რას შეცვლის ლავროვის ამერიკული ვოიაჟი რუსეთ-უკრაინის ომში - მამუკა გამყრელიძის პროგნოზი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ იორკში იმყოფება. დაიგეგმა შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან.

ლავროვის თავმჯდომარეობით გაიმართება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა. რუსეთმა ამ სხდომაზე მიიწვია რამდენიმე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. როგორც გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რუსეთს ბევრი განსახილველი თემა დაუგროვდა.

2023 წლის პირველი აპრილიდან, როტაციის წესით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა რუსეთი, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო ადანაშაულებენ გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საბჭოს სათავეში ჩაუდგა „ტერორისტი სახელმწიფო“, რაც ცხადჰყოფს, რომ საჭიროა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება.

უკრაინამ გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმართა, არალეგიტიმურად აღიარონ ორგანიზაციაში რუსეთის ყოფნა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზა არ მისცა რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, რომლებსაც ლავროვის ვიზიტი უნდა გაეშუქებინათ. ნიუ იორკში გამგზავრების წინ, ლავროვმა განაცხადა, რომ ამას „არ დაივიწყებენ და არ აპატიებენ“.

ლავროვის აშშ-ში ვიზიტზე „ვერსია“ ევროპელი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერსა და ჩინეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა:

- რეალურად, ვითარება არანორმალურია იმიტომ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს, როტაციის წესის მიხედვით, უძღვება რუსეთი, პირველი აგრესორი და საფრთხის შემქმნელი მსოფლიოსთვის, მაგრამ ამას ვერაფერს უზამ, რადგან გაერო-ს წესდებაში წერია, რომ უშოშროების საბჭოში 5 მუდმივმოქმედი წევრია და მათი როტაციით, ერთ-ერთი იქნება თავმჯდომარე.

სხვათა შორის, ამ შეხვედრაზე ბლინკენიცაა მიწვეული და ეს ცუდი არ არის. მოდით, ამას სხვა მხრიდანაც შევხედოთ - ეს არის პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ძალიან ძლიერი სახელმწიფოების ხელმძღვამელები.

გაერო-ს უშოშროების საბჭოს შექმნა რას ნიშნავდა - ესენი იყვნენ გამარჯვებული ქვეყნები მეორე მსოფლიო ომში... რეალურად, ის სამყარო, რაც გვაქვს, არის მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ შემდგარი და მოქმედებს ის წესები, რომლებიც მაშინ იალტას კონფერენციაზე ჩამოყალიბდა. ჩვენ ახლა იმ პერიოდში ვიმყოფებით, როცა ძველი წესები აღარ მუშაობს, მაგრამ ახალი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. არის რაღაც გარკვეული ნიშნები, რომ მსოფლიო გადანაწილდება დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ქვეყნებად, მაგრამ აქაც არის კითხვები, რადგან ერთმნიშვნელოვნად კარგი არც დემოკრატიაა და ავტოკრატიასაც აქვს გარკვეული პლუსები, გამომდინარე იმ ქვეყნების მოსახლეობის ადათებისა და წესებისგან, რომელშიც ისაა გავრცელებული. შესაბამისად, ჯერჯერობით, მომავალი სამყაროს სტრუქტურას ვერ ვხედავთ და ამიტომაცაა ასეთი დუღილის პროცესი. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი ეს არ გადაიზრდება დიდ მსოფლიო ომში და ლოკალური ომების სახით ჩაქრება.

- ამბობთ, რომ ლავროვის ვიზიტს აშშ-ში სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ და დიახ, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს და როგორ ფიქრობთ, ამ შეხვედრაზე, უკრაინის ომთან დაკავშირებით შესაძლოა, რამე მოლაპარაკება გაიმართოს?

- ჩვენთან მოარული აზრი ტრიალებს, რომ „დასავლეთი ისე ერთია, როგორც არასდროს“, რაც აბსურდია, რადგან დასავლეთი არაა ერთიანი, რაც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის გუშინდელმა სტატიამაც გვიჩვენა. მან სერიოზული ბრალდებები წაუყენა ჩინეთსა და რუსეთს, მაგრამ მთავარი მისი კრიტიკის მიმართულება იყო დასავლეთი იმიტომ, რომ დასავლეთმა გააძლიერა ავტოკრატიული რეჟიმები, გამოკვება ფინანსებით, ტექნოლოგიებით, ყიდულობდა მათგან საქონელს, ნედლეულს და ასე წერს ლანდსბერგისი: გულუბრყვილო დელუზიებში იყვნენ, რომ შეძლებდნენ ამ ხალხზე დასავლური ღირებულებების თავსმოხვევას. ეს კი ასე არ არის, ეს სხვანაირი ხალხებია და ამას არ ითვალისწინებს დასავლეთი.

არათუ დასავლეთი, არამედ აშშ-იც არაა ერთიანი, მათ შორის, თეთრ სახლშიც არაა ერთიანობა. მაგალითად, სალივანი მოლაპარაკებისა და ომის შეჩერების მომხრეა ამ მომენტშიც კი, როცა რუსეთი გამარჯვებულის როლშია, რადგან ბევრად მეტი ტერიტორია აქვს მიტაცებული, ვიდრე აქამდე ჰქონდა და ახლა ომის შეჩერება უკრაინისთვის იქნება კატასტროფა, მაგრამ ბლინკენი და მისი თანამოაზრეები ამას მხარს არ უჭერენ და მზად არიან, მაქსიმალურად დაეხმარონ უკრიანას, სანამ მას დასჭირდება. ასე რომ, იმედი მაქვს, არ იქნება რამე მოლაპარაკებაზე საუბარი.

ლავროვის ვიზიტიც უნდა დავაყენოთ იმ რეალობაში, რომ არ არსებობს ახალი წესები, ძველები კი მოძველდა და აღარ მუშაობს.

- უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი არ უნდა იყოს და უნდა შეიცვალოს გაერო-ს წესდება. როგორ ფიქრობთ, ეს მოთხოვნა რეალურია დღევანდელ ვითარებაში?

- უკრაინამ ეს განცხადება უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა. შესანიშნავად იცის ზელენსკიმ, რომ ამას რეაგირება ვერ მოჰყვება, რადგან უშიშროების საბჭოში ბირთვული სახელმწიფოებია: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, რუსეთი და ჩინეთი. ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ უშიშროების საბჭოში, მაგრამ რაღაც წესი მაინც უნდა მოქმედებდეს, რომ თუ რომელიმე აგრესიაზე მიდის, იმ მომენტში შეუჩერდეს სტატუსი, ან როგორც მინიმუმ, საბჭოს თავმჯდომარე აღარ უნდა იყოს. როცა ეს შეიქმნა, მაშინ ეს 5 სახელმწიფო იყო გარანტი მშვიდობისა. დღეს საერთაშორისო კანონმდებლობა ვერ მოქმედებს. ეს არის გაეროს პრობლემა, გაერო დღეს არ მუშაობს, რადგან არ არსებობს ახალი წესები, ახალი წესების ჩამოყალიბებას კი, ჩვენდა სამწუხაროდ, სჭირდება ახალი ომი და ღმერთმა დაგვიფაროს ამ ომისგან.

 

ავტორი: თათია გოჩაძე