს პარლამენტში 10 ივლისს და ოთხი დღის შემდეგ ის საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი წაკითხვით მიიღო.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საჯარო კონსულტაციებზე გააკრიტიკეს PAS-ის ინიციატივა. მათი თქმით, პარტია „შორის“ წარმომადგენლები - მერები, ადგილობრივი საბჭოების დეპუტატები ან ალტერნატიული პარტიული სიების კანდიდატები - არ უნდა დაისაჯონ ამ პარტიის ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

პარტია „შორის“ პოლიტიკური აკრძალვისთვის საფუძველი შეიქმნა მას შემდეგ, რაც 19 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრორუსული პარტია კონსტიტუციასთან შეუსაბამო საქმიანობას ეწევა.

მოლდოვის პროდასავლურმა მთავრობამ პარტია „შორის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის ნოემბერში მიმართა. მთავრობა ამტკიცებდა, რომ პარტია მიზნად ისახავდა მოლდოვის დესტაბილიზაციას რუსეთის დახმარებით.

„შორის“ აკრძალვის საკითხი შეისწავლა ვენეციის ვენეციის კომისიამ, რომელმაც 2022 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ პარტიის აკრძალვა „უკიდურეს ზომას“ წარმოადგენს და მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა სხვა საშუალების ამოწურვის შემთხვევაში.

„შორის“ ლიდერი, ილან შორი, მოლდოვიდან გაიქცა 2019 წელს, როცა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მოლდოვური წყაროების თანახმად, სასამართლომ მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვაში მონაწილეობისთვის.

ივნისში, რამდენიმე დღეში მას მერე, რაც ოლიგარქ ილან შორის პარტია კანონგარეშე გამოცხადდა, მან თქვა, რომ შექმნა პოლიტიკური ბლოკი ანალოგიური დასახელებით - „Șansă, Obligații, Realizări“ („შანსი, მოვალეობები, რეალიზაციები“), შემოკლებით - შ. ო. რ.

პარტიის აკრძალვის შემდეგ „შორმა“ განაცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას არ გეგმავს და ბრძოლას „რამდენიმე ფორმულის“ დახმარებით გააგრძელებს. 31 ივლისს მოლდოვის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სავარაუდოდ სწორედ ამ „ფორმულების“ აღკვეთასაც ისახავს მიზნად.

ილან შორი დისტანციურად, მაგრამ - აქტიურად არის ჩართული საპროტესტო განწყობების შექმნაში, რომლის ძირითადი მიზანი არის პროევროპული ორიენტაციის პრეზიდენტის, მაია სანდუს გადაყენება.

რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკოსის მიერ ორგანიზებულმა აქციებმა 2022 წელს პერმანენტული სახე მიიღო. შარშან ისინი ყოველ კვირა დღეს იმართებოდა და გარკვეული პერიოდულობით ახალ ძალებს იკრებდა.

„შორი“ პრორუსული პოლიტიკური ძალაა, რომელსაც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციები აქვს დაწესებული კრემლის ინტერესებით მოქმედების გამო.

2022 წლის ოქტომბერში აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქებს, ილან შორსა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკს, სანქციები დაუწესა მოქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან, მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან, რასაც კრემლი უჭერდა მხარს. აშშ-ის მასშტაბით გაიყინა მათი აქტივები.

2022 წლის დეკემბერში მოლდოველ ოლიგარქებს იმავე ტიპის სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა.

მოლდოვაში „შორის“ იდეური მხარდამჭერები არიან კომუნისტები და სოციალისტები, რომლებსაც პარლამენტში 30-ზე მეტი მანდატი აქვთ.

ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში სხვადასხვა დროს აიკრძალა არაერთი პოლიტიკური ძალა, რომელთა დიდი ნაწილი საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას.