ტალახაძე კონტინენტის ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ გახდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ალბანეთის ქალაქ ტირანაში, ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. მთავარი ინტრიგა კვლავ ის იყო, გააუმჯობესებდა თუ არა საკთარ რეკორდს ლაშა ტალახაძე, თუმცა... მოდით, ჯერ ნაკრების სხვა წევრებზე ვთქვათ.

ტალახაძე ფიცარნაგზე ტურნირის ბოლო დღეს გავიდა. მანამდე კი, ჩვენი ნაკრების ყულაბას შოთა მშველიძემ (-67კგ.), კახი ასანიძემ (-74კგ.) და გიორგი ჩხეიძემ (-109კგ.) ვერცხლის მედლები შემატეს, რეზი დავითაძე (-89კგ.) და ანასტასია გოტფრიდი (-87კგ.) კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

რაც შეეხება ტალახაძეს, როგორც აკვრაში, ისე ატაცში, ოქროს მედალი პირველივე ცდაზე გაინაღდა და ჩევენი დელეგაციაც მშვიდად იყო, თუმცა აკვრაში ლაშას მეორე ცდა გაუცუდდა და მესამე საერთოდ აღარ გამოუყენებია. საბოლოოდ, მან ორჭიდის ჯამში, 462 კილოგრამი დააგროვა, რაც ოქროს მედლისთვის მარტივად ეყო, მაგრამ ეს წონა მის პირად რეკორდს მთელი 30 კილოგრამით ჩამორჩება. მერე ითქვა, რომ ლაშა კონტინენტის პირველობაზე ტრავმით გაემგზავრა და მეორე ცდა ამიტომაც გაუცუდდა, მესამეზე კი იმიტომ არ მივვიდა, რომ ტრავმა არ გამიზეზებოდა. რა თქმა უნდა, ნაკრების მწვრთნელებმა და ექიმებმა ჩვენზე კარგად იციან, რა და როგორ აჯობებს, მაგრამ სავარაუდოდ, ცოტა ხნით, ლაშას მთელმა ერმა და ბერმა არ უნდა უკიჟინოს, გინდა თუ არა, ოქროს მედალი რეკორდით მოიგეო. ყველა აღიარებს, რომ ეს ბიჭი ფენომენია, რომ ძალოსნობის სამყაროს ასეთი სპორტსმენი არასდროს ჰყოლია და იქნებ, ამ კაცს რეკორდების დამყარების ვალდებულება და წნეხი მაინც მოვხსნათ. აგერ, ტრავმიანმა კაცმა, მეორე ადგილზე გასულს, მთელი 11 კილოთი აჯობა და ძალოსნობაში 11 კი არა, 1 კილოგრამი რამდენს ნიშნავს, კარგად მოგეხსენებათ.

„ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ორი-სამი კვირა მქონდა, რადგან ჩემს სპორტულ კარიერაში პირველად, სერიოზული ტრავმა მივიღე. ერთი თვის წინ, ფეხის კუნთის ნაწილობრივი გაგლეჯა დამიდგინდა და ექიმების დამსახურებაა, მაინც რომ ვიასპარეზე. მთავარი გამარჯვება იყო და არა რეკორდები, თანაც კონკურენტებმა იცოდნენ, რომ ტრავმა მქონდა და შეეცადნენ ეჯობნათ, თუმცა, საბედნიეროდ, მე გავიმარჯვე. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, რომლისთვისაც საგულდაგულოდ მოვემზადები“, - ეს განცხადება ტალახაძემ მოგვიანებით გააკეთა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე