რის გამო გადადგა ლიზ ტრასი? - მოკლედ და გასაგებად

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მან თანამდებობა სულ რაღაც 44 დღეში დატოვა. დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი ასე სწრაფად ჯერ არასდროს გადამდგარა.

14 ოქტომბერს, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Daily Star-მა იკითხა, რა უფრო მალე გახმებოდა - სალათის ფურცელი თუ ლიზ ტრასის პოლიტიკური კარიერა? სალათის ფურცელი საშუალოდ 10 დღეს ძლებს. პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ 6 გაძლო - 20 ოქტომბერს ის გადადგა.

რეფორმის პირობა

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, ფასებისა და ინფლაციის შესამცირებლად, ეკონომიკური რეფორმების ჩატარება გადაწყვიტა. მას სურდა, გადასახადები შემცირებულიყო და სახელმწიფოს მეტი თავისუფლება მიეცა ბიზნესისთვის.

ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, ტრასს პრემიერობაში ეცილებოდა რიში სუნაკი, ყოფილი ხაზინის კანცლერი, იგივე ფინანსთა მინისტრი. ის საპირისპიროს ამტკიცებდა და გადასახადების გაზრდის პირობას დებდა.

5 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის მმართველმა, კონსერვატიულმა პარტიამ, რომელიც უკვე 12 წელია, რაც ხელისუფლებაშია, ლიზ ტრასი ახალ თავმჯდომარედ და პრემიერ-მინისტრად აირჩია. მომდევნო დღეს მან ფინანსთა მინისტრად დანიშნა თანამოაზრე, კვაზი კვარტენგი.

ჩავარდნილი რეფორმა

23 სექტემბერს კვაზი კვარტენგმა მასშტაბური რეფორმების დაწყება გამოაცხადა. მაგალითად, ის აუქმებდა გადასახადს კორპორაციებისთვის და მაღალ საშემოსავლო გადასახადს შეძლებული მოქალაქეებისთვის. ჩანაფიქრის თანახმად, ამას უნდა ეშველა ევროკავშირის დატოვებით და უკრაინაში მიმდინარე ომით შერყეული ეკონომიკისთვის, აეწია ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა 2,5%-მდე და შეეჩერებინა ინფლაცია. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

გირვანქა გაუფასურდა, ჯერ სესხები გაძვირდა, შემდეგ იპოთეკა. კრიტიკოსები აყვირდნენ, ამ რეფორმებით მხოლოდ მდიდრები იხეირებენო. 14 ოქტომბერს ლიზ ტრასი იძულებული გახდა, გადაეყენებინა ფინანსთა მინისტრი. მისმა მემკვიდრემ, ჯერემი ჰანტმა კი მაშინვე გააუქმა ყველა რეფორმა, რითაც ხაზი გადაუსვა ტრასის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას.

თითქმის პუტინივით

ამ დროისთვის ტრასის რეიტინგმა -70 %-მდე პროცენტამდე დაიწია. ანუ გამოკითხულთა ორ მესამედზე მეტი მის გადაწყვეტილებებს ნეგატიურად აფასებდა. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრემიერი გახდა. შედარებისთვის, ვლადიმირ პუტინის რეიტინგი დიდ ბრიტანეთში - 85%-ია.

17 ოქტომბერს, „ბი-ბი-სისთან“ საუბარში, ტრასმა თქვა, რომ აღიარებს შეცდომებს, თუმცა გადადგომას არ აპირებს. ჯერ არავინ იცოდა, რომ დიდი ბრიტანეთის რიგით მესამე ქალი პრემიერ-მინისტრის პრობლემები დასრულებული არ იყო.

19 ოქტომბერს, თანამდებობიდან გადადგა საშინაო მდივანი, იგივე შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრეივერმანი. ოფიციალური საბაბით იმიტომ, რომ უწყების შიდაგანაწესი დაარღია და გასაიდუმლოებული მასალები პირადი ელექტრონული ფოსტით გააგზავნა. თუმცა გადადგომის წერილში მან დაწერა, რომ ასევე უკმაყოფილოა ტრასის მმართველობით.

ამ დროს პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ უკვე ოპოზიციური, ლეიბორისტული პარტიის წევრები.

ბოლო წვეთი: ფრეკინგი

იმავე დღეს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში, ოპოზიციამ გადაწყვიტა, პასუხი მოეთხოვა ტრასისთვის მისი ერთ-ერთი სადავო გადაწყვეტილების გამო. საქმე ისაა, რომ 15 სექტემბერს პრემიერმა მისცა ნებართვა ენერგოკომპანიებს, გაზი მოიპოვონ ე.წ. ფრეკინგის მეთოდით, ანუ გახლიჩონ ფიქლის ქანები. ამას დიდ ბრიტანეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ფრეკინგის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ იგი ზრდის მიწისძვრების რისკს და ზიანს აყენებს გარემოს.

ლეიბორისტებს სურდათ, პარლამენტს ემსჯელა ფრეკინგის მართებულობაზე, ამისთვის კი კენჭისყრა უნდა მოეგოთ. ვერ მოიგეს. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ფრეკინგს ბევრი მოწინააღმდეგე კონსერვატორებს შორისაც ჰყავთ, მაგრამ ისინი პარტიულმა ფუნქციონერებმა აიძულეს, ხმა საკუთარი შეხედულებების საწინააღმდეგოდ მიეცათ. ამას დიდი სკანდალი მოჰყვა. ოპონენტებმა, მედიამ და თანაგუნდელებმაც კი პრემიერის გადადგომა მოითხოვეს.

მომდევნო დღეს, ლიზ ტრასმა თქვა, რომ “შექმნილ ვითარებაში აღარ შეუძლია განახორციელოს მისთვის მინდობილი მანდატი” და თანამდებობა დატოვა.

ახლა რა იქნება?

როგორც წესი, დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრები იშვიათად ტოვებენ თანამდებობას დროზე ადრე. მაგრამ უკანასკნელ 6 წელიწადში, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა, დაუნინგ სტრიტის რეზიდენციას უკვე 4 ადამიანი დაემშვიდობა.

ვინ იქნება შემდეგი? მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ყველაზე მეტი შანსი აქვს ლიზ ტრასის ყოფილ კონკურენტს, რიში სუნაკს. თანამდებობაზე დაბრუნების სურვილი გამოთქვა ბორის ჯონსონმაც.

წესით, მომდევნო პრემიერი ისევ ხელისუფლებაში მყოფმა კონსერვატიულმა პარტიამ უნდა აირჩიოს. თუმცა ლეიბორისტები სხვა აზრზე არიან. ისინი ამბობენ, რომ კონსერვატორებმა მოსახლეობის ნდობის ლიმიტი უკვე ამოწურეს და ამიტომ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

კვლევების თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ლეიბორისტებს ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი დაუჭერდა ხმას.

 

წყარო:რადიო თავისუფლება