დიდმარხვის მე-6 შვიდეულის შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას, ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღესრულება. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ყველა ქრისტიანი ზეიმით აღნიშნავს ბზობის წინა დღეს. ეს დღე ქრისტეს ამქვეყნიურ სასწაულებში (აღდგომის გარდა) უდიდესია.
მართალი ლაზარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქრისტიანობაში, რამდენიმე მიზეზის გამო: მართალი ლაზარე იყო მეგობარი უფლისა, რომელიც უყვარდა იესოს. ასევე, ის წმინდა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ, მისი დები, მართა და მარიამი, იყვნენ მაცხოვრის მოწაფეები და სულითა და გულით ემსახურებოდნენ იესოს.
უფალმა დაუშვა 4 დღე მკვდარი ყოფილიყო მისი საყვარელი მეგობარი ლაზარე, რათა მისი აღდგინებით ებრაელ ხალხს ეწამა, რომ ქრისტე ღმერთია, რომ ის არის მათი სანატრელი მესია, ამდენი საუკუნე რომ ელოდნენ. ქრისტეს ბოლო ცდა იყო, რომ ებრაელობას არ მიეღო მონაწილეობა ქრისტეს წამებაში. იგი მაინც გაეკვრებოდა ჯვარზე კაცობრიობის სახსნელად, რადგან თვითონვე ამბობდა, რომ „ამისთვის მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა ქვეყნად, რათა აღეხოცნა პირველქმნილთა ცოდვები“, მაგრამ მისი უდიდესი სურვილი იყო ღვთის რჩეულ ერს არ მიეღო მონაწილეობა უსჯულოების ამ ზეიმში.
ცნობილია, რომ ერთ დღეს, როდესაც ლაზარე ავად გახდა და გარდაიცვალა, უფალმა ეს იცოდა. იესო სიკვდილს მიძინებას უწოდებს არა იმიტომ, რომ მას ძინავს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანის სიკვდილი მისთვის მიძინებაა, მის წინაშე ყველა ცოცხალია. ჩვენთვის მძინარე ადამიანის გაღვიძება იოლია, უფლისთვის კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს გარდაცვლილის აღდგინება. როდესაც იესო ბეთანიაში მივიდა, ლაზარე 4 დღის დამარხული გახლდათ. მართალი ლაზარე კლდეში ესვენა, სადაც გამოქვაბული იყო და ლოდი ჰქონდა მიფარებული.
მარიამმა შეიტყო უფლის მოსვლა, უმალ გაემართ მისკენ, იესოც მას ელოდა, რათა სასაფლაოსკენ წასულიყვნენ. იუდეველები მარიამს გაჰყვნენ, რადგან ეგონათ, რომ იგი საფლავზე მიდიოდა. მარიამი კი მივიდა იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი ელოდა. იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი და მასთან ერთად მისული იუდეველები. უფალიც აცრემლდა. მივიდა 4 დღის დაფლულ ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი!
მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული – ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. მაშინ მაცხოვარმა უბრძანა მსახურებს, გაეთავისუფლებინათ სუდარისაგან ლაზარე. აღსდგა ლაზარე ისეთივე სხეულით, როგორიც ჰქონდა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. უფლის ნებით იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა.
მართალი ლაზარე სიმბოლოა, მაგალითია ადმიანისა, რომელიც უფლისთვის მოკვდება - ის უსათუოდ გააგრძელებს სიცოცხლეს უფლის წიაღში, ის უსათუოდ აღდგება. იგი ასევე სიმბოლოა ადამიანისა, რომელიც უფალმა იმიტომ დააბრუნა იმ ქვეყნიდან, რათა ცოდვაში მცხოვრებ ადამიანებს აუწყოს ღვთის გზით სიარულის აუცილებლობა, რათა არ დაიმძიმონ სული.
ლაზარეს შაბათი და ბზობა მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.
ავტორი: ია გრიგალაშვილი
მართლმადიდებელი სამყარო ლაზარეს შაბათს აღნიშნავს - ყველაფერი ამ დღესასწაულის შესახებ
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი