დვალიშვილმა ლეგენდა დაამარცხა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, შეიძლება ითქვას, კარიერის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო. მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილიელს, ჟოზე ალდოს შეხვდა. თავის დროზე, ალდო UFC-ის ჩემპიონი და დაუმარცხებელი სპორტსმენი იყო. ბრძოლა დიდ აჟიოტაჟს იწვევდა და ალდოს პოპულარობიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი სულაც არ იყო. მეტიც, არაერთმა ცნობილმა ადამიანმა სოციალურ ქსელში, ალდოს მოგებაზე გაკეთებული ფსონების დამადასტურებელი ბილეთები ატვირთა და ისინი გამარჯვებაში დარწმუნებულნი იყვნენ. ერთ-ერთ მათგანს 238 ათასი დოლარიც კი ედო, აქაოდა, მოგება გარანტირებული მაქვს და დღის ბოლოს, მეოთხედი მილიონით გავმდიდრდებიო.

ბრძოლა დაძაბულად წარიმართა და დვალიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მერაბის უპირატესობა სამივე მსაჯმა დააფიქსირა. აღნიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი:

„ქართველებს სათანადოდ არ აფასებენ და მათ ფართო საზოგადოება არ იცნობს. ამ ქვეყნიდან ძალიან ბევრი, დაუჯერებლად მაგარი მოჭიდავე და გრეპლერი მოდის. ისინი ზუსტადაც რომ მოჭიდავეები არიან. ეს პატარა ბიჭი, მერაბი ძალიან მაგარი მებრძოლია“, - დაწერა კონორმა სოციალურ ქსელში.

და ერთიც, ორთაბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, დვალიშვილს ფაფახსა და გულსაკიდზე ჰკითხეს, რომელზეც საქართველოა გამოსახული:

„ფაფახის გამო, რამდენჯერმე, ხაბიბს შემადარეს. ის ლეგენდარული სპორტსმენია, პატივს ვცემ, მაგრამ მე მერაბ დვალიშვილი ვარ და მას არ შემადაროთ. ამ რუკაზე საქართველოა გამოსახული, მე ქართველი ვარ, ხაბიბი - დაღესტნელი. ადრე დაღესტანიც დამოუკიდებელი იყო, შემდეგ რუსეთმა დაიპყრო. 2008 წელს, რუსეთმა საქართველოს გარკვეული ტერიტორიები დაიპყრო და ეს ჩვენი ქვეყნის 20%-ია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რუსეთი ოკუპანტია და ისინი იგივეს აკეთებენ უკრაინაში, რაც 2008 წელს, საქართველოში გააკეთეს“, - თქვა მერაბმა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე