ყველაზე ძვირადღირებული ავტოსამრეცხაო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტომანქანის ზოგიერთი მფლობელი, სულ რამდენიმე ათეული დოლარის ეკონომიის გამო, ამჯობინებს, თავად გარეცხოს საკუთარი მანქანა. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც ძვირადღირებული ავტომობილები ჰყავთ და საუკეთესო შედეგის მისაღებად, ფულს ნამდვილად არ ითვლიან. სწორედ ასეთი კლიენტებისთვის მუშაობს პოლ უილკინსი - ავტოსამრეცხაოს მფლობელი, რომელიც შოტლანდიაში, ქალაქ კერკოლდიში მდებარეობს. აქ მანქანის ექსკლუზიური გარეცხვა მის მფლობელს წარმოუდგლენად მაღალი ფასი - 100 ათასი ევრო (150 ათასი დოლარი) უჯდება. კომპანია The Ultimate Shine-ის მფლობელი უილკინსი აცხადებს, რომ მისი სამუშაო არ არის გათვლილი ჩვეულებრივ, საშუალოსტატისტიკურ მძღოლზე, რომელსაც ჰყავს, ვთქვათ, „ფორდი“ და მას გზის პირას ან ავტოფარეხში აჩერებს. მის ინტერესს მდიდარი და ავტომანქანების ფანატიკოსი კოლექციონერები წარმოადგენენ, რომელთაც მანქანებისთვის საგამოფენო დარბაზის მსგავსი ავტოფარეხები აქვთ მოწყობილი, სადაც მიკროკლიმატის კონტროლიც აქვთ ჩართული. რასაკვირველია, მათ სურთ, რომ ეს საყვარელი „სათამაშოები“ იდეალურ ფორმაში ჰყავდეთ. უილკინსი კლიენტების ვინაობას არ ასახელებს, მხოლოდ ამბობს, რომ წელიწადში, სამ-ოთხ ასეთ მანქანას, თითოეულს - 100 ათას ევროდ რეცხავს. ადგილზე მისვლისას, პოლი და მისი თანამშრომლები ავტომობილის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს აპრიალებენ და ყველა დეტალს ასწორებენ. ამ სამუშაოს, შესაძლოა, მთელი თვე დასჭირდეს. ამის შემდეგ, მანქანას სპეციალური გამწმენდით ასუფთავებენ, ცხიმის მსგავსი ლაქების მოსაშორებლად. ბოლოს კი ჯერი ცვილით დამუშავებაზე დგება. ეს მასალა უილკინს სპეციალურად ბრაზილიიდან ჩამოაქვს და მისი ფასი 65 ათასი ევროა.