რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოზეფ ბორელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აქვე მინდა გითხრათ ბატონო ჯოზეფ, ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული სამოქმედო გეგმა.

„აქვე მინდა გითხრათ ბატონო ჯოზეფ, ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია. ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა კონსულტაციები ევროკომისიასთან. მე პირადად მქონდა საუბარი ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ გავითვალისწინეთ მატი რეკომენდაციები ჩვენ არ მივიღეთ კანონი. ამის ნაცვლად ჩვენ ვმუშაობთ და ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ცვლილებების განხორციელებამდე, ხელისუფლება ოქტომბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ელოდება.

„რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც არის პროცესში, ეს ეხება სასამართლო რეფორმას და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ზოგადად სასამართლო სისტემაში, რომ უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე, უფრო მეტად ანგარიშვალდებული გამხდარიყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია და დღეს სასამართლო არის მართლაც სანიმუშო სისტემა, უნდა ითქვას. ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან მაღალი საქართველოში და ზოგადად, ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს ჩვენს სასამართლოს. ამას გარდა, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიიდან საბოლოო რეკომენდაციებს ოქტომბრის თვეში. ჩვენ მანამდეც გვექნება რა თქმა უნდა, თქვენთან კონსულტაციები და ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ცვლილებების განხორციელება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა.

„აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მეგობრებს, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ხელშესახები რეფორმები. თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“ მმართველი პარტია. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და მე მჯერა და ჩვენ იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა პრემიერმა

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტია, სადაც 9 პარტია შევიდა 2020 წელს და ქვეყანაში მედია თავისუფალია.

„რჩება კიდევ ერთი რეკომენდაცია შეიძლება ითქვას შეუსრულებელი, რომელიც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი. ზოგადად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 9 პარტია შევიდა პარლამენტში 2020 წელს, გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები, მედია საშუალებები და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებაზე და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან და სხვა აქტორებთან ერთად გასწიეს უზარმაზარი სამუშაო.

„მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯოზეფ ბორელს. მინდა მას მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩამობრძანებისთვის. ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბორელს კიდევ ერთხელ.
მინდა ასევე აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ამისთვის, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი მადლიერება. ეს ნამდვილად იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და მოითხოვს გრძელვადიან ვალდებულებებს, დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, გაცნობიერებული. სწორედ ამ მიზნით და ამ სულისკვეთებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. მას შემდეგ, რაც გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან და სხვა აქტორებთან ერთად გასწიეს უზარმაზარი სამუშაო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თუ რა სამუშაო იქნა გაწეული ჩვენი მხრიდან.
ჩვენ, პირველ რიგში, ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ ვართ მზად შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი. ჩვენ თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციაც. ჩვენ კარი გავუღეთ მათ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული ამ პროცესში. რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე, უფრო მეტიც, სამწუხაროდ, დაფიქსირდა მათი მხრიდან სისტემატიური საბოტაჟის და დესტრუქციის ფაქტები, რაც რა თქმა უნდა, არ იყო ძალიან კარგი და უფრო მეტიც, ვფიქრობ, დამაზიანებელი იყო ამ პროცესისთვის. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო, 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ეს ყველაფერი ემსახურება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის შემდგომ განმტკიცებას და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ხალხისთვის.

„ახლა მთავარი მინდა ვთქვა ბატონო ჯოზეფ, ზოგადად, სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით, თავისი გამოცდილებით, მე ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტი-ევროპული ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს და სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი სასპეკულაციო საგანი სწორედ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  

პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ არის პოლიტიკური საკითხი, ჩვენ ვცემთ რა პატივს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ვალდებული ვიყავით ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა, ხელისუფლება უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის და მისი პატივისცემის მაგალითის მიმცემი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა არ აქვს.

„ასევე მინდა ვთქვა, თქვენც ახსენეთ ბატონო ბორელ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, ევროპული ტიპის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც პირველ რიგში იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას, როგორც მთავარ კანონს და ვინ, თუ არა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, ზოგადად ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, როგორც კონსტიტუციის დაცვის, ასევე მისი პატივისცემის. შესაბამისად, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ ჩვენ, მმართველმა პარტიამ და იქვე განვმარტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, რომ საკმარისი ხმების რაოდენობა არ გვაქვს პარლამენტში, რომ ფორმალურად მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ჩვენ ვცემთ რა პატივს და ვიცავთ რა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, ჩვენ ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ აქვს არც ამ პროცესთან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვგულისხმობ ევროინტეგრაციის პროცესს და აშ.”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იცვლება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც არის დიდი გამოწვევა საქართველოსთვისაც.

„ჩვენ კარგად გვესმის ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ალბათ ასეთი გამოწვევის წინაშე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა, არამედ მთლიანად ევროპა, ევროპის კონტინენტი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც არ ჩერდება, შეცვალა მთელი მსოფლოს დღის წესრიგი. იცვლება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც რა თქმა უნდა არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვისაც, ვინაიდან, მითუმეტეს, ჩვენი ქვეყანა, და მე ეს მჯერა, რომ თქვენ ეს კარგად გესმით და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან, ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია და ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები. პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს, ეს იყო დამანგრეველი ომი, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ჩვენ ეს მძიმე ფასი გვაქვს გადახდილი“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება და მისი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას და გააძლიეროს ქვეყანა.

„ფრენებზე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ. თქვენ ახსენეთ და მინდა გამოვეხმაურო. რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ ამის თაობაზე მკაფიოდ განვმარტეთ, რომ არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს და არ დაფრინავს საქართველოში. აქაც ჩვენ ვიცავთ დისციპლინას და აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ვმუშაობთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო სამი წელია იზრდება ძალიან სწრაფად. ჩვენ ვართ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ბოლო 2 წელი გვქონდა 10% იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა ჩვენ გვაქვს 7% ზე მეტი. ინფლაცია არის დარეგულირებული, 0,9% არის ინფლაცია. უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება, ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის, რომ ქვეყანა დავიცვათ და გავაძლიეროთ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ყველგან მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ არ ითხოვს მხოლოდ დახმარებას, არამედ თავად არის მონაწილე და შეაქვს კონტრიბუცია საერთო მიზნების მისაღწევად.

„ამას გარდა მე მინდა შეგახსენოთ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი თანამონაწილეობა ზოგადად მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პროცესში, საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, საიმედო, სანდო პარტნიორი ნატოს მისიებისთვის, ავღანეთში, ერაყში, ასევე ევროკავშირის ეგიდით გამართულ მისიებში ცენტრალურ აფრიკაში, ჩვენ ყველგან მოვახდინეთ დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ დახმარებას, არამედ ჩვენ თავად ვართ მონაწილეები და შეგვაქვს კონტრიბუცია საერთო მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა პრემიერმა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მთავრობა მზად არის, გააგრძელოს სამუშაო პროცესი ევროკავშირთან.

“ მე ასევე ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას, გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური. არც ერთი მთავრობა და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური, ეს არის მუდმივი პროცესი. მუდმივი ჩართულობაა საჭირო. როგორც მე აღვნიშნე, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი არის შესრულებული. დარჩენილზე მე უკვე მოგახსენეთ. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა, თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა მმართველი პარტია, ხელისუფლება, ასევე პრეზიდენტიც, ოპოზიციაც, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული- მე ვიტყოდი, პოლიტიკური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და გთხოვთ, სიტყვა გეძლევათ თქვენ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი უკვე შესრულებული აქვს.

“ჩვენ შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი. ამ პროცესს მე თავად ვხელმძღვანელობ. გვაქვს ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და ვუწევთ კოორდინაციას აი ამ პროცესს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი და ევროკომისია სხვადასხვა ინსტიტუციებია.

„მეც მინდა ვუპასუხო ამ კითხვას. სამწუხაროდ, ეს არის კლასიკური ნიმუში დეზინფორმაციული ნარატივის, რომელიც ვრცელდებოდა და ვრცელდება, სამწუხაროდ დღესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. კითხვის ავტორმა აქ მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, რომელსაც რა თქმა უნდა, საფუძველი არ აქვს. ეს პირიქით, მე ვფიქრობ, ეწინააღმდეგება ჩვენს იდეას და მიზანს, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს. რამდენიმე მაგალითი იქნა მოყვანილი, რაზეც მინდა გამოვეხმაურო. რა თქმა უნდა, ცალკეულ კრიმინალურ ქეისზე არ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ მინდა შევახსენო კითხვის ავტორს და თქვენც, ყველას, მეგობრებო, რომ შარშან, მაშინ, როცა ქვეყანა ელოდებოდა გადაწყვეტილებას, ევროპარლამენტში იქნა მიღებული რეზოლუცია, აი სწორედ იმ რადიკალური ძალების და მათი მხარდამჭერი ლობისტური ჯგუფების ჩართულობით, პირდაპირ ანტი სტატუსის მოწოდების მქონე რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა და დღესაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ჩვენს მიზანს, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა აქვე მინდა განვმარტო, რომ ევროკომისია სხვა ინსტიტუციაა, ცალკე მდგომი ინსტიტუციაა, ამაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა აღვნიშნო განსხვავება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანია მთელ მსოფლიოში, რომ თითქოს საქართველო არღვევს სანქციებს და ჩვენმა პარტნიორებმა ხმამაღლა და ღიად თქვეს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს და სანქციების დარღვევის არც ერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სიცრუის მიზანი ქვეყნის დისკრედიტაცია.

„სანქციების თაობაზე მინდა შეგახსენოთ, მე როცა ვთქვი, რომ ეს იყო კლასიკური დეზინფორმაციული მაგალითი, სანქციებზე ბატონო ბორელ, მინდა გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია აი ამ პოლიტიკური ძალის, მხრიდან, რომელსაც ეს ტელევიზია წარმოადგენს. მათი ლობისტების, მათი ინტერეს ჯგუფების მიერ დაფინანსებული კამპანიები მთელ მსოფლიოში, რომ თითქოს საქართველო არღვევს სანქციებს. რეალობა აღმოჩნდა შემდეგი, რომ როცა თქვენი წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, ასევე ამერიკის სანქციების მთავარი წარმომადგენელი და ასევე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, მათ ხმამაღლა და ღიად თქვეს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს და რომ სანქციების დარღვევის არც ერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა. ეს არის მაგალითი სიცრუესა და სიმართლეს შორის. სიცრუეს რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზანი, მიზანი არის ქვეყნის დისკრედიტაცია. მათი მიზანი არის ის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ ევროკავშირს.”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი არაღიარების პოლიტიკაა და იმ რეზოლუციებს და განცხადებებს, რომელსაც ქვეყნა არ უერთდება, ეროვნული ინტერესები განაპირობებს.

„თქვენ ახსენეთ და კითხვის ავტორმაც ამაზე გააკეთა აქცენტი, ზოგადად ჩვენი მხარდამჭერი, რეზოლუციების მიმართ გაკეთებული მხარდაჭერა და თქვენ ახსენეთ კონკრეტული პროცენტი, რომელზეც ჩვენ ვართ დღეს. ეს არის 43% დაახლოებით. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, ჩვენს მეგობრებს, რომ

საქართველო დღეს არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის. ჩვენი ქვეყანა დღეს მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, ამის დაცვით, გააზრებით და გათვალისწინებით.

ჩვენი ქვეყანა, შეგახსენებთ, რომ არის ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენ არაღიარების პოლიტიკა გვაქვს განსაზღვრული, როგორც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, შესაბამისად, იმ რეზოლუციებს და განცხადებებს, რომელსაც ჩვენ არ ვუერთდებით, სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას. ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, საფრთხეებს, რისკებს ვზომავთ და მხოლოდ ეს მოტივაცია გვაქვს, დამერწმუნეთ. სხვა შემთხვევაში, რაც უკავშირდება ზოგადად საკითხებს, რუსეთის შეჭრას უკრაინაში, სხვა საკითხებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ჩვენ სრულად ვუერთდებით და ვართ ერთ აზრზე ევროკავშირთან ერთად. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 500 ზე მეტ რეზოლუციას შევუერთდით მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი, ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპეიზაციის გზაზე, გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ-ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია.

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ 15 წლის განმავლობაში მისია ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში.

„ჩემი მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დღეს ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად დგომას და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც ქვეყანაში უკვე 15 წელია მუშაობს. ამ 15 წლის განმავლობაში მისია ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ პირადად მექნება შესაძლებლობა, რომ ჩავიდე და ვნახო ადგილზე სიტუაცია და ამ მისიის ოფისსაც ვეწვიო. და ბოლოს, მე ასევე მიხარია, რომ იზრდება ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი მსოფლიოში ამ მიმართულებით. თქვენს მხარს ვართ, რომ თავდაცვის ძალები გაძლიერდეს ქვეყანაში ევროკავშირის მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში, ამისთვის დაფინანსებაც არის გამოყოფილი. ეს გადამწყვეტია სწრაფი რეაგირებისთვის და სიცოცხლის გადარჩენისთვის. ამას აპრილში და მომდევნო თვეებში განვაცხადებთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო და საქართველოს მოქალაქეებო, მე ვასრულებ ჩემს გამოსვლას იმ სიტყვით, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპეიზაციის გზაზე. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ და ამისთვის ყველა მხარდაჭერას მოგაწვდით, რაც საჭირო იქნება“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ამის პოტენციალი, წარმატებული იყოს ამ პროცესში.

„თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, თქვენ გყავთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და სჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა აი ამ ისტორიულ მომენტში.
მეორე გზავნილი, უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს და საქართველოს მხარს დავუჭერთ ამ პროცესში ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ, საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი და ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და იქნეს აღიარებული ეს ფაქტი.
ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის, ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას, საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა, ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი, ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, ეს საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები, ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში და იყოს თავისუფალი ინფორმაცია, ინფორმაციის მიწოდება არის აპრიორი მნიშვნელოვანი ამ პროცესში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

 

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში უნდა იყოს.

 

„მე გავიგე, რომ თქვენ მეკითხებოდით მრავალ ფაქტორზე საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მიმართულების მიღმა, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ შემთხვევებს, რომელიც საქართველოში მოხდა, რომელზეც მე პირადად პასუხს ვერ გაგცემთ. ასევე, თქვენ ბრძანეთ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. ამაზე პასუხი მარტივია. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება, რომ ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. არ მოუსმინოთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ესეთი მცდარი ხმები ვრცელდება იმიტომ, რომ ეს ქმნის პრობლემას. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს, რომ უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურია ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება თანხვედრას ჩვენს პოლიტიკასთან. ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს, რომელზეც ჩვენ ვცდილობთ შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვაქვს შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები, ზუსტად ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან, რომ ჩვენი პოზიციის თანხვედრი იყოს მათი პოზიცია იმიტომ, რომ როცა კანდიდატები გახდებიან წევრი სახელმწიფოები, მათაც შეძლონ იგივეს კეთება იმიტომ, რომ თავსებადი იყოს მათი პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა, ჩვენ გვქონდა პრემიერ-მინისტრთან ამაზე საუბარი და თავაზიანად ვახსენეთ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. გიდასტურებთ, ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს. ეს მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან გვერდის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იქნეს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თანხვედრაში და ყველა ქვეყნის მოთხოვნაც ეს არის”,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს შთამბეჭდავი ციფრია.

„დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. მოგესალმებით ყველას. ბატონო პრემიერო, მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები. წინა ჯერზე საქართველოში 16 წლის წინ ჩამოვედი. ეს იყო ომამდე პერიოდი და ნამდვილად მიხარია, როგორ შეიცვალა ქვეყანა მას შემდეგ, აბსოლუტურად შეცვლილია და ძალიან მიხარია, რომ ამ პასუხიმგებლობით ვარ ჩამოსული და გამოვხატავ თქვენს მიმართ და შეხვედრაზეც ვახსენე თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, ვისაც შევხვდი დღეს და ასევე, დღის განმავლობაში მექნება შეხვედრა ქალბატონ პრეზიდენტთან და მასაც ვეტყვი.
სანამ ძირითად თემატიკაზე გადავალ, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი გულისწყენა გურიაში გარდაიცვალა ბავშვი ამ მეწყერის გამო დღეს და ეს ძალიან მტკივნეულია. ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ხალხი იძებნება. იმედია, ჯანმრთელს ვიპოვით ყველას.
სამი ძირითადი გზავნილი მაქვს თქვენთან და ქართველ ხალხთან ჩემი ვიზიტის პროცესში. პირველი გზავნილი ის გახლავთ, რომ უეჭველია, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და ჩამომეტანა ეს გზავნილი, პირადად ჩამომეტანა ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართველი ხალხის. 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს შთამბეჭდავი ციფრია, მაგრამ ეს არა მარტო რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოს და თბილისი ქუჩებში და უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ბრიუსელში“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება.

„ბატონო პრემიერო, თქვენ ნამდვილად ბრძანეთ და გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან, უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლური სულისკვეთება უნდა ჰქონდეს უმცირესობას, ეს არის ერთობლივი ძალისხმევა. რაც შეეხება მთავრობას და მმართველ პარტიას, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს. ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისათვის ერთად უნდა იმუშაოთ, იმიტომ, რომ შემდეგი ნაბიჯები ევროპეიზაციის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე და შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენს დასკვნაში. ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დანარჩენი ცხრა პროცესშია, შესასრულებელია, თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად.
უპირველესყოვლისა, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკურ ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები და მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს. ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი, გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი. ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად, არა მარტო იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება ქვეყანამ აიღოს, მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს, ყველაზე ძლიერი ტრანსფორმაციული ძალა“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

არასოდეს არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიცია მისთვის მიუღებელია.

„არასოდეს არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, არასოდეს. ასეთი რამ არასდროს არ იქნება ჩემს მიერ მიღებული, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად, უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული. თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები. თქვენზეა ეს საქმე. მე ნუ მეუბნებით. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუვნაო ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საქმე, ეს თემა, ეს საგანი. ამიტომ, ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ ვალდებულების შესრულებაში, ამ მოთხოვნების შესრულებაში. ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1.3 მლრდ ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ჩვენ ყველაფერი გვესმის, გვესმის ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს მხედველობაში და ჩვენს თვალში. ამიტომ, საქართველო არის ჩვენს ინტერესთა მიმართულებით. თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. ამიტომ არის, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი, დროც არის, გააკეთეთ, ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმრავლესობა უნდა იყოს თანამშრომლობითი.


„ამ საკითხზე საუბარში შესვლაც იქნებოდა ჩარევა შიდა ცხოვრებაში, ამის გაკეთება არ მინდა. თქვენ უნდა მოახერხოთ გაერთიანება. პირადად მე, ვიცი, რომ დემოკრატია გულისხმობს განსხვავებულ მიდგომებს, განსხვავებულ გადაწყვეტებს, ოპოზიცია აკრიტიკებს მთავრობას, მთავრობა არ ეთანხმება ოპოზიციას. ეს ყველა ქვეყანაში ასეა, ყველა დემოკრატიული პროცესი ასე ხასიათდება, მაგრამ როდესაც კრიტიკა გადადის სხვა მიმართულებით, როდესაც არ არსებობს თანამშრომლობა, როდესაც არ არსებობს ინკლუზიურობა, როდესაც პოლიტიკური დებატების ხარისხი არ შეაძლებინებს მხარეებს თანამშრომლობას და ეროვნული ძალისხმევა და სულისკვეთება არ აისახება, მაშინ ეს აზიანებს პროცესს. ჩემი მოწოდება ყველასადმი ის არის, რომ გამოიყენეთ ეს შანსი, რომ იყოს ეროვნული ძალისხმევა. უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმრავლესობა უნდა იყოს თანამშრომლობითი. ჩემი ბერკეტი ამ შემთხვევაში მინიმალურია. პოლიტიკურ ძალებს აქვთ აქ სათქმელი“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

რაც შეეხება ჩემს პროგნოზს. თქვენი კითხვა იყო, თუ როგორი განცდა დამრჩა ამ საუბრებიდან. მე, რა თქმა უნდა, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და არ მინდა ჩემი მოლოდინები საჯაროდ გითხრათ ახლა, გაგიზიაროთ, მე ვისურვებდი, რომ დაველოდოთ ჩვენ ერთად. მინდა კიდევ ერთხელ იმედი გამოვთქვა, რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენ სხვას არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენს არასდროს არ მოგვითხოვია იმაზე მეტი, რასაც ვიმსახურებთ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით, ბოლო 10 წელიწადში.

„შარშან, რა თქმა უნდა, როდესაც მიიღო სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ ბონუსად, მე ასე ვიტყოდი, მე ამას ვეძახი ბონუსს, ვინაიდან ჩვენ, კარგად ვიცით ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობა, სიტუაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის არ ვედრებით, მხოლოდ გვიხარია მათი წარმატება. მე ახლაც მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ, მოლდოვას მიმართ, მაგრამ მათ მიეცათ ავანსად სტატუსი და უთხრეს, რომ თქვენ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რეკომენდაციები. ჩვენს შემთხვევაში იყო პირიქით, გვითხრეს, რომ ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და მერე მოგცემთ ამ ავანსს, თუ ასე ვთქვათ, სტატუსს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო საკმაოდ სამწუხარო. ვფიქრობთ, ეს იყო უსამართლო, იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით, ბოლო 10 წელიწადში და ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ დღესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანა, იგივე მედია თავისუფლების მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლოს რეფორმა, ეკონომიკის განვითარება, ყველა მიმართულებით სოციალური პოლიტიკა, თუ იგივე მთავრობის გამჭვირვალობა, ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე ადგილზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა,  სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება.

„მე ეს ავხსენი ვრცლად ჩემს სიტყვაში, რომ ყველაზე ანტიევროპული ძალები, რადიკალური ძალები იყენებენ ამ საკითხს უფრო მეტი პოლარიზაციისთვის, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ის ძალები, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ რეალური, ხელშესახები ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი ასახსნელია და ლოგიკური იქნებოდა გვეთქვა, რომ სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ამიტომ, თუ ჩვენს და მე მინდა ჩემი ღრმა იმედი გამოვთქვა, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, სურთ ნამდვილად პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, მაშინ ქვეყანამ წლის ბოლოს ყველა ამ ფაქტორის, გარემოების გათვალისწინებით, რაც არის გეოპოლიტიკა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ა.შ. უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი. ეს, როგორც მინიმუმ, გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. ეს არის ჩემი გულწრფელი პასუხი და შეფასება“, - განაცხადა პრემიერმა.