რა არის ბზობა და როგორ აღინიშნება იგი მართლმადიდებლურ სამყაროში?
ბზობა მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, მას საერთაშორისო ენაზე ეწოდება ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში, ქართველები ბზობას ვეძახით, რადგან სწორედ ბზის, წმინდა და მარადმწვანე ხის ტოტებით ვულოცავთ ერთმანეთს ამ ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, იმ მიზეზით, რომ საქართველოში ბზა ყველაზე ადრე ყვავის და ყველაზე ძვირფას ხედ მიიჩნევა.
ქრისტიანულ სამყაროში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა და აღინიშნება აღდგომის წინა კვირას. ეს დღესასწაული დადგინდა მას შემდეგ, რაც იესომ მხოლოდ სიტყვით აღადგინა ოთხი დღის მკვდარი თავისი საყვარელი მეგობარი ლაზარე. ამ ფაქტით ებრაელი ხალხის უმრავლესობამ იწამა, რომ ქრისტე ღმერთია. მაშასადამე, რომ არ ყოფილიყო ლაზარეს აღდგინება, არავინ შეხვდებოდა დიდებით ქრისტეს იერუსალიმში, ახლა კი სახედრის კიცვზე ამხედრებულ იესოს ხალხი შეხვდა როგორც მეფეს: ფეხქვეშ უშლიდნენ ხალიჩებს, თავიანთ გარესამოსელს, პალმის ტოტებს, ყვავილებს და სულიწმიდის მადლით უგალობდნენ როგორც ღმერთს: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“
ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზეიმით ხვდებოდნენ ქრისტეს, ქრისტე კი ტიროდა. ამაზე წმინდა მამები, ასეთ განმარტებას იძლევიან, რომ ქრისტე ღვთიური თვალით ხედავდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც დღეს „ოსანას“ გალობით ხვდებოდა, ერთი კვირის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა, რის გამოც ებრაელი ერი თავს დაიტეხდა უდიდეს უბედურებას. ქრისტე ხედავდა, როგორ გაანადგურებდა ვესპასიანე 70 წ. იერუსალიმს, რომ მისგან მთელი „გოდების“ კედელიღა დარჩებოდა და სახელმწიფო დაქცეულ-დაკარგული ებრაელობა როგორ დაიქსაქსებოდა მთელ დედამიწაზე და როგორ იქნებოდნენ სამადლოდ შეკედებულნი სხვის კარს საუკუნეების განმავლობაში.
ბზობის დროს, ქრისტე გაუხედნავ კიცვზე (ჩოჩორზე) იჯდა და უკან დედა სახედარი მისდევდა. ეს სიმბოლურია და წმიდა მამათა აზრით, ქრისტეს პირველად „გაუხედნავი“, წარმართი ხალხი შეიწყნარებდა, ხოლო სულ ბოლოს, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს, ებრაელებიც მოიქცევიან ქრისტიანობაზე.
ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტები მზის ამოსვლამდე უნდა მოიჭრას. მოჭრილ ტოტებს აკურთხებებ, კურთხევის შემდეგ კი მოსახლეობას იგი სახლებში მიაქვთ.
ამ დღეს იკითხება ბზობის დღესასწაულის ტროპარ-კონდაკი.
ტროპარი:
ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
კონდაკი:
ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაი დღეს და ყრმათა გალობაი ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
ავტორი-სალომე ნოზაძე
გილოცავთ ბზობის დღესასწაულს! - ყველაფერი რაც ბზობის შესახებ უნდა იცოდეთ
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი