რა აღიარებითი ჩვენება მისცა გამოძიებას ბავშვთა სახლის დირექტორმა, რომელმაც ცხრა არასრულწლოვანი გაყიდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, რომ დანაშაულში ბრალდებულის მიმართ საზოგადოებას სიბრალულის გრძნობა აქვს. არ ვსაუბრობ „სტოკჰოლმის“ სინდრომზე, უფრო სხვა მხარეს მსურს შევეხო - როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის და საკუთარ თავს უტყდებით, რომ მის ადგილზე, ეგებ, მეც ასე მოვქცეულიყავიო. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, საქართველოში, 70-იანი წლების მიწურულს მოხდა და მაშინ გარკვეულ წრეებში უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა იმის მიუხედავად, რომ არა მარტო იმ სფეროს წარმომადგენელთა აზრი გაიყო, სადაც ბრალდებული მოღვაწეობდა, არამედ, თავად სამართალდამცავებსაც ვერ გადაეწყვიტათ, ჰქონდათ თუ არა საქმე დამნაშავესთან, საბჭოთა სამართალმა სხვაგვარად განსაჯა. 

„საბჭოთა კავშირის დროს ბევრი რამ იყო კარგი და მათი გადმოღება რომ შეიძლებოდეს, სიამოვნებით გადმოვიღებდი. მაგალითად, წელიწადში ორჯერ, ჩვენი სამმართველო უპატრონო ბავშვთა სახლს სტუმრობდა, საჩუქრები მიგვქონდა პატარებთან, ვეთამაშებოდით, ნუგეშს ვაძლევდით, თანაც ეს ბავშვები ფორმიან ადამიანებს რომ ხედავდნენ, უხაროდათ, ყველა იმაზე ოცნებობდა, რომ მომავალში მილიციის თანამშრომელი გამხდარიყო. არადა, ძნელია, როცა უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდები, ცხოვრების სწორ გზაზე დადგე. ახლა ასე იშვიათად ხდება, კი დადიან ხოლმე, მაგრამ ეს კამერების თანხლებით ხდება, მაშინ კი ამას უხმაუროდ ვაკეთებდით, რადგან ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნდა. ამისთვის ფულიც იყო სამინისტროდან გამოყოფილი და ჩვენც ვაგროვებდით რაღაც თანხას, საბოლოო ჯამში კი, კარგი ნობათი გამოგვდიოდა“, - მიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, სამართალდამცავებთან 7-8 წლის გოგონა მივიდა და ჩუმად უთხრა - „ჩემი ძმა მოიპარეს“. ძალოვნები თავიდან ვერ მიხვდნენ, რა უნდოდა ბავშვს, თუმცა, როგორც კი გოგონამ დირექტორი დაინახა, მაშინვე თავი დახარა და გვერდით გადგა. ეს მილიციის თანამშრომლების მახვილ თვალს არ გამოპარვია. ისინი ბავშვებთან ერთად გაერთნენ, ვითომ არაფერი მომხდარა, შემდეგ კი, ერთ-ერთმა მათგანმა, თამაშ-თამაშით, გოგონა გვერდით გაიხმო და მშვიდად ჰკითხა - წეღან რას გვიყვებოდი, განაგრძეო.

„აქ, მე და ჩემი პატარა ძმა ერთად ვცხოვრობთ. ის ერთი თვის წინ გაქრა, მოიპარეს და მგონია, რომ დირექტორმა მოიპარა. ის იპარავს ხოლმე ბავშვებს და ახლა ჩემი ძმის ჯერი დადგა“, - ჩურჩულებდა გოგონა.

გამომძიებლებმა თავიდან ჩათვალეს, რომ ბავშვი რომელიღაც ოჯახმა იშვილა, მით უმეტეს ის 5 წლის იყო და ამიტომ, ვინმეს რომ მოეპარა, ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია აუცილებლად გააცხადებდა. ასეთი განცხადება კი არ შესულა, მაგრამ მაინც გადაწყდა, რომ დირექტორს ცალკე გასაუბრებოდნენ. მან ძალიან მშვიდად დაადასტურა, რომ ბავშვი დაიკარგა, მაგრამ არავის მოუპარავს, უბრალოდ, ბავშვთა სახლიდან გაიპარა, როგორც ადრე სხვებიც გაპარულან. ამის შესახებ მან ზემდგომებს აცნობა და არ ჰქონდა ვალდებულება, რომ მილიციაში განეცხადებინა, რადგან კრიმინალი არ მომხდარა. ქალმა ისიც ძალიან მშვიდად თქვა, ადრეც გაპარულან სხვები, მაგრამ მერე პოულობდნენ, ან თავისით ბრუნდებოდნენ და ამასაც, როცა მოშივდება, ან დაბრუნდება, ან თქვენივე თანამშრომლები იპოვნიანო. პასუხმა ძალოვნები არ დააკმაყოფილა და მეორე დღეს, ბავშვთა სახლში ოფიციალურ შემოწმებაზე მივიდნენ. გაირკვა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში, ეს მეცხრე შემთხვევა იყო, როცა ვიღაც გაიპარა და უკან აღარასოდეს დაბრუნებულა. რაც მთავარია, ბავშვთა სახლიდან გაპარული ბავშვების ასაკი 4-5 წელს არ აღემატებოდა. უფრო ზუსტად, 4-5 წელს იმ ბავშვების ასაკი არ აღემატებოდა, რომლებიც გაიპარნენ და უკან აღარ დაბრუნდნენ, თორემ სიაში 14-15 წლის გოგო-ბიჭებიც იყვნენ, რომლებიც იპარებოდნენ და შემდეგ მათ სამართალდამცავები პოულობდნენ, ან თავად ბრუნდებოდნენ.

არ ჰგავდა ყველაფერი ეს რიგით მოვლენას და თანამშრომლებმა იმდენი მოახერხეს, რომ ძიების დაწყების უფლება მოიპოვეს. ამას „მოხერხება“ საინტერესო მიზეზის გამო უნდოდა - რეალურად, არ იყო მომჩივანი, პატარა გოგონას ზეპირი განცხადება კი, ჩემი ძმა მოიპარესო, მყარ არგუმენტად ვერ გამოდგებოდა. ამის მიუხედავად, კონკრეტულ სამმართველოს აღნიშნულ ბავშვთა სახლზე შეფობა ჰქონდა აღებული და ამიტომ, ძიების დაწყების უფლებაც მისცეს.

„დირექტორი „მამალი ქალი“ იყო, ბევრს არაფერს იტყოდა, ამიტომ თანამშრომელთა დაკითხვა გადავწყვიტეთ, მაგრამ ისინი დირექტორის დანახვაზე მუნჯდებოდნენ, თითქოს, მისი ეშინოდათ. გარეთ მათი გამოყვანა ვერ ხერხდებოდა, ისინიც თითქოს ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ, თუმცა ცვლაში მუშაობდნენ და სწორედ ორ ასეთ ქალბატონს პირდაპირ სახლთან დავხვდი. ერთმა მაშინვე მითხრა, სათქმელი არაფერი მაქვს, სხვა დროს არ შემაწუხოთო, მეორემაც იგივეს თქმა დააპირა, მაგრამ ქმარი ჰყავდა ნასამართლევი, ამიტომ მივანიშნე, მაშინ კითხვები შენს ქმართან მექნება-მეთქი და ალაპარაკდა“, - მიყვება ბატონი თენგიზი.

„მე არც კი ვიცი, რა უნდა გითხრათ. პერიოდულად, ბავშვები მართლაც ქრებიან, მაგრამ გამორიცხულია, ამ ასაკის ბავშვები იპარებოდნენ. მგონია, ისინი, უბრალოდ, ვიღაცას მიჰყავს, მაგრამ სად მიჰყავს და რისთვის, წარმოდგენა არ მაქვს. ცნობისთვის, მთავარი გასასვლელის გასაღების სულ სამი ეგზემპლარია - ერთი სეიფშია, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი დირექტორს აქვს, ერთიც მის მოადგილეს, რომელიც სამსახურში ძალიან იშვიათად დადის და რეალურად, არაფერს წყვეტს“, - თქვა ქალმა.

დირექტორის მოადგილე გამომძიებელმა იმავე დღეს ინახულა და გაოცდა. არ იცოდა საერთოდ არაფერი, რაც ბავშვთა სახლში ხდებოდა, სახელებითაც კი არ იცნობდა ყველა თანამშრომელს, რაც მთავარია, წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ბავშვთა სახლიდან ოდესმე ვინმე გაიპარა და მით უმეტეს, დაიკარგა. როგორ მოხვდა აღნიშნულ თანამდებობაზე? - დირექტორმა დანიშნა იმ პირობით, რომ ცხვირს არ ჩაჰყოფდა არაფერში და ისიც არ ჰყოფდა. მოადგილის შტატი აუცილებლად უნდა ყოფილიყო შევსებული, ასეთ უამბიციო და უდარდელ მოადგილეს, ალბათ, მაშინ ყველა სამსახური ინატრებდა. დარჩა ერთადერთი წყარო, რომელსაც წესით, ყველაფერი უნდა სცოდნოდა და იცოდა კიდეც - დირექტორი, რომელიც არაფრის თქმას აპირებდა.

საინტერესო ის იყო, რომ აღნიშნული სახლიდან შვილად აყვანის მსურველი ბევრი იყო, მიჰყავდათ კიდეც ბავშვები და პრეტენზია არავის ჰქონია, მაგრამ სად წაიყვანეს ის ცხრა ბავშვი, რომელთა კვალიც, უბრალოდ, გაქრა და რომ არა გოგონა, რომელმაც ძმა მოიკითხა, ალბათ, ვერასდროს ვერავინ გაიგებდა მათ არსებობასაც კი. პერსონალს, დირექტორის შიშით, პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული. ძებნის პარალელურად, ძალოვნებმა აგენტურული ქსელი აამუშავეს და ერთ-ერთმა აგენტმა ინფორმაცია მოიტანა, მაგ სახლიდან არალეგალურად იყიდება ბავშვებიო. მან ოჯახიც დაასახელა, რომელმაც კონკრეტულად იმ სახლიდან იყიდა ბავშვი, მილიციის აგენტი კი... იმ ოჯახის დიასახლისის ძმა იყო. ოჯახი შეძლებული გახლდათ, შვილი არ უჩნდებოდა და როგორც გაარკვიეს, ნაშვილებ პატარას თან ჰყვებოდნენ, არაფერს აკლებდნენ და ძალიან, ძალიან ბედნიერები იყვნენ.

იმავე დღეს, სკოლას, სადაც ბავშვი სწავლობდა, ფოტოგრაფი ეწვია, ვითომ საბავშვო ალბომისთვის იღებდა სურათებს და ძიებისთვის საინტერესო ბავშვს ათამდე ფოტო გადაუღო, მერე კი ეს ფოტოები ბავშვთა სახლის იმ თანამშრომელს ანახეს, რომელმაც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ნებით, თუ ქმრის ისევ დაკავების შიშით, უარი არ თქვა. ქალი ყურადღებით აკვირდებოდა ფოტოს და ბოლოს, დაბეჯითებით თქვა, ეს ბავშვი ძალიან ჰგავს იმას, რომელიც ჩვენი სახლიდან სამი წლის წინ გაქრა, მაშინ 5 წლის იყო, ერთ-ორ წელიწადში, ალბათ, ვერც ვიცნობდიო.

„სხვა გზა არ იყო, სახლის დირექტორი დავაკავეთ და ბრალი ოფიციალურად წავუყენეთ. პარალელურად, ოჯახს, რომელმაც ბავშვი იყიდა, მყარი გარანტია მივეცით, რომ ბავშვს დავუტოვებდით, თუ ჩვენთან ითანამშრომლებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარას წავართმევდით. მათაც აღიარეს, რომ სამი წლის წინ, პატარა მართლაც იყიდეს და დირექტორს 10 ათასი მანეთი - ორი მანქანის ფული გადაუხადეს“, - მიყვება ბატონი თენგიზი.

როცა წყვილი სახლის დირექტორს დაუპირისპირეს, მან მწარედ გაიღიმა, კალამი და ფურცელი მოითხოვა და ერთი საათის განმავლობაში, რაღაცას წერდა, ბოლოს, დაწერილი გამომძიებელს გადასცა და მკაფიოდ განაცხადა - „არაფრის მრცხვენია!“ ფურცელზე აღიარებითი ჩვენება და იმ რვა ბავშვის მისამართი იყო დაწერილი, რომლებიც მან, ასევე, გაყიდა. დირექტორმა მოყოლა დაიწყო...

„ბავშვის აყვანის მსურველი ძალიან ბევრია, მაგრამ პროცედურებია გასავლელი, ამიტომ პატარებს შესაფერისი ოჯახების მოძებნაში ვეხმარებოდი. დიახ, ამაში გასამრჯელოს ვიღებდი, მაგრამ სამაგიეროდ, ზუსტად ვიცოდი, რომ პატარების მომავალი უზრუნველყოფილი იქნებოდა. გადაამოწმეთ ყველა და თუ იტყვით, რომ რომელიმე ცუდ პირობებში ცხოვრობს, დამხვრიტეთ“...

სამ დღეში, სამართალდამცავებმა ყველა ოჯახი შეამოწმეს და გაოცებულები დარჩნენ. ცხრავე შემთხვევაში, ბავშვები საშუალოზე ბევრად შეძლებულ ცოლ-ქმარს ჰყავდა ნაშვილები და ყველა შემთხვევაში, ისინი პატარებს არაფერს აკლებდნენ. მეზობლები ადასტურებდნენ, რომ პატარები ნამდვილ სამოთხეში ცხოვრობდნენ და არა მარტო ბავშვობა, არამედ, მომავალიც უზრუნველყოფილი ექნებოდათ, ასეთი მშობლების პირობებში.

იპოვეს იმ გოგონას ძმაც, რომელიც შეძლებულ ოჯახს ჰყავდა ნაშვილები, თუ ნაყიდი. საქმე სასამართლოს გადაეცა, არაოფიციალურად, მაგრამ მაინც, სახლის დირექტორს კოლეგები გვერდში დაუდგნენ და განაცხადეს, რომ ბიუროკრატიული ბარიერების გამო, წლების მანძილზე, ოჯახებს რიგში დგომა უწევდათ.

სასამართლომ ცხრა ბავშვის გაყიდვაში ბრალდებულ დირექტორს შვიდწლიანი სასჯელი შეუფარდა. ეს იყო მინიმუმი, რომელსაც აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებდა და ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როცა ძალოვნებს საქმის გახსნა დიდად არ უხაროდათ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე