ნადირობა კუდიანებზე ანუ რატომ ვეძებთ ბნელ ოთახში ისევ შავ კატას

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ის, რომ რუსეთი მტერი და ჩვენი ოკუპანტია, ბრალდება კი არა, რეალობაა, მაგრამ ზოგიერთები ცდილობენ, ჩრდილოელი მეზობელი ანგელოზად წარმოაჩინონ და ყველაფერში დასავლეთი - ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულონ, მაგრამ იმის დაჯერება, რომ მთელი მსოფლიო საქათველოს განადგურებაზე ოცნებობს, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა.

ასეა თუ ისე, ღვთისმშობლის წილხვედრში „კუდიანებზე ნადირობა“ ისევ აქტუალურია. მართალია, ამ მხრივ ჯორჯ სოროსი აქტუალური აღარ არის, მაგრამ იყო დრო, როცა ერთ-ერთ „მთავარ კუდიანად“ ითვლებოდა. სოროსის „გაიჩითვამდე“ კი საქართველოში და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში „ეშმაკის მოციქულად“ ალენ დალესს მიიჩნევდნენ ანუ გარკვეული „ტიპები“ ირწმუნებოდნენ, რომ „დიად საბჭოთა სამშობლოს“ დალესი ებრძოდა. მეტიც, 90-იანი წლების დასაწყისში, ესე იგი, მაშინ, როცა სსრკ-მ სული განუტევა და ეროვნული მოძრაობა აღზევდა, საქართველოში ერთობ ფესვგამდგარი იყო მოსაზრება, რომ ალენ დალესს ქართველების სისხლი სწყუროდა. ეს თეორია, იმთავითვე, აბსურდული იყო, მაგრამ ვინაიდან საქართველოში კუდიანებზე ნადირობა დღესაც აქტუალურია, „ვერსია“ არქივიდან გთავაზობთ სტატიას, რომელიც სოროსსა და დალესს ეხება. მაშ, ასე, მოიმარაგეთ პოპკორნი და გაიგეთ, რა წერია ე.წ. გეგმაში, რომლის ავტორადაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი შეფი, ალენ დალესი ითვლება (ეს პოსტი დალესს 1953-61 წლებში ეკავა).

დალესის დოქტრინა

ინტერნეტ თუ ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დალესის გეგმაში, რომელიც საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემუშავდა, პირდაპირ წერია:

„ქაოსს შევქმნით, ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს სიყალბით და ვაიძულებთ, მათ იწამონ ეს ყალბი ფასეულობანი. როგორ? ჩვენ ვიპოვით ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს თანამშრომლებსა და მოკავშირეებს...

ლიტერატურასა და ხელოვნებაში ჩვენ მათ თანდათან მოვუსპობთ სოციალურ არსს. ხელოვანთ ჩავუკლავთ მისწრაფებას - შექმნან სახეები, გამოიკვლიონ პროცესები, რომელთაც ადგილი აქვთ ხალხთა მასების წიაღში. ლიტერატურა, თეატრი, კინო ადამიანის ყველაზე უფრო მდაბალი გრძნობების ამსახველი და გამავრცელებელი იქნება. ჩვენ, ყველანი, პირადად მხარს დავუჭერთ და შევაქებთ ეგრეთ წოდებულ მხატვრების შეგნებაში სექსის, ძალადობის, სადიზმის კულტს..

ჩვენ შეუმჩნევლად, მაგრამ აქტიურად და მუდმივად შევუწყობთ ხელს ჩინოვნიკების, მექრთამეების თავნებობას, უპრინციპობას; ბიუროკრატი აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე... პატიოსნება და წესიერება გამასხარავებული და არავისთვის საჭირო აღარ იქნება. იგი წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა.

უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და მაწანწალობა, ლოთობა და ნარკომანია, ცხოველური შიში ერთმანეთისადმი... უსირცხვილობა, ნაციონალიზმი და ხალხთა შორის მტრობა... ყველაფერი ეს, ოსტატურად და შეუმჩნევლად იქნება კულტივირებული და აყვავდება მძაფრი ფერებით. მხოლოდ ზოგიერთნი მიხვდებიან და გაიგებენ კიდეც, თუ რა ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ ჩავაყენებთ არამოდურ მდგომარეობაში და ქვეყნის სასაცილოდ გავხდით. მოვძებნით ხერხს, რომ მათ ცილი დასწამონ და ისინი საზოგადოების ნაძირალებად გამოაცხადონ. ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვქრთამოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდობისაგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებს, კოსმოპოლიტებს და ვერც სხვათა მოკვდავთა გეგმებს ძალუძთ ეს გააკეთონ და შედეგს მიაღწიონ“.

როგორც აღვნიშნეთ, დალესის, როგორც შეთქმულების გეგმაზე, განსაკუთრებით აქტიურად გასული საუკუნის მიწურულს საუბრობდნენ, თუმცა პერიოდულად, ქართულ ბეჭდურ მედიაში დღესაც იბეჭდება მასალები, რომელთა ავტორებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოს დასავლელი მტრები, სწორედ დალესის დოქტრინით მოქმედებენ.

ასე, მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ-ერთმა ქართულმა გაზეთმა გამოაქვეყნა წერილი - „საქართველოში მოვლენები დალესის გეგმის მიხედვით ვითარდება“, რომელშიც ვკითხულობთ:

„... დალესის გეგმა გულისხმობს ამა თუ იმ ქვეყანაში მარიონეტული ხელისუფლების დასმას და ეთნიკური სიძულვილის გაღრმავებას. საქართველოს ბოლო წლების ისტორია, სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები შეიძლება ამჭრილში განვიხილოთ.

ამ გეგმის მიხედვით, ზესახელმწიფოს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა ჰყავდეს დამორჩილებული.

ოჯახი, როგორც სიცრუის, პირფერობის, ღალატისა და სისასტიკის ბუდე, მოიშლება. ოჯახის ინსტიტუტი, რომელიც წამლავს წარმოსახვასა და ფრთებს კვეთს თავისუფალ ნებას, დაინგრევა.

გენეტიკურ ლაბორატორიებში მოხდება ჩასახვა და აღმოცენება სრულყოფილი ბიჭუნებისა. ყველა ეკლესია, რომელიც ჩვენ გვგგმობს, დაიხურება. ჩვენი ერთადერთი ღმერთი ყმაწვილი იქნება. ჩვენ მიჯაჭვულნი ვართ სილამაზისა და ესთეტიკის კულტთან. ყველაფერ მახინჯს, ვულგარულსა და ბანალურს მოვსპობთ. ჩვენთვის უკიდურესობაც კი ძალიან ცოტაა…

მიხეილ სააკაშვილი და მისი უზნეოთა გუნდი, არა მხოლოდ ისინი, საქართველოში სწორედ ამ პრინციპებით მოქმედებდნენ და მოქმედებენ დღესაც. მათთან ერთად, იგივე სქემით მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, როგორც სოკოები წვიმის შემდეგ, ისე ჩნდებიან საქართველოში ამერიკული გრანტების ასათვისებლად და ქვეყნის ინტერესების ღალატით ფულის საშოვნელად. მათ გვერდით მოჰყვებიან, ტოლს არ უდებენ ქვეყნის გაყიდვასა დადაქცევაში, უპრინციპო და ამორალური ექსპერტ-პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები. შეგიძლიათ დააკვირდეთ ქრონოლოგიას, ეს უნამუსოები (ყველას, რა თქმა უნდა, არ ეკუთვნის) ისე იცვლიან აზრებსა და შეხედულებებს, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის დედაკაცი მამაკაცებს… სადაც მეტი ფულია, იქეთკენ იხრებიან მუდამ.

ამ ურჯულოებმა კარგად იციან, რომ საზოგადოების გაკონტროლებისთვის ეკლესიაა უმთავრესი ძალა. სწორედ ეკლესიიდან მოდის ზნეობა და ღირსეული ცხოვრების წესი. ეკლესიურ ადამიანს კი ვერცერთ ხელოვნურად შექმნილ სქემაში მოამწყვდევ, ამიტომაც მაქსიმალურად ამკვიდრებენ ყოველგვარ უზნეობასა და ლაფს ასხამენ ავტორიტეტებს. ცხადია, მათ ინსტრუქტაჟს ამერიკელი „პატრონები“ უტარებენ...

ყველაფერი ეს, ზოგ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და განსაკუთრებით, საქართველოში წარმატებით ხორციელდება, იგივე პროცესები ვითარდება უკრაინაშიც.

ყველა თქვენთაგანმა უწყის, რომ საქართველოში, განსაკუთრებით, სააკაშვილის მმართველობისას ხორციელდებოდა სხვადასხვა ძვირადღირებული პროექტები, გამალებით აგებდნენ გზებს და აშენებდნენ უძვირეს ხიდებს, დიდ თანხებს იხდიდნენ სხვადასხვა რანგის მომღერლების საქართველოში მოსაწვევად, ბევრს გასჩენია კითხვა, რატომ იხარჯება მილიონები ამაზე, როცა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა?! ხომ არ აჯობებდა, ხელისუფლებას ეს მილიონები ფაბრიკა-ქარხნების შექმნაზე, რომლებიც სამუშაო ადგილებს გააჩენდა, მეცნიერების განვითარებაზე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად დაეხარჯა?!

ცხადია, ესეც იმ გეგმის ნაწილია, რომელიც აშშ–ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში შეიმუშავეს – საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღარიბების ფონზე, მისი მცირე, უმნიშვნელო ნაწილისთვის, რომელიც მმართველ რეჟიმს თავგადაკლული ემსახურება, მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნისა და გამდიდრების მიზნით“.

 

„სოროსული შეთქმულება“ - მითი თუ რეალობა

საერთოდ, ზოგს შეთქმულების თეორიების სჯერა, ზოგი კი ყველაფერ ამას ალმაცერად უყურებს და ამბობს, რომ ე.წ. შეთქმულების თეორიებს სპეცსამსახურები შეგქნებულად ქმნიან, რამეთუ მასების მართვა გაუადვილდეთ. არსებობის უფლება, რასაკვირველია, ორივე ვერსიას აქვს, მაგრამ აქვე, აღსანიშნავია, რომ დალესისა და იგივე სოროსის „მტრის ხატად“ შერაცხვას უმეტესად ის პოლიტიკური ჯგუფები თუ ცალკეული სუბიექტები ცდილობენ, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ჩრდილოეთთან არიან ასოცირებულნი.

დავუშვათ, სოროსი, დალესისა არ იყოს, საქართველოს პოლიტიკური ჯოჯოხეთისკენ მიაქანებს, მაგრამ აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ იგივე 90-იან წლებში, როცა საქართველოში ფეხი უკიდურესმა სიღატაკემ მოიკიდა, ინტელიგენციის ნაწილი, სწორედ სოროსის ფულმა გადაარჩინა ანუ მართალია, მაშინ საქართველოში ე.წ. სოროსის ფონდი ჯერ არ ფუნქციონირებდა, მაგრამ ხელისუფლება, გავრცელებული ინფორმაციით, სოროსისგან გარკვეულ თანხას იღებდა და ინტელიგენცია შიმშილით სიკვდილს სწორედ ამ ფულით გადაურჩა.

მერე, გამოხდა ხანი და 2000-იანი წლების დასაწყისში, ანტისოროსული კამპანია ისევ გააქტიურდა, რომელსაც სათავეში ცხონებული თემურ ჟორჟოლიანი ჩაუდგა - იმხანად სოროსის ფიტულების დაწვა ერთგვარ მოდადაც იქცა. ამასთან, არასამთვრობო ორგანიზაციაც შეიქმნა, რომელსაც პირდაპირ „ანტისოროსი“ ერქვა და რომლის ფინანსური დონორიც, არსებული ინფორმაციით, საქართველოს უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი, ყველა დროის ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული იგორ გიორგაძე გახლდათ.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ნაციონალები მოვიდნენ, სოროსის თემა „მოკვდა“ ანუ ანტისოროსელები საჯარო გამოსვლებს ვეღარ ბედავდნენ, თუმცა კულუარებში მიშასა და მის პოლიტიკურ და-ძმებს, სულ „სოროსის ლეკვებს“ ეძახდნენ, თან იმის სადემონსტრაციოდ, რომ სოროსი ეშმაკის მოციქულია, მსოფლიოს სხვადასხვა მაგალითს იშველიებდნენ, აი, ამა და ამ სახელმწიფოში, „ძია ჯორჯი“ მტრად გამოაცხადესო.

ის, რომ სოროსი ამა თუ იმ ქვეყანაში პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული, სიმართლეს შეესაბამება, რასაც ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციაც მოწმობს. ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტპორტალზე (gardaqmna.do.am) გამოქვეყნებულ წერილში - „უდიდესი აფერისტი და თანამედროვე რევოლუციების მამა“ ნათქვამია:

„2003 წლის ბოლოს, „ვარდების (ნოემბრის) რევოლუციის“ გამარჯვების შემდეგ, ჯორჯ სოროსი (მისი ნამდვილი სახელი და გვარია დიორდ შვარცი) მსოფლიო მედიის წინაშე თამამად აცხადებდა, რომ წარმატებული რევოლუციური ექსპერიმენტები ჩაატარა სენეგალში, სერბეთსა და საქართველოში, რასაც ამ ქვეყნებში დიქტატორების დამხობა და დემოკრატიის დამყარება მოჰყვა. სოროსი უფრო შორსაც კი წავიდა და (მეგობრებთან ერთად) ერთი წელი საქართველოს ხელისუფლებას ხელფასსაც უხდიდა. სოროსი თავს პოლიტიკურ მესიას ეძახის, რომელიც  მსოფლიო ხალხების განსათავისუფლებლადაა დაბადებული.

მაინც ვინ არის სოროსი?

80 წელს გადაცილებული უნგრელი ებრაელის ქონება 11 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მთელი ეს ქონება, ბოლო 20 წელიწადში, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბირჟებზე მოწყობილი სავალუტო მაქინაციებით მოიპოვა, რასაც ბევრ (განსაკუთრებით აზიის) ქვეყანაში ეროვნული ფულის დევალვაცია და მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რის გამოც სოროსს ბევრ სახელმწიფოში, როგორც საერთაშორისო აფერისტს, ჩასვლა ეკრძალება.

ჯორჯი 1930 წლის 12 აგვისტოს, ბუდაპეშტში დაიბადა. მამამისი ტივადარ შვარცი ქალაქის ებრაული თემის გამოჩენილი ადვოკატი და მწერალი იყო, რომელმაც 1936 წელს, წარმატებას რომ მიეღწია, უნგრული გვარი შოროში (სოროსი) მიიღო. 1944 წელს, გერმანელთა მიერ ქალაქის დაკავების დროს, ოჯახი სწორედ გვარის შეცვლამ გადაარჩინა დაპატიმრებას. 17 წლის ასაკში, ჯორჯი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, რადგან ბუდაპეშტში კომუნისტების შესვლის შემდეგ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლა წარმატებით დაამთავრა და მუშაობა ჯერ გალანტერიულ ფაბრიკაში, შემდეგ კი კომივოიაჟორად დაიწყო, თუმცა ბანკში სამსახურის ძებნასაც განაგრძობდა. 1953 წელს, ფირმაში - „სინგერი და ფრიდლანდერი“ დასაქმდა, სამსახური და ამავე დროს სტაჟირება მიმდინარეობდა საარბიტრაჟო გამყოფილებაში, რომელიც მდებარეობდა ლონდონის ბირჟის ახლოს.

ლონდონის ბირჟის წესების შესწავლის შემდეგ, 1956 წელს, სოროსი თავისი ლონდონელი მეგობრის მამის, ვინმე მაიერის მიწვევით, აშშ-ში გაემგზავრა და მუშაობა მაიერის პატარა საბროკერო ფირმაში - „უოლ სტრიტი“ დაიწყო, რომელიც მალე მსოფლიოში უდიდეს ბირჟად იქცა. ცოტა ხანში, ნიუ იორკში სოროსმა დააარსა აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო ფონდი Quantum Group of Funds (ფონდი დარეგისტრირებული იყო, როგორც ოფშორული კომპანია კარიბის ზღვის კუნძულ კიურასაოზე), რომლის წყალობითაც დიდი ფული დააგროვა და ოცნების ახდენას შეუდგა.

„მე ძალიან მაინტერესებდა განსხვავება დახურულ და ღია საზოგადოებებს შორის, საიდანაც გავიქეცი და სადაც ვარჩიე ცხოვრება, - ამბობს სოროსი, - ამ გაქცევამ საშუალება მომცა, ის მეკეთებინა, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ხორცი შემესხა ჩემი ოცნებებისათვის სამყაროს უკეთესი მოწყობის შესახებ“.

1979 წელს, სოროსი ნიუ იორკში ღია საზოგადოების პირველ ფონდს (Open Sosiety Fund) აარსებს, 1984 წელს კი, ბუდაპეშტში „ღია საზოგადოების“ აღმოსავლეთ-ევროპული საქველმოქმედო ფონდს ხსნის, რომლის ფილიალებმა მალე მთელი აღმოსავლეთ ევროპა მოიცვა (1988 წელს, სსრკ-ში ფონდი „კულტურული საზოგადოება“ დააარსა, რომელიც 1995 წელს,  „ღია საზოგადოებად“ გადაკეთდა. აღნიშნულმა ფონდმა რუსეთში საქმიანობა 2004 წლის დასაწყისში შეწყვიტა) და თავისი წვლილი შეიტანა კომუნისტური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში.

1992 წლის 16 სექტემბერს, სოროსმა, ფინანსური მაქინაციებით, ლონდონში, ფუნტი სტერლინგის კურსის ხელოვნურად დაწევა მოახერხა, რითაც 1 მილიარდი დოლარი იშოვა. ბრიტანელმა ბანკირებმა ამ დღეს „შავი ოთხშაბათი“ უწოდეს, სოროსს კი - ამორალური კაპიტალისტი.

წლების განმავლობაში, ფინანსური მაქინაციების შედეგად ნაშოვნ მილიონებს სოროსი უშურველად ხარჯავდა აშშ-ის არასასურველი დიქტატორების საწინააღმდეგო კამპანიებში (1994 წელს, თავისი საქველმოქმედო ფონდების სისტემაში 300 მილიონი აშშ დოლარი ჩადო, 2004 წელს, ამ ციფრმა 474 მილიონ დოლარს მიაღწია. ქველმოქმედებაზე სულ 5 მილიარდ აშშ დოლარამდე აქვს დახარჯული, რომლის 20% რუსეთზე მოდის) და ამ მხრივ დიდი გამოცდილება დააგროვა, ამიტომ სრულებით ბუნებრივია, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობამ შევარდნაძის შემცვლელი მთავრობის შედგენა, სწორედ მას დაავალა (სხვათა შორის, სოროსი 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ბუში უმცროსის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა). სოროსმა ჯერ კიდევ 90-იანი წლებში, საქართველოში დააარსა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ (ე.წ. სოროსის ფონდი, რომლის ხელმძღვანელები და წევრები, სხვადასხვა დროს, იყვნენ დავით დარჩიაშვილი, თინათინ ხიდაშელი, გოკა გაბაშვილი, დავით უსუფაშვილი და სხვები). ამ ფონდმა თავის მიზნად საქართველოში თავისუფალი საზოგადოების შექმნა გამოაცხადა. ფონდის დახმარებითა და მეთვალყურეობით, საქართველოში შეიქმნა მრავალი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახალი მთავრობისათვის საჭირო კადრებს ზრდიდა. ამ ორგანიზაციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „თავისუფლების ინსტიტუტი“ (დაარსდა 1996 წელს და მისი წევრები იყვნენ: დავით ზურაბიშვილი, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, სოზარ სუბარი, გივი თარგამაძე, თამარ კინწურაშვილი, აკაკი მინაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი და სხვები) და სტუდენტური ორგანიზაცია „კმარა“, რომელიც სერბული „ოტპორისა“ და უკრაინული „პორას“ ანალოგი იყო. 2001-2005 წლებში, „კმარას“ წევრები იყვნენ: გიგი უგულავა, თეა თუთბერიძე, გიორგი ონიანი, გიორგი კანდელაკი და სხვა. „კმარა“ თავიდან უნივერსიტეტის პროფესურას ებრძოდა, შემდეგ - შევარდნაძის ხელისუფლებას, ამ უკანასკნელის დამხობის შემდეგ კი ეკლესიასთან ომი წამოიწო).

სოროსის ფონდის პოლიტიკურ დასაყდენს საქართველოში მოქალაქეთა კავშირის ე.წ. სააკაშვილის ფრთა და რესპუბლიკური პარტია წარმოადგენდნენ. ამიტომ ბუნებრივი იყო, რომ 2001 წელს, ნაციონალური მოძრაობა სწორედ ამ ორმა სუბიექტმა შექმნა. ნაციონალურ მოძრაობას კი, ისევე, როგორც მის მოკავშირე „თავისუფლების ინსტიტუტსა“ და „კმარას“, 2005 წლამდე, სწორედ სოროსის ფონდი აფინანსებდა და ამას არც მალავდა.

2004 წლიდან, სოროსი ბუშის ოპოზიციაში გადავიდა და 2008 წლის არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიის დამარცხებისა და ობამას გასაპრეზიდენტებლად ათეულობით მილიონი დახარჯა. ბუში უმცროსის გამარჯვებამ და მსოფლიო კრიზისმა სერიოზულად შეარყია სოროსის ბიზნესსაქმიანობა. ამისთან, ასაკიც დაეტყო. შედეგად, 2011 წლის 26 ივლისს, სოროსმა საქველმოქმედო ფონდ „ღია საზოგადოების“ დახურვის შესახებ განაცხადა და დაამატა, რომ ამიერიდან ფულს მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის დააგროვებდა. იმ დროისთვის მისი ქონება, „ფორბსის“ მონაცემებით, 11 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა.

სოროსი ზოგისთვის ქველმოქმედია, ზოგისთვის კი - საერთაშორისო აფერისტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ერთ-ერთი გამოხატულებაა იმ თეორიისა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს პოლიტიკოსები კი არა, არამედ, მილიარდელები მართავენ, რადგან ომებით ძალაუფლების მოპოვების დრო დიდი ხანია, ისტორიას ჩაბარდა და ახლა სამყაროს დიდი ფული განაგებს.

„ყველა ჩვენგანს სურს, დატოვოს კვალი ამ ქვეყანაზე. გარკვეული დროის შემდეგ, სიმდიდრისკენ ლტოლვას აზრი ეკარგება, თუ კი არ იცი, ის რისთვის უნდა გამოიყენო“, - ამბობს ჯორჯ სოროსი.“

ისე, ჩვენში დარჩეს და, სოროსთან მაინცდამაინც მტრული დამოკიდებულება არც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. ყოველ შემთხვევაში, სამი წლის წინ ანუ 2014 წლის ნოემბერში, „ღია საზოგადება - საქართველოს“ 20 წლის იუბილეზე, სოროსი საქართველოს ესტუმრა და ხელისუფლების უმაღლეს პირებსაც შეხვდა. 2014 წლის 14 ნოემბერს, ქართული საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

„ღია საზოგადოების საქველმოქმედო ფონდების დამაარსებელი და ხელმძღვანელი ჯორჯ სოროსი თბილისშია.

ჯორჯ სოროსი საქართველოში, „ღია საზოგადოება - საქართველოს“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფონდის წარმომადგენლებმა მოიწვიეს. ამ თარიღის აღსანიშნავად ფონდი გარკვეულ ღონისძიებებს გეგმავს.

დღეს სოროსი სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხვას. ხვალ, 15 ნოემბერს კი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

საუბარია იმაზე, რომ სოროსი, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდეს, თუმცა ეს საკითხი ჯერ დადასტურებული არ არის.

როგორც ფონდში განმარტავენ, სოროსის შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ჩანიშნული არ არის“.

 

***

ერთი სიტყვით, მსოფლიო, ხატოვნად რომ ვთქვათ, კოსმოსის მწვერვალებს იპყრობს, საქართველოში კი ბნელ ოთახში ისევ შავ კატას ეძებენ და ერის ღირსების შესანარჩუნებლად სხვების საჯდომებს დარაჯობენ! რას ვიზამთ, ესეც, ალბათ, ჩვენი ბედისწერაა...

 

 

ავტორი: ნინო დოლიძე