ბულგარეთისა და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - სააგენტო

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბულგარეთისა და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

როგორც სააგენტო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, შავ ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს.

"აღინიშნა, რომ როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, დაკვირვების შედეგად, წყლის ხარისხი, მათ შორის ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადები, მძიმე მეტალები და სხვა ქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.

ბულგარეთში, ქ. ბურგასში ქაფშიის მარაგების შეფასების შესახებ გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა შავ ზღვაში ბიოლოგიური რესურსების მარაგების შენარჩუნებას და მდგრადი მეთევზეობის ხელშეწყობას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს უწყობს თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

შავი ზღვის წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა კახოვკის კაშხალი ააფეთქა. გარდა დაიბნძურების რისკისა, გაერო ამბობს, რომ კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები შეიძლება შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს. 

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უწყებამ განაცხადა, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებენ. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები.