„ჩვენ უნდა შევუტიოთ, დაცვაში ყოფნით გოლს ვერ გავიტანთ!“ - 31 მარტს საქართველო საბერძნეთში ითამაშებს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ზუსტად იცოდა, რომ ურთულესი დებიუტი ექნებოდა. ჯერ შვედეთთან გასვლითი შეხვედრა, შემდეგ თბილისში ესპანეთის მიღება და ბოლოს საბერძნეთთან სტუმრობა. თან ეს ყველაფერი ერთი კვირის განმავლობაში. ამის მიუხედავად, ფრანგი სპეციალისტი იმედს არ კარგავდა და მკაფიოდ ამბობდა, ჩვენ უნდა შევუტიოთ, დაცვაში ყოფნით გოლს ვერ გავიტანთო.

საბერძნეთში ჩვენი გუნდი 31 მარტს ითამაშებს, მანამდე კი იმ ორ შეხვედრაზე ვთქვათ, რომელიც 25 და 28 მარტს გამართა და რეალობას რომ მივყვეთ, ლოგიკურად დამარცხდა. ერთ ან მეორე ნაკრებთან ჩვენს გუნდს ქულა მაინც რომ აეღო, სენსაციად მოინათლებოდა. სენსაცია არ შედგა, მაგრამ...

ჯერ ესპანეთზე ვთქვათ, რადგან ემოციები ჯერ კიდევ ცხელია. ჩვენი ბოლო შეხვედრა 2016 წელს, ამხანაგური მატჩის რანგშ შედგა და მაშინ საქართველომ ესპანეთში 1:0 იმარჯვა. რაღა თქმა უნდა, ეს ამბავი ჩვენც გვახსოვდა და პირენეელებსაც. თუმცა, არ იმჩნევდნენ, რომ თნდაც ქულის დაკარგვის შიში ჰქონდათ. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ პირველ ტურში საბერძნეთთან შინ 1:1 გააგორეს და გულშემატკივრის გულისწყრომა დაიმსახურეს. მოკლედ, შეხვედრა ესპანელთა უპირატესობით კი დაიწყო, მაგრამ ჩვენები მალე მოვიდნენ აზრზე და გონივრულადაც რამდენჯერმე შეუტიეს. საბოლოო ჯამში, მონდომებამ და ბრძოლამ შედეგი გამოიღო და რაც მთავარია, გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. კვარას გოლი კი აუცილებელი ორი მიზეზით გახლდათ - ჯერ ერთი, დავწინაურდით და მეორეც, „დინამო არენას“ ტრიბუნაზე მინიმუმ ხუთი ევროპული გრანდ-კლუბის სკაუტი იჯდა და სწორედ კვარაცხელიას თამაშს აკვირდებოდა. მათ შორის, მილანის „ინტერისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ წარმომადგენლებიც. მოკლედ, კვარაცხელიას მთლიანობაში ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია, ესპანელებმა ორი ყვითელი ბარათი სწორედ მასზე აიკიდეს და თუ სკაუტებს მართლა რამე აინტერესებდათ, ბოლომდე დაიკმაყოფილებდნენ. გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიტანეთ და შესაბამისად, შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავედით. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სანიოლს მინიმუმ 15 წუთი ექნებოდა ბიჭებისთვის ჭკუის დასარიგებლად. ვფიქრობთ, მთავარი შეცდომაც სწორედ ტაიმებს შორის, შესვენებაზე დავუშვით.

მეორე ნახევარში, ჩვენი გუნდი ლამის მთელი შემადგენლობით უკან ჩადგა და მეტოქის შეცდომას დაელოდა. ესპანეთი კი ის გუნდი არ გახლავთ, ერთ შეხვედრაშ რამდენჯერმე შეცდეს. ისინი მიზანმიმართულად, კონკრეტული გეგმითა და მონახაზით გვიტევდნენ. საქართველოს ნაკრები კი არა, მსოფლიოს ნაკრები რომ დაუყენო ესპანეთს და შეუძახო, შემომიტიეო, გოლს აუცილებლად გაიტანს. ჩვენც გაგვიტანეს და... საკუთარ საჯარიმოში უფრო ჩავჯექით, რათა ქულა გადაგვერჩინა. აქაც შევცდით - კარამდე რომ არ მივუშვით, მეტოქემ შორიდან სცადა ბედი და გაუმართლა (ძლიერებს უმართლებთ).

რაც შეეხება შვედეთთან მატჩს. შანსები იქაც გვქონდა, გატანა იქც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა. სამაგიეროდ, შვედებმა გაგვიტანეს კლასის ხარჯზე, თუმცა ნამატჩევს გულშემატკივარიც და მედიაც მათ უფრო აკრიტიკებდა ცუდი ხარისხის ფეხბურთის გამო. წინ კი საბერძნეთთან მატჩია, ნაკრებთან, რომელთან თამაში მუდმივად გვიჭირს და დალხენილი არც 31 მარტის შეხვედრა იქნება. ალბათ, არ არსებობს საქართველოში გულშემატკივარი, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმს ელოდა. ორი მარცხის მიუხედავად, გაგიკვირდებათ და, ჩვენმა გუნდმა ფეხბურთი ითამაშა.