საზარელი დანაშაული - რატომ მოკლა დედამ შვილი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მე დიდხანს უნდა ვიცოცხლო, დიდხანს უნდა დავიტანჯო!“

შემთხვევა, რომელზეც ახლა გიამბობთ, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში მოხდა. ადრე ხშირი იყო, საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელები ისტორიულ სამშობლოში რომ მიდიოდნენ სასწავლებლად, შემდეგ კი, ძალიან ბევრი სამუშაოდ იქვე რჩებოდა. ასე, მაგალითად, ბოლო დრომდე, აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი დმანისში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი იყო, მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებს კი, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, თვლა არ აქვს. ჰოდა, წლების განმავლობაში, აზერბაიჯანში გამომძიებლად ნამუშევარი, ახლა კი საქართველოში დაბრუნებული ყოფილი ძალოვანი ყვება ისტორიას, რომელსაც, ალბათ, ერთ-ერთი, ყველაზე ტრაგიკული ფინალი აქვს, ფინალი, რომელსაც არც თავად გამოძიება ელოდა და ვერავინ წარმოიდგენდა.

ყველაფერი ძალიან ბანალური შემთხვევით დაიწყო. ბიძაშვილები, ერთად გაზრდილი ბიჭები, საღამოს შინ ბრუნდებოდნენ, მეგობრის დაბადების დღეზე იყვნენ და გზის პირას, ტროტუარზე, ტაქსის გამოვლას ელოდნენ. ამ დროს, საიდანღაც ბენზინმზიდი გამოჩნდა, პირდაპირ ტროტუარზე ავარდა და გარდა იმისა, რომ ბიჭები გაიტანა, ამოყირავდა, ბენზინი დაიღვარა და ცეცხლი გაჩნდა. როცა სახანძრო მივიდა, ადგილზე სამი დანახშირებული სხეული ნახა და ცოცხალი მხოლოდ ერთი იყო - ერთ-ერთი ბიჭი, მაგრამ დამწვრობის გამო, მისი ცნობა თითქმის გამორიცხული გახლდათ. ბიჭების მშობლები საავადმყოფოში მაშინვე მივიდნენ, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინათ? გადარჩენილი საოპერაციოდ ჰყავდათ შეყვანილი, ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ და გადაარჩინეს კიდეც, თუმცა საოპერაციოდან გამოსულმა ქირურგმა კოლეგებს დანანებით უთხრა, ეს ბიჭი რომც გადარჩეს, თავის ქალა ისე აქვს დაზიანებული, გამორიცხულია, ნორმალურად აზროვნება შეძლოსო. რა თქმა უნდა, მშობლებს ამის შესახებ არაფერი უთხრეს, ეგებ, სასწაული მოხდესო, თანაც ოპერაციის წარმატებით ჩატარების მიუხედავად, ბოლომდე გადაწყვეტილი მაინც არ იყო, შეძლებდა თუ არა ბიჭი მდგომარეობიდან გამოსვლას.

რაც შეეხება მეორე ბიძაშვილს, ის დაასაფლავეს და ნათესაობა გადარჩენილისთვის ლოცულობდა. პრეტენზია ვერც ბენზინმზიდის მძღოლის ოჯახს წაუყენეს, რადგან ექსპერტიზის დასკვნით, მძღოლი ნასვამი არ იყო, მას, უბრალოდ, გული გაუჩერდა და საჭე ამ მიზეზით ვეღარ დაიმორჩილა. ასე გავიდა, დაახლოებით, ერთი კვირა. გადარჩენილი ბიჭი ისევ რეანიმაციაში იყო, დედამისი ლამის იქ აღამებდა და ათენებდა, შინ მხოლოდ ტანსაცმლის გამოსაცვლელად მიდიოდა და ერთ დღესაც, როცა უკან დაბრუნდა, ექიმებმა სამწუხარო ამბავი ამცნეს - მისი შვილი გარდაიცვალა, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო - ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ და გაუბედურებულმა დედამ მკაფიოდ გაიგონა, როგორ თქვა ერთ-ერთმა ფორმიანმა, რას ერჩოდნენ ამ ბიჭს, რომ მოკლესო. გამოდიოდა, რომ ახალგაზრდა არა მიღებული ტრავმებით ან დამწვრობით გარდაიცვალა, არამედ, მოკლეს. ამ ინფორმაციამ ყველა ააღელვა, სანათესაო საავადმყოფოს დანგრევით იმუქრებოდა, გამომძიებლებს კი საქმე დაუგროვდათ - მათ უნდა გაერკვიათ, ჰყავდა თუ არა გარდაცვლილი ბიჭის ოჯახს მტრები და რაც მთავარია, ხომ არ მოხდა ისე, რომ ბენზინმზიდის მძღოლს რამე წამალი გაუკეთეს, რათა ბიჭებს დასჯახებოდა, თუმცა ეს ვერსია მალე გამოირიცხა, რადგან ვერავინ გათვლიდა, რომ ბიჭები მაინცდამაინც იმ ადგილზე გაჩერდებოდნენ, არცერთი მეტრით წინ ან უკან და თანაც ზუსტად იმ დროს, როცა გზაზე ბენზინმზიდს უნდა გაევლო.

მკვლელობა სასტიკი გახლდათ - ბიჭს ის აპარატი ჰქონდა თავში რამდენჯერმე ჩარტყმული, რომელზეც მიერთებული იყო. გარდაცვლილის მამა რიგითი მაღალჩინოსანი არ იყო, მაგრამ არც ისეთი თანამდებობა ეკავა, ვინმეს შური ასეთი სასტიკი მკვლელობით ეძია.

„ეგ ბიჭი ერთი გავლენიანი კაცის გოგოს უყვარდა, იმ კაცმა გარდაცვლილის მამას უთხრა, დავნიშნოთ, მაგრამ ბიჭმა თავი გაიგიჟა, ჯერ არც ცოლის მოყვანას ვაპირებ და მით უმეტეს, მაგ გოგოს არ მოვიყვან, არ მიყვარს და საერთოდ, სხვა გეგმები მაქვსო. ჰოდა, არ არის გამორიცხული, შური იმ კაცმა იძია, ვერ აიტანა შეურაცხყოფა, მით უმეტეს, რომ ეს ამბავი გახმაურდა და სულ რაღაც სამი თვეა გასული“, - თქვა ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა და გოგოს მამის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ბევრს ეს ვერსია სარწმუნოდ ეჩვენა. დაიწყეს ამ ვერსიაზე მუშაობა, მაგრამ უკვე მეორე დილით იცოდნენ, რომ ტყუილად ირჯებოდნენ - გოგონა სხვა ბიჭზე იყო უკვე დანიშნული და მამამისს საერთოდ არ აინტერესებდა, რას აკეთებდა ის, ვინც მის ქალიშვილს უარი უთხრა.

სამართალდამცავებმა მედპერსონალის პირადი საქმეების შესწავლა დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ საავადმყოფოში დამლაგებლად მუშაობდა ქალი, რომელიც მანამდე გარდაცვლილი ბიჭების მასწავლებელი იყო. სწორედ ამ ბიჭებთან კონფლიქტის გამო, სკოლიდან დაითხოვეს და დაითხოვეს მგლის ბილეთით. ჰოდა, პედაგოგი ქალი, დამლაგებლად ძლივს მოეწყო და რატომ არ უნდა ჰქონოდა მოტივი? დამლაგებელი მკაცრად დაჰკითხეს, თუმცა მან თქვა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო რეანიმაციაში, არც კი იცოდა, რომ ბიჭები დაიწვნენ და ყველაფერს აკეთებდა, პაციენტებსა თუ მათ ახლობლებს თვალში არ მოხვედროდა, ერიდებოდა, რომ დამლაგებლად მუშაობდა და ამიტომ, საქმეს პირბადეაფარებული, თავჩახრილი აკეთებდა. მეტიც, როცა კითხვა მკვლელობაზე დაუსვეს, ლამის გული წაუვიდა, როგორი მკვლელი ვარ, სისხლის დანახვაზე გული მიმდისო და მთავარმა ექიმმაც დაადასტურა, რომ საოპერაციოსთვის სხვა დამლაგებელი ჰყავდათ, რადგან ყოფილი მასწავლებელი, სისხლის შიშის გამო, იქ ვერ შედიოდა.

სამართალდამცავები მარტივი გზით წასვლას შეეცადნენ - ეგებ ის აპარატი, რომელზეც ბიჭი იყო შეერთებული, ცუდად იდო და თავისით გადმოვარდაო, მაგრამ ეს გამოირიცხა. ჯერ ერთი, აპარატი ბიჭს თავთან არ ედო და მეორეც, რომც გადმოვარდნილიყო, ერთხელ დაეცემოდა და გაჩერდებოდა, ექსპერტიზის დასკვნით კი, მკვლელმა მძიმე აპარატი ბიჭს რამდენჯერმე ჩაარტყა. ვერსიები ამოიწურა და გამოძიებამ ხელები ჩამოუშვა - მათ არც ეჭვმიტანილი ჰყავდათ, არც მოტივი იცოდნენ და ზოგადად, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა უნდა გაეკეთებინათ. ბიჭის გასვენების დღე ახლოვდებოდა და ოპერმუშაკები წასვლას აპირებდნენ, ეგებ, ვინმეს რამე წამოსცდეს, რომ ახალ ვერსიას ჩავებღაუჭოთო, მაგრამ წასვლამდე გარდაცვლილის ოჯახიდან დარეკეს და სამართალდამცავების მისვლა მოითხოვეს.

„ეს ჩემი შვილი არ არის, ეს მეორე გარდაცვლილი ბიჭია. არ მინდოდა, ასე დაბინტული დაგვესაფლავებინა, შევხსენით და წვივით მივხვდი, რომ ჩემი არაა. ორი წლის წინ, წვივის ძვალი გაუტყდა, ექიმმა მაშინ პლატინა ჩაუსვა, მერე აღარ ამოვიღეთ, ხელს არ უშლიდა და ისედაც ხომ ოქროს ბიჭი მყავდა. ახლა კი, პლატინა არ არის, არც ძვლის შეხორცების ადგილია, გამოდის, ექიმებს შეეშალათ, ჩემი ბიჭი ადგილზე მოკვდა და ეს მეორეა, ბიძაშვილი. ყველა დაიჭირეთ, ყველა გაასამართლეთ“, - მოთქვამდა ქალი.

რაღა თქმა უნდა, გამომძიებლები საავადმყოფოში წავიდნენ და მალე გაარკვიეს, რომ როცა ბიჭები მიიყვნეს, საბუთი მხოლოდ ერთს ედო ჯიბეში, მერე ექთანს აერია, რომლის საბუთი იყო და ალალ-ბედზე გადაწყვიტა, რომელი გადარჩა. ვერ გაარტყა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, სიმართლე არც თავად იცოდა და იმის იმედი ჰქონდა, რომ დამწვარი ბიჭი ან ვერ გადარჩებოდა, ან ისე უბრალოდ გაუმართლებდა. მედდა ტიროდა, ვერ გავამხილე, ან როგორ უნდა გაგვერკვია, ვინ ვინ იყო, სახე არცერთს უჩანდა, სამსახურის დაკარგვის შემეშინდაო, თუმცა, ეს მკვლელობის გახსნის გასაღები ნამდვილად არ იყო და არც მედდა გახლდათ ის პირი, რომელიც საბუთის შეცვლის გამო (რომელიც ბოლომდე არც იცოდა), ვინმე მოეკლა. გარდაცვლილების არევაზე დაწყებული სკანდალი მალე მიწყნარდებოდა, მაგრამ ეს სამართალდამცავებისთვის შვება არ იყო - საქმე გაუხსნელი რჩებოდა, ამისთვის კი მათ თავზე ხელს არავინ გადაუსვამდა, თუმცა...

„ვიფიქრე, თავი მომეკლა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ძალიან მსუბუქი სასჯელი იქნებოდა. მე დიდხანს უნდა ვიცოცხლო, დიდხანს უნდა დავიტანჯო. როცა გავიგე, რომ ჩემი შვილი მოკვდა, მისი ბიძაშვილი კი გადარჩა, ძალიან გავბრაზდი. ჩავთვალე, რომ ეს უსამართლობა იყო და ვფიქრობდი, როგორ მეძია შური. თან ექიმებს ველოდებოდი, რას იტყოდნენ და ბოლოს, როცა თქვეს, რომ ბიჭი უეჭველი გადარჩებოდა, მისი მოკვლა განვიზრახე. ის იყო მთავარი დამნაშავე ჩემი შვილის სიკვდილში, რადგან სწორედ მან აიძულა დაბადების დღეზე წასვლა, ჩემს შვილს არ უნდოდა და მერე მოხდა ის, რაც მოხდა. საბოლოოდ კი, გავიგე, რომ საკუთარი შვილი მოვკალი. ამიტომ ვამბობ, დიდხანს უნდა ვიცოცხლო, რომ ბოლომდე დავიტანჯო, არ აქვს მნიშვნელობა, სასამართლო რას მომისჯის, ჩემი სასჯელი მიღებული მაქვს“, - განყოფილებაში ამ აღიარებით, პირველად გარდაცვლილი ბიჭის დედა მივიდა.

სასამართლომ მკვლელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ ქალის სურვილი არ ახდა - მან დიდხანს ვერ იცოცხლა, ციხეში ყოფნის მეოთხე თვეს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე