რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 69% - CRRC-საქართველო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მოქალაქეების 69% რუსეთს მიიჩნევს თავისი ქვეყნის მთავარ მტრად. ეს აჩვენა „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევამ, რომლის შედეგები CRRC-საქართველომ გამოაქვეყნა. ამასთან ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება: 2021 წლის ანალოგიურ კვლევაში საქართველოს მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევდა გამოკითხულთა 66%, 2019 წელს - 49%, 2017 წელს - 40%, ხოლო 2012 წელს - 35%.

გამოკითხულთა მხოლოდ 4%-მა დაასახელა შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ მტრად, ხოლო 2%-მა - თურქეთი.

2024 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებია. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 24%. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 8%, მესამეზე კი უკრაინა 7%-ით. შემდეგ მოდიან: თურქეთი, გერმანია, სომხეთი. რუსეთს საქართველოს მეგობრად მიიჩნევს გამოკითხულთა 2%.

გამოკითხულთა მეოთხედზე მეტი (26%) დარწმუნებულია, რომ საქართველოს მეგობრები საერთოდ არ ჰყავს.

-კავკასიის ბარომეტრი (CB) არის ეროვნული კვლევა, რომელიც რეგულარულად ტარდება 2008 წლიდან სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე. პრეზენტაცია შეეხება ბოლო წლების ახალ და დამკვიდრებულ ტენდენციებსა და დამოკიდებულებებს საქართველოში.
-გამოკითხვა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუების სახით 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებისა.
-სულ გამოიკითხა 1509 ადამიანი, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა.