ნადალმა „როლან გაროსის“ ფინალი ისევ მოიგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

23 წლის კასპერ რუუდი პირველი ნორვეგიელი ჩოგბურთელია, რომელიც დიდი მუზარადის ტურნირის ფინალში გავიდა. მან ეს საფრანგეთში, „როლან გაროსის“ ტურნირზე მოახერხა და გადამწყვეტ მატჩში, თიხნარის მეფედ წოდებული, რაფაელ ნადალი ერგო. საინტერესოა, რომ რუუდი სწორედ იმ აკადემიაში ვარჯიშობს, რომელიც ნადალმა დააარსა და მას ეკუთვნის ანუ რაფა თავისივე აკადემიის აღზრდილს ეთამაშებოდა. სანამ ამ მატჩზე გეტყოდეთ, შეგახსენებთ, რომ ნადალი „როლან გაროსის“ ფინალში მეთოთხმეტედ გავიდა და წინა 13 ფინალიდან, ყველა მოგებული ჰქონდა. წარმატებული სერია ახლაც გაგრძელდა და ესპანელმა კარიერაში დიდი მუზარადის 22-ე ტიტული მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია. მასზე ერთით ნაკლები ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს მოგებული, ხოლო ორით ნაკლები - როჯერ ფედერერს.

„ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. 36 წლის ასაკში, ასეთი მიღწევა თითქოს დაუჯერებელია, მით უმეტეს, როცა მეტოქედ ახალგაზრდა გყავს, მაგრამ ეს ჩემი დღე იყო. რუუდი კი ბევრ ტიტულს აუცილებლად მოიგებს“, - განაცხადა ნადალმა.

აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ ტურნირებზე გამარჯვებით, ნადალს კარიერაში 130 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მოგებული და ორი ამდენი - სარეკლამო შემოსავლებით მიღებული. ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ ნადალის ბიძა, სერხი ნადალი, „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყო და ოჯახს გადაწყვეტილი ჰქონდა, რაფაც ფეხბურთზე შესულიყო, მაგრამ ბავშვმა თქვა, რომ თუ ის ფეხბურთს ითამაშებდა, მხოლოდ „რეალში“, რადგან მადრიდულ კლუბს გულშემატკივრობდა. ჰოდა, ოჯახში გადაწყდა, ნადალს მათთვის „შეურაცხმყოფელი“ ნაბიჯი რომ არ გადაედგა, აჯობებდა, ფეხბურთი საერთოდ არ ეთამაშა და ის... ჩოგბურთზე მიიყვანეს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე