რა ვითარებაა ყირიმის ხიდზე - ბოლო ცნობები უკრაინის და რუსეთის მხრიდან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გუშინ, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას, უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს აბრალებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინა ღამის განმავლობაში 28 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს ყირიმის ტერიტორიას, ინფორმაციას „რიანოვოსტი“ ავრცელებს.

„წუხელ ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 28 უპილოტო საფრენი აპარატით ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე“, – აცხადებენ სამინისტროში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა ყველას განადგურება მოახერხა, ამასთან ერთად აღინიშნეს, რომ თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ყირიმის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგულარულად ცდილობენ უპილოტო საფრენი აპარატებით ყირიმის ტერიტორიაზე თავდასხმას.

***

მოგვიანებით, რუსეთის ვიცე-პრემიერმა, მარატ ხუსნულინმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია.

„ყირიმის ხიდზე საავტომობილო-სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია გარე მარჯვენა ზოლზე“, – წერს ხუსნულინი საკუთარ „ტელეგრამზე“. ვიცე-პრემიერის თქმით, ხიდზე ნაწილობრივ მოძრაობა უსწრაფესად აღდგა, ხოლო სარემონტო სამუშაოების შემდეგ მთლიანად აღდგება.

***

უკრაინის მხარის ცნობით კი რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზე მიიტანა, რამაც ოდესაში, შავი ზღვის პორტში ინფრასტრუქტურა დააზიანა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ 36 უპილოტო საფრენი აპარატიდან 31-ის ჩამოგდება მოახერხეს. უპილოტო თვითმფრინავების უმეტესობა ჩამოაგდეს სამხრეთით ოდესისა და მიკოლაივის რაიონებში, დანარჩენი კი განადგურდა დონეცკის, ხარკოვისა და დნიპროპეტროვსკის აღმოსავლეთ რეგიონებში.

მიკოლაევის მერის, ალექსანდრ სენკევიჩის თქმით, ქალაქის პორტში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

„როიტერის“ ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ეს თავდასხმა იყო კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ტერორისტ ქვეყანას სურს, საფრთხე შეუქმნას 400 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინული საკვების ექსპორტზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა.

***

შეგახსენებთ, რომ გუშინ დრონებით შეტევა იყო ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს. რუსეთმა მომხდარს "ტერორისტული აქტი" უწოდა და გამოძიება დაიწყო. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ხიდზე დაიღუპა ცოლ-ქმარი, მათი არასრულწლოვანი შვილი კი დაშავდა.

უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.

-2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.

-2018 წელს, რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს - სარკინიგზო.

-2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს იყენებდა საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის.