ფრთხილად - რა ინფექციებს უნდა ვუფრთხილდეთ ზღვის სეზონზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზაფხულის დადგომასთან ერთად თავს იჩენს მრავალი დაავადება, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი დასვენების დღეები ჯოჯოხეთად აქციონ. დაავადების განსაკუთრებულად მაღალი რისკი კი სხვადასხვა კურორტია და რა თქმა უნდა, მათ შორის არის ზღვისპირა ტურისტული ზონები, სადაც თბილ კლიმატთან ერთად, უამრავი ადამიანი იყრის თავს. ამ ყველაფერის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა. ტესტების შედეგების მიხედვით, ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ არის დაკლებული, რაც კაშხლის განადგურების გამო, ზღვაში მტკნარი წყლის შესვლით იხსნება.

რუსეთის მიერ კაშხლის განადგურებით გამოწვეული ტექნოგენური კატასტროფა შავი ზღვის რეგიონს გრძელვადიანი გამოწვევებითაც ემუქრება. შექმნილია ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხე და ინფექციების მატების რისკი, რის გამოც წლევანდელ სეზონზე კითხვები ჩნდება, რამდენად უსაფრთხოა შავ ზღვაზე დასვენება და ბანაობა, საზოგადოების მხრიდან გააქტიურებულია.

„საქართველოში მწვანეთა მოძრაობის“ დამფუძნებელმა ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე რისკის ზონაში არ არის, რადგან დინება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიედინება. როგორც ჩხობაძე განმარტავს, საქართველოს ტერიტორიამდე კაშხლის აფეთქების გავლენამ, შესაძლოა, 5-6-თვიან პერიოდში მოაღწიოს, თუმცა სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ამ პერიოდამდე შავი ზღვა ჯანსაღი ეკოსისტემის გათვალისწინებით, ბალანსის აღდგენას მოახერხებს.

აღსანიშნავია, რომ გლობალურად ამ ეტაპზე ოფიციალური კვლევები დაბინძურების ხარისხსა და მასშტაბის შესახებ არ არსებობს, მთავარი რეკომენდაცია კი სახელმწიფოების დონეზე მონიტორინგის გაძლიერებას უკავშირდება.

ამაზე თემაზე აჭარის მთავრობა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს საიდანაც ვიგებთ, რომ აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან.

„კვლევის მიხედვით აჭარაში  ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სარფი ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტეიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური კვლებები ჩაატარა.

ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და იგი გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. მიმდინარე წელსაც როგორც ყოველთვის ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი კვარიათისა და მახინჯაური მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.

კვლევები ტარდება შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები. სინჯების აღება ხდება მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში.“ - წერს აჭარის მთავრობა / Government of Ajara

 მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზღვის კურორტზე დასვენება არც ისეთი უსაფრთხოა, დღეს ისეთ დაავადებებზე მოგიყვებით, რომლებსაც უნდა უფრთხილდეთ, თუ ზღვაზე დასვენებას აპირებთ.

ვირუსული დაავადებები

გავრცელებული მითის მიუხედავად, ვირუსი სულაც არაა ის, რაც მხოლოდ ზამთარში შეიძლება დაგემართოს. ისეთ ხალხმრავალ ადგილას, როგორიც ზღვის სანაპიროა, დაავადების რისკი ერთი-ორად მატულობს. ხშირად ვირუსი მიმდინარეობს გამონაყარისა და მაღალი სიცხის პარალელურად. რაც შეეხება ენეტეროვირუსს, ის ჩვეულებრივი ვირუსი არაა და სინამდვილეში ნაწლავური ინფექციაა.

ექიმების რეკომენდაცია ისეთივეა, როგორც სხვა ვირუსების შემთხვევაში: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით.

აქტუალურია ჰერპესიც, რომელიც აქტიური წყლულების შემთხვევაში კოცნით გადადის.

ინფექციები

სამი ფაქტორი  მუცლის ტკვივილი, დიარეა და ცხელება  მწვავე ნაწლავურ ინფექციაზე მიგვანიშნებს, რაც ზაფხულში განსაკუთრებით გავრცელებულია. განსაკუთრებით სახიფათო პერიოდია ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე.

აუცილებელია, სიცხის დროს გამძაფრებული ყურადღება მიაქციოთ ჰიგიენას. არ დალიოთ წყალი, თუ მის სისუფთავეში დარწმუნებული არ ხართ და ნუ გამოიყენებთ სხვა ადამიანის პირად ნივთებს.

პარაზიტული დაავადებები

პარაზიტებს ჩვენს ორგანიზმში მოსახვედრად არც თბილი წყალი სჭირდებათ და არც სიცოცხლისათვის განსაკუთრებული პირობები. ისინი არიან ყველგან, სადაც ფეხი მიუწვდებათ და ჩვენი სახით საკვები ეგულებათ. განსაკუთრებით საშიშია გაურეცხავი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა.

საკვებით ინტოქსიკაცია

თუ ნამდვილად ნესვმა ან საზამთრომ გაწყინათ, ამ შემთხვევაში საკვებით ინტოქსიკაციასთან გაქვთ საქმე. ეს მაშინ ხდება, როდესაც ხილი ან ბოსტნეული დიდი რაოდენობით ტოქსინებით არის გაჯერებული. როგორც წესი, საკვებით ინტოქსიკაცია მალევე ვლინდება და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.

გინეკოლოგიური პრობლემები

დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, ნებისმიერ მიკრობს ძალიან მოსწონს ქალის სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი და დაინფიცირებაც ადვილად ხდება, ზღვაზე კი რისკ-ფაქტორები იმატებს. ზღვაში ბანაობის შემდეგ აუცილებელია სუფთა წყლის გადავლება და საგულდაგულოდ გამშრალება. ნესტი, მაგალითად, სველი საცურაო კოსტიუმით დიდხანს სიარული, ორმაგად ზრდის სოკოვანი დაავადებებისა თუ ინფექციების რისკს. თუ ზღვაზე დასვენების შემდეგ აღგენიშნებათ ჭარბი გამონადენი, ქავილი და წვის შეგრძნება, აუცილებლად მიაკითხეთ გინეკოლოგს.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე