როგორ შევივსოთ ვიტამინების ნაკლებობა გაზაფხულზე - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: გვანცა პეტრიაშვილი

გაზაფხული ბევრი ადამიანისთვის არა მხოლოდ თბილი დღეების დაწყებას, არამედ ჯანმრთელობის გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. ძირითადი მიზეზი ხშირად ორგანიზმში საკვები ნივთიერებების ნაკლებობაა.ზამთრის შემდეგ ჩვენი სხეული დასუსტებულია და საკვები, რომელსაც ზამთრის განმავლობაში ვიღებთ, არცთუ ისე დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს. რა სახის საკვები უნდა მივიღოთ გაზაფხულზე და რომელი ვიტამინები დასჭირდება ჩვენს ორგანიზმს ძალის აღსადგენად - ამ საკითხზე HotNews ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა:

_ ბატონო ლაშა, რატომ ჩნდება ვიტამინების ნაკლებობა გაზაფხულზე?
_ ჯანსაღ, რაციონალურ კვებაში ვგულისხმობთ, რომ აუცილებელია, ორგანიზმს მივაწოდოთ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა ჩვენი ცხოველმყოფელობისთვის. ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და წყალი. თუ რომელიმე მათგანის მიწოდება არის დარღვეული, ეს ცვლის ორგანიზმის მეტაბოლიზმს.
21-ე საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ ეკოლოგიური საფრთხე, რაც მოიტანა დრომ, ცივილიზაციამ, გენური ინჟინერიისა და ტექნოლოგიების განვითარებამ, ნიადაგი გამოფიტული და გაღარიბებულია მინერალებისა და ვიტამინებისგან.
გაზაფხულზე ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ზამთარში საკვების რაციონი არ გვაძლევს მათი სრულად შევსების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე გაზაფხულზე ორგანიზმი მეტად გამოფიტულია მიკრო და მაკროელემენტებით.

_ რომელი ვიტამინების ნაკლებობა ვლინდება გაზაფხულზე?
_ არსებობს მოსაზრება, რომ თუ ადამიანი სრულფასოვნად იკვებება, მას არ სჭირდება ვიტამინების და მინერალების დამატება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან პროდუქტებში მათი შემცველობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული - საკვების ტექნოლოგიურ დამუშავებაზე, პროდუქტის ხარისხსა და სახეობაზე, მისი შენახვის წესსა და ვადაზე. დიდ გავლენას ახდენს კერძის მომზადების მეთოდიც, კონსერვანტების და ემულგატორების დამატება, რაც საგრძნობლად აქვეითებს მათ კონცენტრაციას საკვებში, აქედან გამომდინარე ხშირად აუცილებელია მინერალების და ვიტამინების, როგორც საკვები დანამატის, გამოყენება, რაც უკვე მიღებული, რეკომენდებული და დანერგილი პრაქტიკაა ევროპის და აშშ-ს წამყვან ქვეყნებში.
ასევე, გაზაფხულზე შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, ესენი შეიძლება იყოს: რკინა, მაგნიუმი, თუთია, ვიტამინი D და B ჯგუფის ვიტამინები და ა.შ

_ ე.ი. გაზაფხულზე ორგანიზმს ვიტამინების მომატებული მოთხოვნილება აქვს?
_ ორგანიზმი, როდესაც განიცდის მინერალების დეფიციტს, ამას აქვს დიდი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე, რაც შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ჩივილებით -დილით გაღვიძებისთანავე დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, მოთენთილობა, გონების გაფანტულობა, გულის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა. მიკრო და მაკრო ნუტრიენტები დიდ როლს ასრულებენ ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმისა და ჰორმონთა ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინები ორგანული ნაერთებია, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. ისინი გამოიყენება, როგორც საშენი მასალა ორგანიზმის სტრუქტურებისთვის და აუცილებელია ბევრი ბიოქიმიური პროცესისათვის. როგორც აღვნიშნეთ, მათ ჩვენ მივიღებთ საკვებიდან, თუმცა ზოგიერთი ორგანიზმის მიერ სინთეზირდება. როდესაც ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტია, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ჩივილები: სისუსტე, გადაღლა, ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომატიკა, ტავის ტკივილი და საკვებისადმი გაზრდილი მოთხოვნა. შესაბამისად, აუცილებელია, ამ დროს ჩატარდეს გარკვეული ლაბორატორიული ტესტები, რის მიხედვითაც იქნება შერჩეული ვიტამინების და მინერალების დანიშვნის აუცილებლობა.

_ გაზაფხულზე როგორ ავიცილოთ თავიდან ვიტამინების ნაკლებობა?
_ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნუტრიენტების დეფიციტი, აუცილებელია ჯანსაღი კვების პრინციპების დანერგვა ჩვენს ყოველდღიურობაში, რათა ორგანიზმს მივაწოდოთ ყველა ის მნიშვნელოვანი ვიტამინი, რაც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ ,რიგ შემთხვევებში მხოლოდ კვებით ეს შეუძლებელია და ხშირად გვიხდება მათი დამატება საკვები დანამატების სახით, რაც აუცილებლად დანიშნული უნდა იყოს ექიმი-სპეციალისტის მიერ, რადგან ზოგიერთი ნუტრიენტის ხანგრძლივი ან არასწორი გამოყენების დროს შესაძლებელია, მივიღოთ პირიქით პათოლოგიური ცვლილებები.

_ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია D ვიტამინის დეფიციტი, რა გავლენას ახდენს ეს ჯანმრთელობაზე?
_ ეს არის ვიტამინი, რომლის ძირითადი წყარო არის მზის სხივები. მას სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად ევალება ჯანმრთელი უჯრედების წარმოქმნა, რაც უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღისა და ნორმალური ფერის შენარჩუნებას. გარდა ამისა, კვლევებით დადასტურებულია, რომ D ვიტამინი ამცირებს კანის ანთებასა და გაღიზიანებას ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებში. ასევე, მას ხშირ შემთხვევაში უწოდებენ ჰორმონ D ვიტამინს მისი მრავალმხრივი ეფექტებიდან გამომდინარე ორგანიზმზე. ის მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და აღნიშნული ბოლო 2 წლის განმავლობაში პანდემიის გამო ის მეტად აქტიური გახდა. ამასთან, დიდი ზემოქმედება აქვს მეტაბოლიზმის სიჩქარეზე. საბოლოო ჯამში, D ვიტამინის როლი განუსაზღვრელია ჩვენს ორგანიზმში.

_ განსაკუთრებით, რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამ სეზონზე, გაუზიარეთ მკითხველს რეკომენდაციები...

_ კვება უნდა იყოს ჯანსაღი და მოიცავდეს ყველა იმ მნიშვნელოვან კომპონენტებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, წყალი, რაციონში მეტად უნდ იყოს ჩართული... ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და მჭლე ხორცი.