შემზარავი დანაშაული - 72 წლის კაცმა შშმ პირებზე სექსუალურად იძალადა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სექსუალური ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. 72 წლის მამაკაცმა 14 წლის ბიჭსა და 26 წლის გოგოზე იძალადა. უმძიმესი დანაშაული თბილისთან ახლოს, ქვემო ქართლში მოხდა. დამნაშავე სარეაბილიტაციო ცენტრის მძღოლია, რომელსაც მეტყველების პრობლემის მქონე ბენეფიციარები ცენტრიდან სახლში დაყავდა. შემზარავი დანაშაული კამერებმა აღბეჭდა, რომელიც სასამართლოს ნებართვით მიკროავტობუსში დაამონტაჟეს. დამნაშავე 17 წელი ციხეში იჯდება.

სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 2-ჯერ უფრო მეტია იმის რისკი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი გახდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე მათი თანატოლები. მსგავსი შემთხვევების გამოძიება რთულია. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ხშირად არც ოჯახი უჯერებს და არც საზოგადოება.

"კურიერი P.S"-მა იმ გამომძიებლის ჩვენება მოიპოვა, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები შეისწავლა.

ტრანსპორტი საგამოძიებო უწყების ეზოში დგას. მოძალადე სამარშრუტო ტაქსით რეაბილიტაციის ცენტრს 7 წელი ემსახურებოდა. რა ხდებოდა წლების განმავლობაში, არავინ იცის. ბენეფიციარებს, რომლებიც მძღოლს დაჰყავდა, მეტყველების პრობლემა აქვთ. მიუხედავად ამისა, 26 წლის გოგომ შეძლო და დედას მიანიშნა, რომ კაცი უცნაურად იქცეოდა. თერაპიული ცენტრის დირექტორმა P.S-ს უამბო, როგორ გავიდა გამოძიება მოძალადის კვალზე.

დედის მოთხოვნით გამოძიება დაიწყო. მძღოლი გამოკითხვაზე დაიბარეს. მან ყველაფერი უარყო და ცენტრში მუშაობა გააგრძელა, თუმცა სასამართლოს ნებართვით სამართალდამცველებმა მძღოლის ავტომობილში ფარული კამერები დააყენეს და მის დასაკავებლად მთავარი მტკიცებულებაც შეიქმნა.

P.S-ის ინფორმაციით, კამერებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. მამაკაცი დააკავეს. შემზარავი კადრები სასამართლო დარბაზში დახურულ კარს მიღმა აჩვენეს. P.S-მა იმ გამომძიებლის ჩვენება მოიპოვა, რომელმაც შშმ პირებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები შეისწავლა.

"სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული მოქმედებების შედეგად დათვალიერდა დისკები, დადგინდა, რომ ბრალდებული მანქანით მოძრაობის დროს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების გადაყვანისას, ავტომობილში მყოფ პირებზე ახორციელებს სექსუალური ხასიათის ქმედებებს", - აცხადებს გამომძიებელი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გარდა სექსუალური ძალადობისა, 72 წლის კაცი შშმ ბავშვებს ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

ვიდეო მტკიცებულების მიუხედავად, 72 წლის მხილებულმა მოძალადემ დახურულ სასამართლო სხდომაზე ბრალი უარყო.

72 წლის კაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტები სასამართლომაც დაადასტურა. მოძალადეს 17 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მსჯავრდადებული დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს.

სანამ დამნაშავე 72 წლის კაცი პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს, მომხდარის დავიწყება უჭირთ დაზარალებულებს. P.S-ს სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლის ბაბუას ესაუბრა.

არასრულწლოვანი მსხვერპლი თერაპიულ ცენტრში ახლა სხვა მძღოლს დაჰყავს. დაწესებულებაში ჯერ ისევ არ დადის ძალადობის მსხვერპლი 26 წლის გოგო, რომელმაც დამნაშავე ამხილა.

დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, მსგავსი შემთხვევების გამოძიება ხშირ შემთხვევაში რთულია. ომბუდსმენმა საგამოძიებო პროცესში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე რეკომენდაციების შეიმუშავა.

2020 წლიდან მიმდინარე წლის ივნისამდე პერიოდში, დაზარალებულად ცნეს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი 13 შშმ არასრულწლოვანი.

 

წყარო:რუსთავი ორი