რა საფრთხეს უქმნის „აგენტების კანონი“ საქართველოს ევროპულ მომავალს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალა“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი - „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება. ინიციატივის მიხედვით, შემოღებულ იქნება „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და ასეთად გამოცხადდება ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის 20%-ზე მეტს უცხო ქვეყანა აფინანსებს.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტს ასე გამოეხმაურა:

„ჩვენ გვაქვს შეშფოთებები, ღრმა შეშფოთებები. გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს შეშფოთებები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე - FARA, აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა FARA- ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას“...

რა საფრთხეს შეუქმნის ეს კანონი დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებას და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს? - „ვერსიას“ ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია ესაუბრა.

 

- ბატონო პაატა, „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს დასავლეთის აღშფოთება უკვე მოჰყვა. დასავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი საქართველოს პროდასავლურ კურსს დიდ საფრთხეს შეუქმნის და ამ კანონის დამტკიცებით, ჩვენი ქვეყანა დასავლეთთან „ყველა ხიდს დაწვავს“. ამ საფრთხეს თქვენც ხედავთ?

- სრული აბსურდია ამ კანონის მიღება, ეს მართლაც იქნება „ხიდების დაწვა“ დასავლეთთან და ამას ხელისუფლებას არავინ აპატიებს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რა არის ცუდი, ევროპასა და აშშ-შია მსგავსი კანონი და ჩვენთანაც რომ იყოს, რატომ არ შეიძლება და რატომ აიგივებს ამას დასავლეთი რუსულ კანონებთანო?.. ასეთი განმარტება გათვლილია ისეთ ხალხზე, რომლებიც საკითხს არ უღრმავდებიან. დავიწყოთ იმით, რომ ევროპასა და აშშ-ში არის მსგავსი კანონი, მაგრამ იქ დემოკრატიის ხარისხი ძალიან მაღალია - დასავლეთში სასამართლო დამოუკიდებელია და საარჩევნო სისტემა სრულყოფილია, თავისუფალია ბიზნესი, მედია და სიტყვის თავისუფლებაა. ეს ის ძირითადი, ფუნდამენტური უფლებამოსილებებია, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის. ასეთ დემოკრატიულ წყობას რომ ხელი არ შეუშალოს ვინმემ გარედან ჩარევით, სწორედ ამიტომაა ეს კანონი მიღებული და რადგანაც ასეთ მაღალ დონეზეა დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დემოკრატიის სტანდარტია მაღალი და ამიტომ სჭირდებათ ეს კანონი, რაც ლობიზმის გამჭვირვალობა და იმის ჩვენებაა, თუ საიდან მოდის წყარო.

საქართველოს კი, რომელიც ისწრაფვის ევროპული ოჯახისკენ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, წინაპირობად წაუყენეს სასამართლოსა და არჩევნების სისტემის, ადამიანის უფლებების დაცვის მოგვარება და თუ ამას არ გამოვასწორებთ, ევროპულ ოჯახში არ მიგვიღებენ. ევროპულ ოჯახში მიღება კი ნიშნავს იმ სტანდარტებს, რაზეც ვისაუბრე.

ამ კანონის მიღება მიმართული იქნება, რომ გამოცხადდეს აგენტად ის, ვინც ამ მოთხოვნებს აყენებს, ხვდებით, სად ვართ?! ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ მივდივართ ევროკავშირში და აქ იღებენ კანონს - ვინც ევროკავშირში მიდის, აგენტიაო. ეს მარაზმია!

- ბატონო პაატა, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი არაა დაინიცირებული ხელისუფლების მიერ...

- ვინც ეს დააინიცირა, ის პარტია უმრავლესობას უქმნის პარლამენტში ხელისუფლებას. იმედს ვიტოვებ, რომ გონიერება ეყოფათ ხელისუფლებაში და ამ კანონს არ მიიღებენ, მაგრამ რასაც ვხედავთ, უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი ირიბ მხარდაჭერას უცხადებს. მართალია, კენჭისყრამდე არაა მისული საქმე, მაგრამ გაჩნდა შეშფოთება დასავლეთში იმიტომ, რომ „ხალხის ძალას“ არავინ აღიქვამს დამოუკიდებელ პარტიად.

- როგორ ფიქრობთ, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, დასავლეთს როგორი პასუხი ექნება?

- ძალიან მძიმედ ვუყურებ მოვლენების განვითარებას. ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში ვიზიტი მქონდა და მძიმე შთაბეჭდილებით ჩამოვედი, რადგან იქ არავინ აღიქვამს „ქართული ოცნების“ მხრიდან 12-პუნქტიანი გეგმის შეარულებას.

- ესე იგი, ევროპელი პარტნიორები არ ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, კანდიდატის სტატუსის მისაღებად გეგმის შესრულებას?

- ამას არავინ ელოდება. აპრილსა და ოქტომბერში იქნება წინასწარი დასკვნები და დეკემბერში იმსჯელებენ ამ საკითხზე. რასაც ვხედავ, არავინ მოგვცემს კანდიდატის სტატუსს ასეთი მიდგომებით. ჯერ კიდევ გვაქვს დრო ახალ წლამდე, რომ გავაუმჯობესოთ ყველაფერი, დეკემბრამდე არ მგონია, მკვეთრი ნაბიჯები იყოს, მაგრამ თუ კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, დეკემბრიდან ველოდები ძალიან მძიმე მესიჯებს და ქმედებებს, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერილია.

- საუბარია სანქციებზე?

- დეკემბრამდე სანქციებს არ ველოდები, რადგან ხელისუფლებას ვადა აქვს წლის ბოლომდე.

- თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ და მოვლენები მართლაც ასე პესიმისტურად განვითარდა, შეიძლება, რომ დასავლეთი დისტანცირდეს საქართველოსგან?

- ბრიუსელში, ყველა შეხვედრაზე ვამბობდი - მოგვწონს თუ არა საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს-მეთქი. ბოლო გამოკვლევებით, მოსახლეობის 80%-მა დაუჭირა მხარი ევროინტეგრაციას. თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, რეაქცია იქნება ძალიან მძიმე. დასავლეთი ჩვენზე ხელს არ ჩაიქნევს... შეიძლება, რაღაც ეტაპზე ჩაიქნიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, არავინ აპატიებს ხელისუფლებას, რადგან აქ დასვალეთის დიდი ინტერესებია. საქართველო არის ე.წ. დერეფანი ევროპასა და აზიას შორის, ამიტომ მიდის ბრძოლა. კი, პესიმისტურ პროგნოზს ვაკეთებ, მაგრამ სჯობს, პესიმისტურად უყურო, რომ პოზიტივი მოხდეს. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, გონს მოეგება ხელისუფლება, თუ არადა, დამერწმუნეთ, განხორციელდება გარკვეული ქმედებები ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს დააზიანებს საქართველოს.

- რას გულისხმობთ?

- ევროპარლამენტის რეზოლუციიდან გამომდინარე გარკვეულ ქმედებებს.

- ყველაფერ ამის პარალელურად, ბოლო დროს ხშირად საუბრობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიის საშიშროებაზე... რამდენად საგანგაშოა სიტუაცია?

- ვხედავთ, რომ უკრაინის ომში რუსეთი წაგების რეჟიმშია, ამიტომ რუსეთს სჭირდება გამარჯვების გაფორმება და აქტიური საუბარი მიდის ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნაზე, რაზეც არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. ახლა უკვე ღიად დაიწყო ამაზე საუბარი რუსეთის სათათბიროში - დაიბარეს სეპარატისტთა ლიდერები, ლუკაშენკო. საუბარია ბელარუსი-აფხაზეთი-ცხინვალი-დნესტრისპირეთის აღიარებასა და მიერთებაზე. ერთი სიტყვით, არის სერიოზული პრობლემები, რაც შეიძლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეექმნას და ეს იყო ანექსიის თემა. ამიტომ, როცა ვხედავთ, რომ ეს პრობლემა არსებობს, უნდა გადავდგათ ნაბიჯები.

წლებია, ვამბობ, რომ სეპარატისტთა ლიდერები ძებნილებად უნდა გამოცხადდნენ და თუ პუტინმა  რაღაც დოკუმენტს მოაწერა ხელი, უნდა მოაწეროს ძებნილებთან, რათა მომავალში კითხვის ნიშნები არ იყოს. ისტორიულად გვახსოვს, 1918-21-იან წლებში, როცა აფხაზეთის მიერთება დაიწყო საბჭოთა კავშირმა, მაშინ ნოე ჟორდანიას მთავრობამ დამნაშავედ არ სცნო ისინი, რამაც ის გამოიწვია, რომ 1925 წლის ე.წ კონსტიტუცია აღადგინეს აფხაზებმა, ე.წ. დამოუკიდებლობა და ათასი სისულელე... ამიტომ, სამართლებრივი შეფასება ყოველთვის მნიშვნელოვანია. დღეს ეს უნდა გაკეთდეს, რადგან ვხედავთ, რომ ამ გზით მიდიან.

- ბატონო პაატა, ე.წ. აგენტების კანონპროექტს რომ დავუბრუნდეთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში აქტიურად განიხილებოდა ლუსტრაციის კანონის მიღება, რაც საბჭოთა აგენტურის გამოვლენას გულისხმობდა, თუმცა ეს კანონი აქამდე არ მიღებულა. დღეს კი ისე მოხდა, რომ აგენტებს არა რუსეთში, არამედ, დასავლეთში ეძებენ...

- ლუსტრაციის კანონი უკვე დაგვიანებულია, რადგან ეს ეხება საბჭოთა კავშირის აგენტურას. „კა გე ბე“-ს აგენტურის იმ არქივებს, რომელიც იყო მოპოვებული. „კა გე ბე“-ს დროინდელი აგენტები სადღა არიან? - დაბერდნენ. თუ ვინმე უშიშროების აგენტი იყო საქართველოში, ეს სულ სხვა სისტემაა... ამიტომ, უკვე დაგვიანებულია ლუსტრაციის კანონის მიღება.

 ავტორი - თათია გოჩაძე