ლეგენდები, რომლებმაც 2023 წელს დაგვტოვეს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2023 წელს ბევრ ცნობილ პიროვნებას დავემშვიდობეთ, რომლებმაც თავიანთი ნიჭითა და ქარიზმით წარუშლელი კვალი დაატოვეს ქვეყნის ისტორიაში. მათი დატოვებული მემკვიდრეობა კი გრძელდება და სამუდამოდ დარჩება მომავალ თაობას. ყველას კარგად უნდა  გვახსოვდეს  იმ დიდი ღვაწლის შესახებ, რაც ამ ადამიანებმა საქართველოსთვის გასწიეს. სწორედ ამიტომ,  სტატიაში ჩვენ ვიხსენებთ, 2023 წელს გარდაცვილილი საზოგადო მოღვაწეების შემოქმედებას და მიღწევებს.

_15 იანვარს  მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

ბუბა კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე. 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. მღეროდა ანსამბლებში –  „დიელო“, „რერო“. 1967 წლიდან იყო ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში – გია („შეხვედრა მთაში“) ბენჟამენ ღლონტი („არ დაიდარდო“) გიორგი მიქელაძე („მე, გამომძიებელი“) პავლე („ვერის უბნის მელოდიები“ ) ვალიკო მიზანდარი („მიმინო“) მუსიკოსი („იცოცხლე, გენაცვალე“)  და სხვა. იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა –  „იცოცხლე, გენაცვალე“, „მამაკაცები და სხვები”.  საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „არ დაიდარდო“, სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“. 2020 წელს იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

_3 თებერვალს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე.

ჯემალ ღაღანიძე 1956 წელს წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“); გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974).

2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“. 2022 წელს ჯემალ ღაღანიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

_17 მაისს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა მათემატიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი რუსუდან ბერიძე.

რუსუდან ბერიძემ 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1965 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ლექტორი, 1992-1995 წლებში – საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. იყო სპიკერის მოადგილე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 1997-2005 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

რუსუდან ბერიძე არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

_9 ივნისს გარდაიცვალა პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა.

ვასილ კაჭარავა ასევე იყო „ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის“ პრეზიდენტი. ამასთან, ვასილ კაჭარავა აშშ-ის ისტორიის, საზოგადოების, პოლიტიკური სისტემისა თუ დიპლომატიის თემატიკაზე გამოცემული არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია.

_17 ივლისს, 88 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა.

ომარ მხეიძე 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი, 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე, სადაც 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე; იყო კინოკომპანია „ჯიმ შვანთეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1984-1989 წლებში იყო თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი, ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი. ომარ მხეიძეს ანსამბლთან ერთად გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს 87 ქვეყანაში. მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის: „წლის ადამიანი“, „ქართული კულტურის ამაგდარი“, „ქართული კულტურის რაინდი“, საპატიო სიგელი „სახალხო სიყვარული“, „საუკუნის მოცეკვავე“ „ხელოვნების ქურუმი“. პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, ფონდმა „ქართული გალობა“ 2016 წლის 8 ივნისს ქართული ხალხური ცეკვის პოპულაპიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიანიჭა „ღვაწლმოსილი მოცეკვავის“ წოდება. ამასთან, 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2015 წელს – საპატიო ბათუმელი; 2012 წელს – საქართველოს ეროვნული პრემია; 2000 წელს – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1996 წელს – ქართული ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის ღირსების ორდენი; 1971 წელს – საქართველოს სახალხო არტისტი; 1963 წელს – საქართველოს დამსახურებული არტისტი; ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

_25 ივლისს, ახალგაზრდა მსახიობი, ლევან დობორჯგინიძე  გარდაიცვალა. ლევანი მაყურებელმა ფილმიდანგასეირნება ყარაბაღშიგაიცნო.

_5 აგვისტოს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ისტორიკოსი ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი).

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი ელენ კარერ დ’ანკოსი 1929 წლის 6 ივლისს, პარიზში გიორგი ზურაბიშვილის ოჯახში დაიბადა . ელენეს ბაბუას, ივანე ზურაბიშვილს 1921 წლის მარტში მოუწია საქართველოდან ემიგრაციაში წასვლა.

გერმანული გამოცემა "Frankfurter Allgemeine" წერს, რომ ელენი ქართველი მამისა და რუსი-გერმანელი დედის ოჯახში დაიბადა, ემიგრაციის შემდეგ მამა ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ელენ კარერ დ’ანკოსმა საფრაგეთის მოქალაქეობა 1950 წელს მიიღო. 1952 წელს კი ლუი კარერ დ’ანკოსზე იქორწინა და სამი შვილი შეეძინა.

ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი) იყო პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს ფრანგული აკადემიის მუდმივ მდივნად 1999 წელს, ის ორი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური არქივის კომისიას.მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი „დამსხვრეული იმპერია“ 1978 წელს გამოქვეყნდა, რომელშიც ის გამოთქვამდა იმ დროისთვის იშვიათ ვარაუდს საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ.

_15 აგვისტოს ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა.

კოტე კუბლაშვილი 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. 2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის" იურისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად. 2005-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

_17 აგვისტოს ცნობილი მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. ის 81 წლის იყო.

გოგი ხარაბაძე 1942 წლის 12 ივლისს დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1963-1994 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. სპექტაკლებში შესრულებული აქვს როლები: ჯარისკაცი („ყვარყვარე თუთაბერი“ 1959), დათო (ვ. როზოვის „ვახშმობის წინ“), ოთარი (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის „ბრალდება“), ღვთისო (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დიტო (ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), ჯიბო (შ. დადიანის „გუშინდელნი“), ტარასი ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“), ავტორი (ი. ჭავჭავაძის „ჩემო კალამო“), დიდებული („ჰამლეტი“ 1960), ავთო („მზიანი ღამე“ 1966), ტარიელი („ვეფხისტყაოსანი“ 1966), ოიდიპოსი („ოიდიპოს მეფე“ 1976), ჯორჯ კლარენსი („რიჩარდ მესამე“ 1979) და სხვ.

განსახიერებული აქვს კინოროლები: ოთარი („გიორგობისთვე“ 1966), კაზა ჩხეტია („დათა თუთაშხია“ 1978), ნოდარი („ჩემი მეგობარი ნოდარი“ 1967), ჰერცოგი („დონ კიხოტი“ 1989), თენგიზი („გასერინება ყარაბაღში“ 2005) , მერაბ სეთურიძე („რაიკომის მდივანი“), მირიან ტაბიძე („გამოცხადება“) და სხვ. გადაღებულია ვიდეოფილმებში: „ირინეს ბედნიერება“ (აბესალო, 1974), „ოთარაანთ ქვრივი“ (გიორგი და სოსია, 1978), „სატელევიზიო ოთხთავი“ (1996) და სხვ.

შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: პოეზიის 30 წუთი (1974), „ბედი ქართლისა“ (1975), აკაკი წერეთლის მონოლოგი (1979), ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი (1983) და სხვ. ფირფიტაზე ჩაწერილი აქვს „ვეფხისტყაოსანი“ (1986), „გალობანი სინანულისანი“ (1989).

გოგი ხარაბაძე რვა წიგნის ავტორია: „თქვენ მომაგონდით“, „კოქსართროზი“, „წყნარად, წარსულო, წყნარად“, „მოთხრობები და მიძღვნები“, „სისხლიანი მეოცე“, „პირველი“, „თამადა“, „სახლი რუსთაველზე“.

გოგი ხარაბაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სახალხო არტისტი (1986), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1976) და დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიის (1987) ლაურეატი. მიღებული ჰქონდა ჯილდოები: ხელოვნების ქურუმი (2017) ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; პრემია „საგურამო“ (2012).

 

_20 აგვისტოს ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე 82 წლისა გარდაიცვალა.

თეიმურაზ გოცაძე 1941 წლის 25 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1971-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. 1983-1988 წლებში იყო თბილისის „მხატვრის სახლის“ დირექტორი, 1989-1995 წლებში საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, 1988–2005 წლებში საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების „სურათების ეროვნული გალერეის“ გენერალური დირექტორი.

გოცაძის მთავარი ნამუშევრებია: „ლურჯა ცხენები“, „დაბადება“ (ორივე 1965), „ეფემერები“ (1966), „ჩემი საუკუნე“ (1980), „ჩემი თბილისი“ (1987), სერია „ქართლის ცხოვრება“ (11 სურათი, 1983), „სულიერი საქართველო“ (1991), „მოტაცებული მშვენიერება“ (1999), „საქართველო - XX საუკუნე“ (2002).

_27 ოქტომბერს, გარდაიცვალა ბათუმელი რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და "ბიაფის" (საერთაშორისო კინოფესტივალი) დამაარსებელი და ხელმძღვანელი, გიორგი გოგიბერიძე.

ბოლო წლებში გოგიბერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა "თეთრი კვადრატის" ავტორი და წამყვანი იყო. გოგიბერიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის 49 წლის იყო.

_28 ოქტომბერს 91 ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა.

 იგი 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული. 1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვისტო“, „ჯორდანო ბრუნო“ და სხვ. 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „ერთი ცის ქვეშ“, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“ და სხვ.

მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

 

_2 დეკემბერს გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი.

მედეა ამირანაშვილი 1930 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1954 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს „ფაუსტი“), რის შემდეგაც ამ თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი, მარიხი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ლელა (რ. ლაღიძის „ლელა“), ტატიანა (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო“), ბატერფლაი, მიმ (პუჩინის „ჩიო–ჩიო–სანი“, „ბოჰემა“), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის „ტრუბადური“, „ტრავიატა“), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი“).

1981 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1991 წლიდან ქ. ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1997 წელს გადაეცა ღირსების ორდენი, 1971 წელს კი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.

_12 დეკემბერს მძიმე ავადმყოფობის შედეგად 66 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა.

ქარუმიძე წერდა მოთხრობებს, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. ზურაბ ქარუმიძეს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები: 2018 წელს პრემია „ლიტერა“ რომანისთვის „მოგზაურობა ევროპაში“, 2010 წელს პრემია „საბა“ წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება“. 2007-2008 წლებში ის იყო პირველი არხის გადაცემა, „ღამის საუბრების“ წამყვანი. ზურაბ ქარუმიძე რედაქტორობდა საქართველოში გამოცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: „საქართველო/კავკასიის პროფილი“ და „კავკასიის კონტექსტი“. ლიტერატურულ წრეებში ზურაბ ქარუმიძეს იცნობდნენ „შოუ ბაბუხადიას“ ფსევდონიმითაც. ამ ფსევდონიმით 2017 წელს გამოიცა მისი რომანი „ბაყაყები“.

_17 დეკემბერს 89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და სახალხო არტისტი, ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა.

ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, 1980 წლიდან კი მოღვაწეობდა საფრანგეთში; გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“, „აპრილი“, ასევე მხატვრული ფილმები: „გიორგობის თვე“, რომლისთვისაც მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის. „მთვარის ფავორიტებმა“ კი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.

2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იყო ქართველი რეჟისორის ფილმი „შანტრაპა“.