კულტურის სამინისტროს ინიციატივით ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია გაიხსნა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კულტურის სამინისტროს ინიციატივით ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია გაიხსნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროსა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თანამშრომლობით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელსაც ირაკლი ფარჯიანის სახელი მიენიჭა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ირაკლი ფარჯიანის ფონდის წარმომადგენლები, ირაკლი ფარჯიანის ქალიშვილი სოფო ფარჯიანი, მხატვრები, მათი ოჯახის წევრები, გალერისტები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს 542 მ2 სივრცეში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტით მოწყობილი და უმაღლესი ტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია.
ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიის პროექტი ირაკლი ფარჯიანის ფონდთან კულტურის სამინისტროს კონსულტაციითა და უწყების უშუალო მონაწილეობით შემუშავდა. ლაბორატორიის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტურობის დადგენა უახლესი თაობის აპარატურისა და ტექნოლოგიების მეშვეობით (ინფრაწითელი გამოსხივების სპექტროსკოპი, რამანის ოპტიკური მიკროსკოპი, ელექტრონული მიკროსკოპი, სტერეო, პოლარული და ბინოკულარული მიკროსკოპები, მაღალი რეზოლუციის ფოტოკამერები, ულტრაიისფერი ფლუორესცენცია, ინფრაწითელი ნათების კამერა, რენტგენოგრაფია, რენტგენოფლუორესცენტური ანალიზი, სრულად აღჭურვილი ქიმიური ლაბორატორია, 3D სკანერი და უმაღლესი რეზოლუციის ფოტოსკანერი).
საქართველოში აქამდე მსგავსი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ლაბორატორია არ ყოფილა და მისი გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის, მათი შემოქმედებისა და უფლებების დაცვისთვის. გარდა ამისა, ლაბორატორია ხელს შეუწყობს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაუმჯობესებას, ექსპონატების სამეცნიერო კვლევას, ატრიბუციას, დათარიღებას, ავთენტურობის დადგენასა და ა. შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის ბოლოს ხელოვნებათმცოდნეებს, ქიმიკოს-რესტავრატორებსა და რადიოლოგებს ესპანელმა ექსპერტმა ჩაუტარა გადამზადების კურსი. მათ შეისწავლეს ლაბორატორიაში განთავსებულ აპარატურასთან მუშაობა, ექსპერტიზის პროცესში მისი გამოყენება (ექსპერტიზის პროცესის მართვა, ქიმიური და ტექნოლოგიური კვლევების ჩატარება) და შესაბამისი დასკვნების მომზადება. კადრების მომზადება-გადამზადება მომავალშიც გაგრძელდება. შედეგად ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ხელოვნების ნიმუშების საცდელი კვლევების ჩატარება.
ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორია იწყებს ხელოვნების მუზეუმში, კერძოდ, ხელოვნების მუზეუმში დაცული სახელოვანი მხატვრების, უპირველესად კი - ფიროსმანის, ნამუშევრებიდან მიკროსკოპული ნიმუშების შეგროვებას და ლაბორატორიისათვის აუცილებელი ტექნოლოგიურ მონაცემთა ბაზის შექმნას. ამ პროცესში, მუზეუმის გადამზადებულ თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ესპანელი ექსპერტიც.
ინფორმაციისთვის: ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის სახელმწიფო ლაბორატორიის შექმნის იდეა გაჩნდა 2021 წლის ივლისში, როდესაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თავმჯდომარე მიხეილ ჯიქიამ, სოფო ფარჯიანის ხელშეწყობით, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.