უიმბლდონი ჯოკოვიჩმა და... რუსმა მოიგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი მუზარადის ყველაზე პრესტიჟული, უიმბლდონის ტურნირი დასრულდა. მამაკაცთა შორის პირველობა არავის დაუთმო ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც კარიერაში 21-ე დიდი სლემი და მათ შორის, მეშვიდე უიმბლდონი მოიგო. ქალთა შორის კი, პირველობა „ყაზახმა“ ელენა რიბაკინამ არავის დაუთმო. რიბაკინა რუსეთში დაბადებული და გაზრდილი სპორტსმენია, ამ ქვეყნის სახელთ გამოდიოდა, 2018 წლიდან კი ყაზახეთის სახელით ასპარეზობს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩოგბურთის ტურნირებზე რუს და ბელორუს სპორტსმენებს გამოსვლა აკრძალული აქვთ, რიბაკინას აშკარად გაუმართლა და ყაზახეთის სახელით იასპარეზა. ყველაზე საინტერესო კი, ფინალური მატჩის შემდეგ, მის მიერ უიმბლდონის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემული ინტერვიუ გახდა.

ჟურნალისტი: „წელს უიმბლდონზე რუსი და ბელორუსი მოთამაშეები არ დაუშვეს. თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ რუსეთში, მაგრამ დღეს წარმოადგენთ ყაზახეთს. გმობთ თუ არა ვლადიმირ პუტინის ქმედებებს?“

რიბაკინა: „ბოდიშით, კითხვა ვერ გავიგე“.

ჟურნალისტი: „გმობთ ომს და პუტინის ქმედებებს? საინტერესოა თქვენი პოზიცია.“

რიბაკინა: „შეკითხვა ვერ გავიგე, რადგან ინგლისური კარგად არ მესმის. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ყაზახეთს წარმოვადგენ. მე არ ამირჩევია ადგილი, სადაც დავიბადე, ყაზახეთი მტკიცედ მიჭერს მხარს და ხალხს ჩემი სჯერა. დღესაც, მათგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, ტრიბუნებზე ბევრი დროშა იყო. ასე რომ, არ ვიცი, როგორ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას...“

როგორც მედია წერს, რიბაკინა ყაზახეთს კი წარმოადგენს, მაგრამ რუსეთში ცხოვრობს, მოსკოვში ვარჯიშობს, მშობლების მოსკოვში ჰყავს, სახლი და ბიზნესიც მოსკოვში აქვს და შესაბამისად, ის პუტინის საწინააღმდეგო განცხადებას არანაირად არ გააკეთებდა. ინგლისური კი... ყველა პრესკონფერენციაზე რიბაკინა გამართული ინგლისურით საუბრობს.