რა ხარვეზები გამოვლინდა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაში

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტი

  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მორიგი სკანდალური დასკვნა

 მაკა რუხაძე

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციით დაინტერესდა. აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2017-2020 წლებს მოიცავს. სახელმწიფო მაკონტროლებლებმა გაარკვიეს, რომ ბოლო წლებში, მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების დადებითი ტენდენციის მიუხედავად, საქართველო კვლავაც მიეკუთვნება ევროპაში, პატიმართა მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რიცხვს, რაც საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება. მაგალითად, ევროსაბჭოს დაკვეთით მომზადებულ ლოზანის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ანგარიშის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში, 2017 წლიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში, ყოველ 100 000 მოსახლეზე, აღრიცხული იყო 252 პატიმარი. პატიმართა რაოდენობის შემცირებისა და განმეორებითი დანაშაულების პრევენციისთვის აუცილებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა, რისთვისაც 2017-2020 წლებში, 28 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკის შემცირებას და ბენეფიციართა საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციას. აუდიტის შედეგად, მთელი რიგი ხარვეზები გამოვლინდა, მათ შორის, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ბენეფიციართა ჩართულობის აღრიცხვიანობისა და მათი დასაქმების მიმართულებით.

 

ხარვეზები სტრატეგისა და სამოქმედო გეგმაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამ მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, 2017-2018 წელს, შესაბამის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებს ინდივიდუალურად შემუშავებული არ ჰქონდათ და წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ერთეულის, სამუშაო ჯგუფების დოკუმენტებში. ამასთან, გეგმებში მითითებული აქტივობები მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი შეფერხებებით, ხოლო გარკვეული მათგანი არ დაწყებულა.

იუსტიციის, ასევე, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროების გაერთიანების შემდგომ, 2018 წელს, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესთან მიმართებით დაგეგმილ 13 აქტივობას, განსაზღვრული 37 ინდიკატორით. აღნიშნული ინდიკატორებიდან დასრულებულია 57%, მიმდინარეა - 38%, ხოლო არ დაწყებულა - 5%. შეუსრულებელი საქმიანობის ძირითად მიზეზად მითითებულია ახალი კორონავირუსის - COVID-19-ის პანდემია და აქტივობების ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულება. რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში დანერგილ სერვისებსა და ღონისძიებებში, ბენეფიციართა ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

2017-2020 წლებში, პენიტენციური დაწესებულებებიდან, პირობით ვადამდე გათავისუფლდა ან სასჯელი შეეცვალა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი ფორმით, 4 866 ბენეფიციარს, საიდანაც რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში დანერგილ ძირითად პროგრამებში ჩართული იყო მხოლოდ 20%. აღსანიშნავია, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, მსჯავრდებულთა უმრავლესობის მთავარ მამოტივირებელ ფაქტორს წარმოადგენს რეაბილიტაციის პროცესში ჩართულობის დადებითი გავლენა სასჯელის შემსუბუქებაზე. არსებული მდგომარეობით, მსჯავრდებულთა პროცესში ჩართულობის მოტივაციის გაზრდის მიზნით, წამახალისებელი აქტივობები დანერგილი არაა.

რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის სრულყოფილად და ეფექტიანად განსახორციელებლად საჭიროა, როგორც ფსიქოლოგის, ასევე, სოციალური მუშაკის ჩართულობა. შესაბამისი სპეციალისტების საკადრო დეფიციტის გამო, პროცესი არ არის ხელმისაწვდომი პრობაციის სააგენტოს ყველა რეგიონსა და ოფისში. ზოგიერთ შემთხვევაში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს სავალდებულოდ განესაზღვრება სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულობა. დოკუმენტების წარმოუდგენლობის გამო, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება, ხდებოდა თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება იმ რეგიონებში, სადაც არ იყო ხელმისაწვდომი შესაბამისი სპეციალისტი“.

ყოფილ პატიმრებთან მიმართებით, 2020 წლამდე, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესი მხოლოდ 5 ოფისში მიმდინარეობდა, დღეის მდგომარეობით კი, მხოლოდ თბილისში მიმდინარეობს. პენიტენციური სამსახურის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით, 2019-2020 წლებში, პენიტენციური დაწესებულება დატოვა 7 879 მსჯავრდებულმა, ხოლო პროცესში ყოფილი პატიმრის სტატუსით ჩაერთო მხოლოდ 4.5%. 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული 311 ყოფილი პატიმრიდან, სოციალური მუშაკები მუშაობენ 190 ბენეფიციართან, ხოლო 121 ბენეფიციარი, რაიონული ოფისების დახურვისა და სპეციალისტების შემცირების გამო, ვერ იღებს შესაბამის მომსახურებას. შესაბამისად, ყოფილი პატიმრების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ სარგებლობს კანონით მინიჭებული უფლებით, ჩაერთოს და ისარგებლოს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში არსებული სერვისებით.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში განხორციელებული ღონისძიებები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას.

 

ხარვეზები ბენეფიციართა განათლებაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ხარვეზებია მსჯავრდებულთა განათლების მიღების ნაწილშიც, რაც არსებით გავლენას ახდენს მსჯავრდებულთა სურვილსა და შესაძლებლობებზე, მიიღონ სრულფასოვანი განათლება.

არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობას ნახევრად ღია, დახურული, განსაკუთრებული რისკისა და ქალთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის. არადა, ამ ტიპის დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა რიცხოვნობა სრული რაოდენობის 95%-ია. სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ზოგადი განათლების მიღება ხელმისაწვდომია მხოლოდ მათი შესაძლებლობებით, შესაბამისი პედაგოგების დახმარების გარეშე. ამასთან, მათ შესაბამისი სასწავლო წიგნებით განათლების სამინისტრო და პენიტენციური დაწესებულებები არ უზრუნველყოფენ. ბენეფიციარებს წიგნებს აწვდიან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები, პირადი ინიციატივისა და კონტაქტების საშუალებით მოძიებული მასალებით“.

აუდიტის პერიოდში, სრულწლოვანთა დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთაგან, მხოლოდ სამმა მათგანმა ჩააბარა შესაბამისი გამოცდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. მეტიც, აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ კორესპონდენციული სწავლების მეთოდით - გარკვეული სპეციალობების მიმართულებით, თუმცა უმაღლესი განათლების მიღების პროცესში გამოვლინდა ნაკლოვანებები, რის გამოც ბენეფიციართა ნაწილმა შეწყვიტა სწავლა.

გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ბიბლიოთეკებს სჭირდება, როგორც სარემონტო სამუშაოები, ასევე, შესაბამისი საგანმანათლებლო და ზოგადი ლიტერატურითა და უცხოენოვანი მასალებით შევსება.

 

ხარვეზები ბენეფიციართა დასაქმებაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად, ხარვეზები გამოვლინდა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა დასაქმებაშიც. ასე, მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა დასაქმების გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ არიან ჩართულნი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის უშუალო განმახორციელებელი სპეციალისტები - სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

„გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში, მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საქმიანობის ფარგლებში დამზადებული სხვადასხვა ტიპის ნაკეთობების რეალიზება უნდა განხორციელებულიყო ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით, თუმცა პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემები, რომლის დარეგულირება პენიტენციურმა სამსახურმა ვერ შეძლო. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ონლაინ-ელექტრონული მაღაზია არ ფუნქციონირებს“.

2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მონაწილე ყოფილი პატიმრების 65% ჩართული იყო სოციალური დახმარების პროგრამაში ან დაყადაღებული ჰქონდა ანგარიშები. დასაქმების შემთხვევაში კი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ტიპის ბენეფიციარებს ეხსნებათ სოციალური შემწეობა, ამიტომ დასაქმებისას, უმეტესი მათგანი ან უარს აცხადებს შეთავაზებულ ვაკანსიაზე და არჩევს სოციალური დახმარების მიღებას, ან ირჩევს ისეთი ტიპის სამსახურს, სადაც ანაზღაურება არ ხორციელდება საბანკო ჩარიცხვებით. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ეს გარემოება უარყოფით გავლენას ახდენს ყოფილ პატიმართა დასაქმებასა და, შესაბამისად, მათ რესოციალიზაციაზე.

ყოფილ პატიმართა და მათი ოჯახის წევრების დასაქმების მიზნით შექმნილმა საწარმომ - ააიპ „შეცვალე სცენარი“, მომხმარებლის კლების გამო, 2019 წელს, ფუნქციონირება შეწყვიტა. შესაბამისად, დახარჯულ რესურს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ნაკლოვანებებისა და გამოწვევების დარეგულირება მნიშვნელოვნად გაზრდის მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა დასაქმების მაჩვენებლებს, რაც დადებითად აისახება ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესზე.