"რა სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა აქვს აშშ-ის მიერ მოსამართლეთა დასანქცირებას" - ლია მუხაშავრიას განმარტებები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„დარწმუნებული ვარ, სანქციებს ევროპელებიც შეუერთდებიან!“

 

 

 ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ და მათი ოჯახის წევრებს მოქმედი ვიზები კორუფციული საქმიანობის გამო გაუუქმდათ:

„დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, რომლებიც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებენ საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და კეთილსინდისიერება, იმოქმედონ მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად“.

სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ, მათი ოჯახის წევრებსაც. რა სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა აქვს აშშ-ის მიერ მოსამართლეთა დასანქცირებას? - „ვერსია“ სამართლის საკითხების ექსპერტს, იურისტ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:

 

- ეს სანქციები განკუთვნილია იმ ოთხი პირის მიმართ, რომლებიც კლანის ორგანიზატორები, დამფუძნებლები და მისი მმართველები არიან ანუ პრაქტიკულად, თითქმის, თავიდან ბოლომდე აკონტროლებენ სასამართლო სისტემას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კარგად ნაფიქრი იყო ამ ადამიანების წინააღმდეგ სანქციის გამოცემა სწორედ ახლა, რაც მრავალი მნიშვნელობის მატარებელია - ერთი მხრივ, თუ ხელისუფლება გონივრულად მოიქცევა, კლანის ამ ხელმძღვანელებს, ამ საბაბით მოაშორებს სისტემას, რაც სასამართლო სისტემის ნამდვილი გაჯანსაღება იქნება.

მეორე მხრივ კი, თუ ხელისუფლება დაიცავს მათ და გადაეფარება, რისი ნიშნებიც აშკარად გამოჩნდა, ვფიქრობ, სანქციების სისტემა გაფართოვდება და არა მარტო მოსამართლეებისა და კონკრეტული პირების მიმართ იქნება მიღებული, არამედ, პოლიტიკური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების  წინააღმდეგაც და ეს პროცესი, შეიძლება, გაგრძელდეს უსასრულოდ, ვიდრე შედეგს არ გამოიღებს...

არ მგონია, მურუსიძის თავხედური განცხადებით - ბაბუაჩემიც არ ყოფილა აშშ-ში და არაფერი მიშავსო - დასრულდეს ეს ამბავი.  

ეს ძალიან სერიოზული ნიშანი, კონკრეტული ღონისძიებაა და მახსოვს, 1996 წლიდან, როცა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა დაიწყო, ამერიკელებს ლომის წილი აქვთ ამ რეფორმის განხორციელებაში არა მარტო იმით, რომ აფინანსებდნენ ყველა ამ ღონისძიებას, არამედ, იმითაც, რომ ჩვენს ქვეყანაში გზავნიდნენ მსოფლიოში ცნობილ იურისტებს, ექსპერტებს, რომლებსაც უნდა გაეწიათ დახმარება, რათა როგორმე, ეს სისტემა შეცვლილიყო. თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე მეტად ისინი მიხვდნენ, რომ შედეგი არ არის და ახლა შეიცვალა დამოკიდებულება - გაჩნდა სანქციები.

- ქალბატონო ლია, თუკი ამ სანქციების გამო, მოსამართლეთა კორუფციული სამიქმიანობების გამოძიება დაიწყება, კანონი უვადოდ დანიშნული მოსამართლეების უფლებამოსილების შეჩერებას გულისხმობს?

- რა თქმა უნდა, უვადოდ დანიშნული მოსამართლე ისეთი იმუნიტეტით აღჭურვილი პირი არაა, რომ მის მიმართ სადამსჯელო ღონისძიების გამოყენება არ შეიძლებოდეს.

უფრო ლოგიკური და გონივრული იქნებოდა, მათ შეჩერებოდათ უფლებამოსილება, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა. კიდევ უფრო რთული საკითხია, გამოძიებას ვინ ჩაატარებს; რამდენად იქნება ეს გამოძიება ობიექტური და მიუკერძოებელი ანუ ამ კრიტერიუმს რამდენად დააკმაყოფილებს ის საგამოძიებო ორგანო, რომელმაც გამოძიება უნდა ჩაატაროს.

ვგულისხმობ იმას, რომ ეს არ უნდა იყვნენ არც სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოები და არც - სახელმწიფოს საჯარო მოხელეები, რომლებიც გამოძიების ფუნქციას ასრულებენ. სავარაუდოდ, ეს შეიძლება ყოფილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც შექმნიდა პარლამენტი, მაგრამ ჩემი აზრით, არა მხოლოდ პარლამენტარებისგან უნდა იყოს შემდგარი, არამედ, მასში უნდა შედიოდნენ დამოუკიდებელი ადამიანები, რომელთაც აქვთ საზოგადოების ნდობა და რეპუტაცია... მაგრამ, ამ საკითხებზე საუბარი დღეს, მგონი, ძალიან შორეული პერსპექტივაა, რადგან ვხედავთ, რომ ასეთი მოძრაობა არ ხდება და არ გვაქვს.

- ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშიც მოხდება თუ არა ეს, ალბათ, არც ამის გარანტია არსებობს, რადგან ეს მოსამართლეები, სწორედ წინა ხელისუფლებიდან გაიცნო და დაიმახსოვრა საზოგადოებამ, გახმაურებული საქმეებით...

- სამწუხაროდ, ხელისუფლებები იცვლებიან და სასამართლო სისტემა უარესდება. ჯერჯერობით, არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს ცვლილება რეალურად განხორციელდეს.

- ქალბატობო ლია, როგორც ინტერვიუს დასაწყისშივე თქვით, ამ სანქციების გამოტანას აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა... სწორედ ახლა, ამ პოლიტიკურ კონტექსტში, როცა ევროინტეგრაციის გზაზე ვდგავართ, როგორ ფიქრობთ, აშშ-ის სანქციებს ევროპაც შეუერთდება?

ავტორი-თათია გოჩაძე