საქართველოში დღეს გლოვის დღეა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, ბათუმში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ნაცნობები,მეგობრები,ნათესავები, კლასელები,ოჯახის წევრები, მომხდარ ადგილას მიდიან და პატივს მიაგებენ გარდაცვლილ ადამიანებს.

11 ოქტომბერს გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს"

ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს.

"კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო, ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში და მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, ვუსურვებ გამძლეობას და ღმერთის წყალობას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.