რა შარში გაეხვა ქართველი ასაკოვანი გამომძიებელი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოწამვლის უცნაური სერია თბილისში

საბჭოთა კავშირის დროსმ მეცნიერებას უდიდესი ყურადღება ექცეოდა. განსაკუთრებით, გამოგონების სფეროს ჰქონდა უპირატესობა, რადგან საბჭოთა ბელადები ფიქრობდნენ, რომ მსოფლიოში ყველაფერში მოწინავეები უნდა ყოფილიყვნენ, მათ შორის, გამოგონებაშიც. წ;ლის განმავლობაში, სწორედ ამიტომ იმართებოდა რამდენიმე გამოფენა, სადაც ნორჩი თუ ასაკოვანი გამომგონებლები საკუთარ მოდელებს წარადგენდნენ ხოლმე და არცთუ იშვიათად, რიგითი ადამიანის გამოგონებას პატენტს ანიჭებდნენ, ქსელში უშვებდნენ, გამომგონებელს კი... 3-დან 5 ათას მანეთამდე აძლევდნენ, რაც მაშინ თითქოს დიდი ფული იყო, ამ გადმოსახედიდან კი, საერთოდ არაფერი. ამის მიუხედავად, საბჭოთა ადამიანები შრომობდნენ, იგონებდნენ, გამოფენებზე დადიოდნენ და სჯეროდათ, რომ ყველაფერ ამას, დიდი ქვეყნის საკეთილდღეოდ აკეთებდნენ. რეალურად კი, ყველა გამოგონება, საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთს დარჩა, დანარჩენ რესპუბლიკებს კი - არაფერი.

სწორედ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე რესპუბლიკაში გამოგონებების ბუმი იყო და გამოფენებში ყველა მონაწილეობდა (სკოლის მოსწავლეებიდან დაწყებული, პენსიონერებით დასრულებული), დელეგაცია საქართველოდანაც გაემგზავრა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენად წარმატებული იყო ეს დელეგაცია, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას ყველაზე მეტად ის აწუხებდა, რომ ერთ-ერთი მინისტრი მოიწამლა და ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძოდნენ.

ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ექიმებმა არ იცოდნენ მიზეზი, ვერ სვამდნენ დიაგნოზს და ვერ ამბობდნენ, რით იყო მოწამლული მინისტრი. მათი მტკიცებით, ნაწლავები სერიოზულად იყო დაზიანებული, თითქოს მინისტრი ვიღაცამ მუცლის არეში სასტიკად სცემა, რაც გამორიცხული იყო - მუცლის გარედან, კანზე, დაზიანების კვალი არ იყო. სისხლში არ აღმოჩნდა ისეთი რამ, რაზეც შეიძლებოდა ეჭვი მიეტანათ ანუ სისხლში საწამლავის კვალი არ იყო და როგორც მაშინ ხდებოდა ხოლმე, მოსკოვი თბილისს არ ენდო და სისხლის ანალიზის ნიმუშები საბჭოთა დედაქალაქშიც გაიგზავნა. პასუხი რუსმა ექიმებმაც ქართველების ანალოგიური დადეს - სისხლი სუფთაა. რუსეთიდან სისხლის ანალიზის პასუხს უშიშროების თანამშრომლებიც ჩამოჰყვნენ. გაჩნდა ეჭვი, რომ მინისტრი აქამდე უცნობი შხამით მოწამლეს და დიდი შანსი იყო, საქმეში უცხოური სპეცსამსახურებიც ყოფილიყვნენ ჩარეულნი, თუმცა ერთი სერიოზული პრობლემაც იყო - ბოლო სამი თვის განმავლობაში, ქართველი მინისტრი ექვს მოძმე რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ კოლეგებსა და უცხოელ პარტნიორებს შეხვდა. მართალია, ის უცხოელები, ძირითადად, სოციალისტური სახელმწიფოების წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ მაინც. აუცილებელი იყო ყველას შემოწმება, იმის მოძება, სად რა შეიჭამა, სად რა დაილია და ხომ არ იყო ისეთი შეხვედრა, სადაც, მაგალითად, სწორედ იმ სოციალისტური სახელმწიფოებიდან ჩამოტანილი პროდუქტით გაუმასპინძლდნენ საბჭოთა დელეგაციას. გარდა იმისა, რომ ყველაფერი ეს, დროში გაიწელებოდა, რეალურად, უზარმაზარი და ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი სამუშაო იყო ჩასატარებელი, მაგრამ საბჭოთა „კა გე ბე“ ხომ იმითაც იყო ცნობილი, რომ მისთვის წარმოუდგენელი არაფერი გახლდათ.

უშიშროება საქმეს შეუდგა, პარალელურად, არც თბილისელი სამართალდამცავები იყვნენ უქმად და ყველა სამუშაო, რომელიც მოსკოვში მიდიოდა, შეჩერდა, რადგან იგივე სიმპტომებით, საავადმყოფოში მინისტრის მეუღლეც მიიყვანეს. გამოდიოდა, კვალი სწორედ საქართველოში უნდა ეძებნათ და არა - რუსეთში. მინისტრი აზრზე იყო და მისი ნებართვით, სახლში არაოფიციალური ჩხრეკა ჩატარდა. იქ იყვნენ უშიშროების თანამშრომლები, შსს-ს გამომძიებლები, ექსპერტ-კრიმინალისტები, მუშაკები ლაბორატორიიდან და ეძებდნენ ყველაფერს, რისი მოძებნაც კი შეიძლებოდა და რაც კი შეიძლებოდა, საეჭვო ყოფილიყო. ყველა საკვების, ჰაერის, კედლის ანაფხეკის, იატაკზე საღებავის ნიმუში ლაბორატორიაში წაიღეს და ყველა ელოდა, რომ რამეს მიაგნებდნენ, მაგრამ შედეგი ნული იყო - აბსოლუტურად ყველაფერი ნორმის ფარგლებში გახლდათ. ერთადერთი, რაც ყველას ახარებდა, ის იყო, რომ მინისტრის ჯანმრთელობა არათუ დღითი-დღე, არამედ, ლამის საათობრივად უმჯობესდებოდა. რაც მთავარია, ამის მიზეზს ვერავინ ხვდებოდა, რადგან ექიმები რამე განსაკუთრებულს არ აკეთებდნენ, სპეციალურ მედიკამენტებს არ იყენებდნენ. იგივე მოხდა მის მეუღლესთან დაკავშირებითაც და ყველაფერმა ამან, როგორც ექიმები, ისე სამართალდამცავები უფრო ჩააფიქრა.

მალე, მინისტრიცა და მისი ცოლიც შინ გაწერეს და ორივემ ჩვეულებრივად გააგრძელა ცხოვრება, თუმცა განგაშის ზარებს მალე ისევ შემოჰკრეს - იმავე კორპუსში, სადაც მინისტრი ცხოვრობდა, იმავე სიმპტომებით, ცუდად კიდევ ერთი ოჯახის სამი წევრი გახდა. მათი გამოჯანმრთელებაც მარტივად მოხერხდა, მაგრამ ეს ძალოვნებისთვის უკვე ნამდვილი გამოწვევა იყო. ცხადი გახდა, რაღაც სწორედ იმ კორპუსში ხდებოდა და ამიტომ, ის რაღაც აუცილებლად უნდა ეპოვათ. გადაწყდა, რომ არა მარტო კონკრეტული ბინის, არამედ, მთელი კორპუსის ჩხრეკა ჩატარებულიყო და ეს იყო, პრაქტიკულად, სპეცოპერაცია. ერთ დღეს, კორპუსს სამხედრო ნაწილებმა შემოარტყეს ალყა, ყველას აუხსნეს, რომ ეძებდნენ რაღაცას, რაც ადამიანების მოწამვლას იწვევდა და ამიტომ, ყველას ბინაში უნდა შესულიყვნენ, უნდა ენახათ სარდაფები, სხვენი, მოკლედ, ყველაფერი, რისი ნახვაც შეიძლებოდა. ჩხრეკაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი, უშიშროების სამსახურის 50 წარმომადგენელი და ექსპერტ-კრიმინალისტები მონაწილეობდნენ. ერთადერთი, რაც იპოვეს და საინტერესოდ მოეჩვენათ, სხვენში, თითქოს უპატრონოდ მიგდებული ვერცხლისწყალი იყო, რომელიც 3-ლიტრიან ქილაში იყო ჩასხმული. ამ ოდენობის ვერცხლისწყალი ქიმიური საწარმოებისთვისაც კი ძალიან ბევრი იყო და დაიწყეს იმის ძიება, ვისი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მომწამვლელი ნივთიერება, თუმცა ქილაზე თითის ანაბეჭდები ვერ იპოვეს. ამ ოდენობის ვერცხლისწყალს დიდი გამოსხივება აქვს, რადიაციის დონესაც კი ზრდის, მაგრამ ექიმები დარწმუნებით ამბობდნენ, რომ ეს არ იყო მიზეზი იმისა, თითქოს, კორპუსის მაცხოვრებლებს ასეთი სიმპტომები ჰქონოდათ. მათი აზრით, კორპუსის მაცხოვრებლები იღებდნენ რაღაცას (წყალს, საკვებს), რაც ორგანოებს შიგნიდან აზიანებდა, გარედან კი არაფერი ჩანდა.

ვერცხლისწყლის ამოღების შემდეგ, თითქოს ყველაფერი დამშვიდდა და არც სხვა მოსახლეების ჩივილები იყო, მაგრამ... ცუდად ისევ მინისტრი გახდა და იგივე სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. უშიშროების სამსახურმა გადაწყვიტა - მინისტრის მეუღლე და ის მეზობლები, რომლებიც ცუდად გახდნენ, მკაცრად და დეტალურად დაეკითხათ, რათა გაეგოთ, ჰქონდათ თუ არა საერთო მოხმარების საკვები, ან სითხე. ხომ შეიძლებოდა, რომ ისინი, უბრალოდ, ვინმესგან ყიდულობდნენ, მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქტს (ასეთი რამ ადრე ხდებოდა), ან ერთსა და იმავე მაღაზიიდან, ერთსა  და იმავე საკვებს იღებდნენ მუდმივად. დაკითხვაზე ორივე მხარე მხრებს იჩეჩდა, თითქოს გადაკვეთის წერტილი არ ჰქონდათ, ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად, არც საკვების მიმართულებით ემთხვეოდა რამე ისეთი, ძალოვნებს ეჭვი რომ მიეტანათ.

„ალბათ, ერთადერთი, რაც გვაერთიანებს, წყლის ფილტრია. მეზობელი გვყავს გამომგონებელი, ათას რამეს იგონებს და მათ შორის, წყლის ფილტრიც გამოიგონა. ყველას არწმუნებდა, სახლში რომ ქლორიანი წყალი მოდის, მაგ ქლორს წმენდს და სუფთა წყალი თუ გინდათ, ჩემი ფილტრი დააყენეთო. ჰოდა, ჩვენ დავაყენეთ, მერე მინისტრმაც დააყენა და ძალიან კმაყოფილები ვართ. წყალი მართლაც საოცრად რბილია, ფილტრში კი უამრავი ნაგავი გროვდება და მას ლამის სამ დღეში ერთხელ ვწმენდთ“, - განაცხადა მეზობელმა. ერთ საათში, ორივე ფილტრი ექსპერტიზაზე იყო და გამოძიება შედეგს ელოდა.

თავად ფილტრში ექსპერტებმა მავნე მეტალები თუ დეტალები ვერ იპოვეს, თუმცა მისი მეშვეობით წყალი გაფილტრეს და აღმოჩნდა, რომ ფილტრი იმდენად ძლიერი იყო, წყალს აბსოლუტურად ყველა მინერალს აცლიდა და იმაზე მეტად ფიტავდა, ვიდრე გამოხდილი წყალი იყო. ასეთი წყლის ხანგრძლივი მიღება ორგანიზმს არა მარტო მინერალების გარეშე ტოვებდა, არამედ, კუჭ-ნაწლავსაც აზიანებდა და მუდმივად მისი მიღება, უეჭველად, ფატალურ შედეგს გამოიღებდა. ამჯერად, გამომგონებელი დააკავეს.

„რა უნდა ვთქვა? ონკანს ქვიშა მოჰყვება, ხანდახან კი ისეთი ქლორიანია, დალევა არ შეიძლება. ამიტომ, ფილტრი გამოვიგონე, მერე რამდენიმე მეზობელს ვუთხარი, გაჩუქებთ-მეთქი და არ მოინდომეს, მხოლოდ ორმა ოჯახმა დააყენა და ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ვერ ვხვდები, ჩემს ფილტრს როგორ უნდა დაეზიანებინა მათი ჯანმრთელობა? მე რატომ არ გავხდი ცუდად?“ - ამბობდა გამომგონებელი და ექიმებმა ისიც შეამოწმეს. როგორც აღმოჩნდა, ასაკის გამო, გამომგონებელი წყალზე მეტად, კომპოტს სვამდა და სავარაუდოდ, სწორედ კომპოტმა შეუნარჩუნა ჯანმრთელობა.

რა თქმა უნდა, ციხეში არავინ გაუშვიათ, მაგრამ ფილტრის ნახაზები და დეტალები რუსეთში, უშიშროების კომიტეტმა სიხარულით წაიღო.

ავტორო: ბათო ჯაფარიძე