საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 3 030 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. დანარჩენ 27 270 წევრს კი უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2-დან 5 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18.00 საათამდე. ასევე, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.

პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს. კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს. გამოცდები 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით ჯამურად სულ 9-ჯერ ჩატარდა. 5 გამოცდა - საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის (მათ შორის, 2 გამოცდა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით), ხოლო 4 გამოცდა - საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (მათ შორის, 2 გამოცდა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით). საერთო ჯამში სერტიფიცირებულია 34 000-მდე პირი. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, არაერთი საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტი განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ დაინტერესებული მხარეების მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის დისკრედიტაციის მცდელობას. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესის ისეთ მნიშვნელოვან ეტაპს, როგორიცაა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება“, - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.