მართლმადიდებელი ეკლესია ხარებას აღნიშნავს - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესასწაულის შესახებ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. უძრავი დღესასწაული ძველი სტილით 25 მარტს აღინიშნება, ახალი სტილით კი – 7 აპრილს.

ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.

ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქი ბრძანებს: როგორც წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა”.

დღესასწაულის სახელწოდება - ხარება - მასთან დაკავშირებული მოვლენის მთავარ არსს გადმოსცემს:

მარიამ ღვთისმშობლისათვის ხარებას, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე - ძე ღვთისა. ლუკას სახარება გვასწავლის: უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი მიავლინა გალილეის ქალაქ ნაზარეთში, ქალწულ მარიამთან, რომელიც იოსებზე იყო დანიშნული. შევიდა ანგელოზი მარიამთან და უთხრა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". უფლის ანგელოზის გამოცხადებამ შეაძრწუნა და ჩააფიქრა გამოუცდელი ქალწული-ნეტა, რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა დაამშვიდა იგი "ნუ გეშინინ მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლადიღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესო. ესე იყოს დიდ და ძე მადლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითისი, მამისა თვისისაი და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ". გაოცებული მარიამი ეკითხება ანგელოზს, თუ როგორ მოხდება ეს, როცა მან მამაკაცო არ იცის?! ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია, -"სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარავდეს შენ",-იყო პასუხი. გახარებული ქალწული თავის მორჩილებას ასე გამოხატავს: "აჰა მხევალი უფლისაი, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!"

აუწყა რა მთავარანგელოზმა უფლისა ნება რჩეულ ქალწულს, მოხდა სასწაული,-არსება უსხეული განსხეულდა და დაემკვიდრა ქალწულ მარიამის წიაღში.

იმის შესახებ, თუ სად და როდის გაჩნდა პირველად ხარების დღესასწაული, არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ 560 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ ხარების აღნიშვნის თარიღად 25 მარტი (ახალი სტილით 7 აპრილი) მიუთითა.

დღესასწაული მარხვას ემთხვევა, მაგრამ ხარებას მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.