1992 თუ 1940? - როდის გამოჩნდა პირველი ქართველი ტოპ-ხუთეულში

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია - თანმიმდევრობა პირობითია, თუმცა ამ ქვეყნების ჩემპიონატები ევროპაში საუკეთესოდ ითვლება და ტოპ-ხუთეულად იწოდება. შესაბამისად, იქ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის არა მარტო პრესტიჟული, არამედ, შესაძლებლობების ახალი ეტაპია. გამორიცხულია, ამ ჩემპიონატების ნებისმიერ კლუბში თამაშობდე, მეტი შეგეძლოს და ისეთმა გრანდებმა ვერ შეგამჩნიონ, როგორებიც „რეალი“, „ბარსელონა“, „ბაიერნი“, „პსჟ“, „მანჩესტერი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“ ან „მილანი“ არიან.

პირველად, ტოპ-ხუთეულის ჩემპიონატებში ქართველი ფეხბურთელი ზუსტად 30 წლის წინ, 1992 წლის 8 აგვისტოს გამოჩნდა - ფრანგული „ლე ავრის“ რიგებში, გია გურულმა ითამაშა. მერე დაიწყო, კარგადაც მიეწყო, მაგრამ ბოლოს, ქართველებს სულ უფრო უჭირდათ უძლიერეს ლიგებში ფეხის მოკიდება. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ გასული საუკუნის 40-იან წლებში, ისევ საფრანგეთში, „რედ სტარის“ ღირსებას ვინმე, ოთარ დონდუა იცავდა, თუმცა ის საფრანგეთის მოქალაქე იყო, პირველად კი ქართველი ფეხბურთელის გასწვრივ, ჩვენი დროშა, სწორედ გია გურულის დროს გამოისახა.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ ახალ სეზონს უდიდესი ინტერესითა და იმედით ველოდებით - უძლიერესთა შორის, თავის გამოჩენას ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლიში“ შეეცდება, გიორგი მამარდაშვილი - ესპანურ „ვალენსიაში“, ლუკა ლოჩოშვილი და დაჩი ლორთქიფანიძე - იტალიურ „კრემონეზეში“ (ამ ორზე ქვემოთ ცალკე მოგითხრობთ). რაც მთავარია, არცერთი მათგანი უკანა პოზიციაზე ყოფნას არ აპირებს. მამარდაშვილი „ვალენსიას“ კარში მყარად ჩადგა და მთავარი კონკურენტი, ჰოლანდიის ნაკრების მეკარე, გუნდიდან გააქცია, კვარაცხელიასი კი მხოლოდ „ნაპოლის“ კი არა, მთელ იტალიას ეიმედება, ამ ბიჭის წყალობით, სერია A უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს და უფრო მეტი მაყურებელი შემოიკრიბოსო. ყველაფერი ეს, აუცილებლად უნდა აისახოს ეროვნულ ნაკრებზე და ვფიქრობთ, ახლა სწორედ ის თაობაა ეროვნულ გუნდში, რომელმაც ნანატრი ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი უნდა გვაჩუქოს.