მაფია უკვდავია - „მონცა“ სერია A-ში ითამაშებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როცა იტალიური „მილანის“ პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი გახლდათ, გენერალურ დირექტორად კი ადრიანო გალიანი მუშაობდა, ამბობდნენ, რომ დონ სილვიო ყველაფერ კანონიერსა და უკანონოს აკეთებდა იმისთვის, რათა მისი გუნდი გამორჩეული ყოფილიყო. უკანონობა იტალიის ყოფილ პრემიერს არ დაუმტკიცდა, ხოლო მისი პრეზიდენტობის დროს, „მილანს“ ნამდვილი ოქროს ხანა ედგა. საოცარი გუნდი, საოცარი ფეხბურთელები და საოცარი შედეგები. საამაყო ჩვენც გვაქვს, რადგან იმ გუნდის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე კახა კალაძე იყო.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ბერლუსკონი და გალიანი მილანიდან წავიდნენ და კლუბმაც 16-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონის ტიტული გასულ კვირას მოიპოვა. პარალელურად, გასულ კვირასვე გაირკვა იმ კლუბების ვინაობა, რომლებიც სერია B-დან სერია A-ში გადმობარგდნენ და მათ შორისაა მოკრძალებული „მონცა“, რომელსაც უძლიერესთა შორის არასოდეს უასპარეზია და ეს ამ კლუბისთვის სადებიუტო სეზონი იქნება. თუმცა, ეს იტალიაში არავის გაჰკვირვებია. რატომ? იმიტომ, რომ „მონცას“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი გახლავთ, გენერალური დირექტორი კი - ადრიანო გალიანი. „მაფია უკვდავია“, - ასე დაასათაურა არაერთმა გამოცემამ „მონცას“ აღზევება, თუმცა ეს ნახევრად ხუმრობით, რადგან მაფია არაფერ შუაშია და ამ ორმა კაცმა ფეხბურთი ძალიან, ძალიან კარგად იცის.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე