გლდანის მოსახლეობა თეთრი ტბის დაშრობასთან დაკავშირებით აქციას აანონსებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თეთრი ტბა წლების განმავლობაში იყო სარეკრეაციო ზონა, სადაც ყოველთვის ბევრი ხალხი იყრიდა თავს, განსაკუთრებით კი ზაფხულში. წყალი დასუფთავებული და საბანაოდ ვარგისი იყო.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ტბა წყლით აღარ ივსება და დაშრობა დაიწყო. წყალი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია და ხეები გამხმარი.

ტბის მეპატრონე უკვე რამდენიმე წელია ნატალია კვანტალიანია, რომელიც რამდენიმე კვირიანი ძიების შედეგად, ხალხთან კონტაქტზე გამოვიდა და მათივე თხოვნით ტბის ტერიტორიაზე უკმაყოფილო გლდანის მოსახლეობას შეხვდა.

 

რას ითხოვს გლდანის მოსახლეობა?

მოსახლეობა საყვედურს გამოთქვამს ტბის დაშრობასთან დაკავშირებით. ფიქრობენ, რომ წყალს სპეციალურად აშრობენ, რადგან დაიწყონ სხვა პროექტი. მათი თქმით, ტბასთან ახლოს მდებარე დასახლებებში დაჭაობებული წყლის გამო გაუსაძლისი სუნია, მომრავლდნენ გველები და სხვა ქვეწარმავლები. გლდანის მოსახლეობას უნდა, რომ ტბა შეივსოს წყლით, ისევ გაკეთდეს სარეკრეაციო ზონა და ითხოვენ ყურადღებას როგორც ტბის მფლობელისგან, ასევე სახელმწიფოსგან.

ხალხი ასევე დაუკავშირდა გლდანის მაჟორიტარს კონსტანტინე ზარნაძეს, რომელიც დაინტერესდა ამ პრობლებით:

„გამარჯობა, დავინტერესდები, მაქსიმალურად ვეცდები ყველა სამსახური ჩავრთო საქმეში. ტბა გაყიდულია 2009 წელს, სახელმწიფოს მიერ.“ - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

მოსახლეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა კონტაქტზე გასულიყო ტბის მეპატრონე ნატალია კვანტალიანთან და საბოლოოდ შეთანხმდნენ შეხვედრაზე 28 ივნისს, 17:00 საათზე.

გაზეთი „ვერსია“ იმყოფებოდა ტბის ტერიტორიაზე დანიშნულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მეთევზეები და ის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ყველაზე ახლოს ცხოვრობენ ტბასთან და მათი თქმით, ყველაზე მეტად აწუხებთ შექმნილი მდგომარეობა. როგორც ისინი ამბობდნენ, შეხვედრაზე მოსულები იყვნენ მთლიანი მოსახლეობის სახელით და შაბათს აპირებენ ფართო მასშტაბიანი აქციის მოწყობას, სადაც მათ შეუერთდებათ ძალიან ბევრი მოქალაქე.

„ჩვენ არ დავნებდებით, ხმა უნდა ამოვიღოთ და არ უნდა გავჩერდეთ. ახლა აქ ხალხის წარმომადგენლები ვართ, მალე კი მთელი მოსახლეობა შეიკრიბება.“ - თქვეს პროტესტის მონაწილეებმა.

აშრობენ თუ არა ტბას სპეციალურად?

ნატალია კვანტალიანის თქმით, წყალს ხელოვნურად არ აშრობენ და ამ ტერიტორიის სხვა მიზნებისთვის გამოყენებას არ აპირებენ. წყალი, რომელიც შემოდიოდა ჟინვალიდან, არც ადრე და არც ახლა, არ არის მისი საკუთრება და რამდენიმე წელია მილი გადაუკეტეს. აქამდე ტბის გადასარჩენად ზომები არ მიუღია და არც წყლით შევსება მოუთხოვია, უბრალოდ ასახელებს მიზეზს, თუ რატომ დაიწყო ტბამ შრობა.

„წყალი გადაკეტეს და მითხრეს, რომ წყლის ფულიც გადავიხადო, რასაც არ ვაპირებ. ტბას წყლით ერთხელ შევსება არ ეყოფა.“ - განაცხადა ტბის მეპატრონემ.

მისი თქმით, შექმნილ მდგომარეობას თავადაც განიცდის და თუ ჟინვალიდან წყალს ისევ შეუშვებენ, თვითონ იზრუნებს ტბის დასუფთავებაზე, წყალში გაუშვებს თევზის ორ სახეობას, ამურს და სქელშუბლას, რომლებიც ჭამენ წყალში ამოსულ ბალახს.

„ყველაზე მთავარი პრობლემა წყლის გამოშვებაა, დანარჩენზე მე ვიზრუნებ. თევზებს გავუშვებ, გარშემო ტერიტორიასაც მოვაწყობ. ყველანაირ ფინანსურ მხარეს მივხედავ.“ - ამბობს ნატალია კვანტალიანი.

მეთევზეების ცნობით, თვითონ გაუშვიათ აღნიშნული თევზის სახეობები წყალში, დასუფთავების მიზნით, მაგრამ გაჩაღებულია ბრაკონიერობა და მცდელობამ შედეგი არ გამოიღო.

მოსახლეობამ ტბის ტერიტორიაზე მოითხოვა დაცვა და კამერების დაყენება.

მოსახლეობა გაბრაზებულია იმის გამო, რომ ამ ყველაფერს აქამდე არ მიაქციეს ყურადღება. კითხვაზე, თუ რატომ არ მოითხოვა ტბის წყლით შევსება ამ დრომდე, მეპატრონის პასუხი იყო ის, რომ ხალხის დახმარების გარეშე პრობლემას ვერ მოაგვარებდა და გრაფიკიც გადატვირთული აქვს:

„სახლს ყოველდღე არ ვალაგებთ. შეიძლება ერთი დღე დავალაგოთ, მეორე დღეს არა. მე ყველას ცალცალკე ვერ მივწერდი იმაზე, რომ დახმარება მჭირდებოდა. გრაფიკიც გადატვირთული მაქვს, ძილსაც კი ვერ ვასწრებ.“ - უთხრა მან მოსახლეობას.

რაზე შეთანხმდნენ მხარეები და რა უნდა გაკეთდეს ტბის გადასარჩენად?

ხალხი ბრძოლას აგრძელებს. აპირებენ, რომ დაწერონ წერილი, გაგზავნონ ყველა საჭირო ინსტანციაში და სახელმწიფოს მიმართონ დასახმარებლად. უნდათ, რომ ჟინვალის მესაკუთრემ გახსნას მილი და გამოუშვას წყალი. მოთხოვნის დასადასტურებლად საჭიროა მოსახლეობის ხელმოწერები. თუ მოთხოვნა არ დადასტურდება, ისინი მაინც არ გაჩერდებიან და იფიქრებენ სხვა გზებზე.

„თუ მოთხოვნას არ დაგვიდასტურებენ, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ და თავიდან ვცდით.“ - აცხადებს მოსახლეობა.

შაბათს, ტბის ტერიტორიაზე დაანონსებულია აქცია, სადაც ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეების დიდი ნაწილი აპირებს მოსვლას. ხალხს უნდა, რომ ხმა სახელმწიფოს მიაწვდინოს.

  

 

ავტორი: მარიამ ჯიღაურიშვილი