დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროებთან და ხე-ტყის უკანონო დამზადებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროებთან და ხე-ტყის უკანონო დამზადებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. უწყების ცნობით, 2024 წლის პირველი ოთხი თვის სტატისტიკა საგანგაშოდ მაღალია წინა წლების სტატისტიკასთან მიმართებით და შეუძლებელია ყველა უკანონო სახერხის 100 პროცენტიანი გამოვლენა, რადგან არალეგალური სახერხი საამქროს მოწყობა არ არის დაკავშირებული დიდ დანახარჯებთან და საკმაოდ მცირე დროში არის შესაძლებელი მისი მონტაჟიც და დემონდაჟიც.

„უკანონო (დაურეგისტრირებელი) სახერხი საამქროს მოწყობის ერთადერთი მიზანია უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის გადამუშავება. ერთ ასეთ უკანონო სახერხს საამქროში შესაძლებელია დღეში საშუალოდ 18-20 კუბური მეტრი უკანონოდ მოჭრილი ხის გადამუშავება. შესაბამისად, შემაკავებელი ეფექტის მისაღწევად საჭიროა პასუხისმგებლობის გამკაცრება როგორც სახერხ საამქროებთან, ასევე ხე-ტყის უკანონო დამზადებასთან მიმართებით“, – განმარტავს გარემოს დაცვის სამინისტრო.

ცვლილებების მიხედვით, სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟისთვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენისათვის კი, ერთიდან ორ წლამდე ვადა იცვლება სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

ცვლილება ასევე შედის მუხლის შენიშვნაში, რომლის თანახმადაც, იურიდიული პირის პასუხისმგებლობის ნაწილში იზრდება საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა და სამ წლამდე ვადის ნაცვლად, განისაზღვრება ხუთ წლამდე ვადით.

კოდექსს ახალი მუხლი ემატება – სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) განთავსების თაობაზე. სამინისტრო განმარტავს, რომ ეს ცვლილება მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსებისთვის.

„აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საკმაოდ მძიმე დარღვევას და მის ერთადერთ მიზანს წამოადგენს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის, ასევე უკანონოდ გადამუშავება და შესაბამისად, მორის გადამუშავების შედეგად მიღებული ხეტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი, ძელი, ძელაკი) ბაზარზე უკანონოდ განთავსება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი ქმედებისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, შემოთავაზებული ცვლილება კი ითვალისწინებს ასეთი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის ან სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ისეთი ოდენობის არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) განთავსებაზე, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა (მნიშვნელოვანი ზიანი არის 1000 ლარზე მეტი), სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას. კერძოდ, ეს ქმედება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. მუხლი ასევე ითვალისწინებს ცალკე პასუხისმგებლობას სახერხი საამქროს ტეროტორიაზე დიდი ოდენობით არამარკირებული ხე-ტყის განთავსებისთვის. დიდ ოდენობად კი ჩაითვლება მრგვალი ხეტყის (მორის) ის ოდენობა, რომლის უკანონო დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 3000 (სამი ათას) ლარს ან მეტს. ეს დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“, – განმარტავს უწყება.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება ასეთი ქმედების განმეორებით (ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ) ჩადენისთვის და არა განმეორების მესამე შემთხვევის დადგომისას, როგორც ეს გათვალისწინებულია მუხლის მოქმედი რედაქციით.