იძულებითი ქორწინება - როგორ იცვლება არასრულწლოვნების ცხოვრება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია . ადრეულ ასაკში დაოჯახებული პირები, განსაკუთრებით კი გოგონები, რჩებიან განათლების, დასაქმების პრესპექტივისა და სოციალური კავშირების გარეშე. იმას გასარკვევად, თუ რა არის ნაადრევი ქორწინების  გამომწვევი მიზეზი და როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას ,,ვერსია’’ დაუკავშირდა „უფლებები საქართველო“-ს ექსპერტ-იურისტ ელისო რუხაძეს.

-პირველ რიგში მაინტერესებს, თქვენი მონაცემებით რამდენად ხშირია ადრეულ ასაკში ქორწინება?

- სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ იკლებს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები. სტატისტიკა საკმაოდ მაღალია, და უტოლდება თურქეთის და მოლდოვეთის მაჩვენებელს და ხშირად აჭარბებს მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანის და სომხეთის მაჩვენებელს. ადრეული ქორწინება განსაკუთრებით ჭარბობს ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებში და მაღალ მთიან აჭარაში, სადაც ჯერ კიდევ ხდება 18 წელს მიუღწეველი გოგონების მოტაცება ან იძულებითი ქორწინება.

-რა ხდება ხშირ შემთხვევაში ადრეულ ასაკში ქორწინების გამომწვევი მიზეზი?

- იძულებითი ქორწინება არის დასჯადი, და უმეტესწილად ეს ხდება იძულებით ფორმაში. რეალურად როგორც ეთნიკურად დასახლებულ სოციუმში ასევე ნებისმიერ სხვა სოციუმში, ადრეული ქორწინების გამომწვევი ფაქტორებია ნორმები, რომლებიც იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს უზღუდავს თავისუფლად შეხვდნენ მეგობარ გოგონას ან ბიჭს, საუბარია თავისუფალ სექსუალურ ცხოვრებაზე. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია გარემოებაა ეკონომიური პრობლემები, კერძოდ მძიმე ეკონომიური მდგომარეობა.  ზოგადად ოჯახებისთვის და განსაკუთრებით გოგონების ოჯახებისთვის ხშირად ქორწინება არის ყველაზე მისაღები ფინანსური გამოსავალი, რითიც ისინი თავს აღწევენ მძიმე ყოფას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქორწინებამდე არსებობს სქესობრივი კავშირის ტაბუ დადებული თემა და პრაქტიკულად გაუცნობიერებლად ხდება ამ ნაწილთან მიმართებაში არასრულწლოვნის ჩართვა.

-რამდენად ხშირია როდესაც ადრეულ ქორწინებას ხელს უწყობს მშობელი და ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ავარიდოთ არასრულწლოვანი ადრეულ ასაკში დაოჯახებას?

- ადრეული ქორწინების ხელშემწყობი პირები ნამდვილად არიან მშობლები, ვინაიდან 13-15 წლის გოგონები ხშირად ეთნიკურ ჯგუფებში ადრეული ქორწინების ასაკად მოიაზრება. შესაბამისად ამ ასაკის გოგონას დაქორწინება გამორიცხულია მშობლის ხელშეწყობის გარეშე, ხდება ნიშნობა და პრაქტიკულად სახელმწიფო იძულებით ან ნაადრევი ქორწინების სტატისტიკას აკეთებს მას შემდეგ, რაც გოგონა გააჩენს ბავშვს ან დაორსულდება, და  შესაბამისად ვალდებულია  მან მიაკითხოს სამედიცინო დაწესებულებას,  რომელიც თავის მხრივ რეფერირების წესიდან გამომდინარე აცნობებს უფლებათა დამცველ ორგანოებს არასრულწლოვნის მიერ ბავშვის გაჩენის შესახებ.
  რაც შეეხება არიდებას, ადრეულ ასაკში დაოჯახებას შეიძლება სახელმწიფო ებრძოლოს კანონით , ასევე განათლება  არის ერთ-ერთი ყველაზე   მნიშვნელოვანი ბერკეტი. გოგონები,რომლებიც ადრე ოჯახდებიან , უწევთ სკოლის მიტოვება და ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერება მშობლების. ბიჭებისთვის უფრო პრიორიტეტულია განათლება ასე ფიქრობენ ადრეული ქორწინების ხელშემწყობი მშობლები. სამწუხაროდ ადრეული ქორწინების შემდეგ გოგონების განათლების საკითხს წყვეტენ ქმრები და დედამთილ-მამათილები.

-რამდენად დაცულია ადრეულ ასაკში ქორწინების სამართლებლივი რეგულაცია?

- ადრეული ქორწინების დაძლევის  თაობაზე კანონმდებლობა გვაქვს ძალიან   მკაფიო და კარგი. კერძოდ , სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, სახელმწიფოს მიეცა რეკომენდაცია, რომ   მკაცრი პოლიტიკა იყოს  განვითარებული ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქორწინების იძულება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. ასევე ძალიან მკაცრად ისჯება სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია 140-ე მუხლით, რომელიც 7-იდან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
 ასევე 150-ე მუხლი განსაზღვრავს ქორწინების იძულებას , და აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ  ჩინარა კოჯაევას ისტორია რომელიც იძულებით ქორწინებას ეხება . ეს ისტორია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმით , რომ მამამ რომელიც მიეცა პასუხისგებაში , გაიაზრა  მის მიერ ჩადენილი დანაშაული და პრაქტიკულად ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სხვა ოჯახებს და სხვა  ქალებს ჩინარამ მოუწოდოს , რომ ისწავლონ , განვითარდნენ და ქორწინება არ არის გამოსავალი , რომ მათ თავი  დააღწიონ  იმ  მძიმე  პირობებს,  სადაც მანამდე  უწევდათ ყოფნა.

-თუ შეგიძლიათ,რომ მითხრათ  რით ისჯება იძულებითი ქორწინება, და დღეს-დღეობით  იხდის  თუ არა სასჯელს ვინმე ამ მიზეზით?

-პირადად მე არ შემიძლია  ვთქა სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს , თუმცა ჩინარა კოჯაევას საქმე, ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. როდესაც მამა დაისაჯა ქორწინების იძულებითი მუხლით. როგორც უკვე ვთქვი, ქვეყანაში ქორწინება 18 წლიდან დაშვებულია. 2016წლის 1 იანვრიდან გაუქმდა წესი , რომლის თანახმადაც 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. ესე იგი 18 წლიდან არის ოფიციალურად ნებადართული ქორწინება. ეს განპირობებულია ძალიან ბევრი ფაქტორით, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებთან, არის დაკავშირებული ადრეული ქორწინება. ასევე დაქორწინების შემდეგ, გოგონებში მკვეთრად იზღუდება პირადი ცხოვრების უფლება, მობილური ტელეფონების და კომპიუტერების გამოყენება, როგორც ქმრების მიერ ასევე ქმრების მშობლების მიერ. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ ბევრია,  პრაქტიკულად ადრეული ქორწინება და  ქორწინების იძულება გადაიზრდება ძალადობრივ ქმედებებში, რომელსაც ვერც კი აანალიზებს ხშირად მსხვერპლი,  რომ ის ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, აკონტროლებს მეუღლე და მისი მშობლები.

ავტორი:  სოფო მესტუმრიშვილი