პოგბა დოპინგზე ჩავარდა და კარიერას დაასრულებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფრანგი ნახევარმცველი, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, პოლ პოგბა უდიდესი ალბათობით, კარიერას დაასრულებს. საქმე ის გახლავთ, რომ 20 აგვისტოს, „უდინეზესა“ და „იუვენტუსს“ შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, პოგბას დოპინგ-ტესტის ჩაბარება მოსთხოვეს და ეს მაშინ, როცა მას იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ სამატჩო განაცხადში იყო. ტესტმა სისხლში აკრძალული პრეპარატი - ტესტოსტერონი აღმოჩნდა. ეს პრეპარატი კუნთის მასის გაზრდას უწყობს ხელს.

როგორც კი პასუხი გაიგო, პოგბამ ხმაური ატეხა, ყველაფერი ტყუილია, მე დოპინგი არ მიმიღიაო და განმეორებითი ტესტი მოითხოვა. რა თქმა უნდა, მოთხოვნა დაკმაყოფილდა და კვლავ დადებითი პასუხი მოვიდა. ფრანგმა მესამე მცდელობაც გამოიყენა, კვლავ მოითხოვა ანალიზი (სამი ანალიზი მაქსიმუმია) და პასუხი კვლავ დადებითი იყო. ახლა, სადისციპლინო კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენ ხანს აუკრძალავს თამაშს პოგბას და მინიმალური ვადა სამი წელი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 30 წლის ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის განმავლობაში, მხოლოდ „იუვენტუსსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ აქვს ნათამაშები, კარიერას დაასრულებს. თავის მხრივ, ტურინული კლუბი აპირებს, რაც შეიძლება მალე გაწყვიტოს მოქმედი კონტრაქტი ფეხბურთელთან, რადგან პოგბა წლიურად, 10 მილიონს იღებს და თუ დისკვალიფიკაცია ექნება, „იუვე“ ხელფასის გადახდას არ აპირებს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე