რატომ სცემა ძმამ დას სასიკვდილოდ - სისხლის სამართლის უცნაური საქმის დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

90-იან წლებში, ყველაფერთან ერთად, სექტებიც მომრავლდნენ. იმის მიუხედავად, თითქოს, სწორედ 90-იანი წლებიდან დაიწყო მოსახლეობის შემობრუნება ეკლესიისკენ, ამავე პერიოდს უკავშირდება, მაგალითად, იეჰოვას მოწმეების გააქტიურება და სხვადასხვა მიმდინარეობების ჩამოყალიბება. სექტანტები საკუთარ რიგებში ეპატიჟებოდნენ ყველას და ცდილობდნენ, სამოთხეში ადგილები გაეყიდათ. ჰო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ისინი ცდილობდნენ, სამოთხეში ადგილების გაყიდვას და ეს საქმე ურიგოდ არ გამოსდიოდათ.

 

სამართალდამცავებს ერთ-ერთმა დაზარალებულმა მიმართა, რომელსაც ქმარი მოკვლას უპირებდა.

„ერთ დღეს, ქმარი სახლში უცნაურ განწყობაზე მოვიდა. მანამდე სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა, რადგან გაყიდა მანქანა, გაყიდა სახლი და ყველაფერი სექტაში მიჰქონდა. როგორც ამბობდა, ის საკუთარი თავისთვის, ჩემთვის და ჩვენი ბიჭისთვის სამოთხეში ადგილებს ყიდულობდა და მზად იყო, ამისთვის ყველაფერი დაეთმო. ის ამბობდა, რომ უკვე ყველაფერი მოაგვარა, დრო იყო, სამოთხისთვის გამზადებულიყვნენ და დანით გამოგვეკიდა. სამზარეულოში შევიკეტეთ და საშველად მეზობლებს ვუხმეთ. მითხრეს, მილიციამ წაიყვანაო, მაგრამ ვფიქრობ, ფსიქიატრებმა უნდა წაიყვანონ“, - ამბობდა ქალი.

სამართალდამცავებმა იცოდნენ, რომ მართლაც, არსებობდა რაღაც სექტა, თუმცა ყურადღებას არ აქცევდნენ, აქაოდა, 20-30 კაცი დადისო, მაგრამ რომ მოიძიეს, აღმოჩნდა, რომ იქ ვინც დადიოდა, პრაქტიკულად, ყველა გაუბედურდა. ყველა ჰყიდდა ძვირფას ნივთებს, მანქანებს, რათა სამთხეში შეეძინათ ადგილი და მომავალი უზრუნველეყოთ. ერთი შეხედვით, ყველაფერი ეს, ძალიან სასაცილოდ ჩანდა, მაგრამ განყოფილებაში მეორე განცხადებაც შევიდა - ქალი ჩიოდა, ჩემი 20 წლის გოგონა სექტანტებმა იმის გამო სცემეს, რომ იქიდან წამოსვლა და ფულის გადახდა არ სურდაო. გოგონა კომაში იყო და ეს უკვე მეტისმეტი გახლდათ. სანამ სექტის ლიდერს დააკავებდნენ, ერთ-ერთ თავყრილობაზე წასვლა გამომძიებელმა გადაწყვიტა, რომელიც შეხვედრას სექტაში გაერთიანების მსურველის სახით დაესწრო. სხდომის ბოლოს ქუდი ჩამოატარეს, გამომძიებელი გაოგნებული სახით უყურებდა, როგორ ცლიდნენ დამსწრეები ქუდში საფულეებს და როგორი ბედნიერი სახეები ჰქონდათ. ერთ-ერთმა ქალმა დაიმორცხვა, დღეს საფულე სახლში დამრჩაო, წინამძღოლმა, რომელსაც წვერი ჰქონდა მოშვებული და შინდისფერი ანაფორა ემოსა, მის ყელზე ოქროს ყელსაბამი შენიშნა და უთხრა, ეს ოქროს ყელსაბამი კი არა, სატანის მარყუჟია, ახლავე გათავისუფლდიო, ქალმაც მოიხსნა ოქროს ნივთი და ყუთში სიხარულით ჩაუძახა. როცა ჯერი გამომძიებელზე მიდგა, მან ფულის ნაცვლად, ქუდში „ქსივა“ ჩააგდო. უცნაური ნივთი პირადად წინამძღოლმა აიღო, დახედა და ირონიული ღიმილით თქვა - „არაფერი გამოგივათ, ბატონო მილიციელო, ეს ხალხი სამოთხისთვის იბრძვის და თქვენ გზაზე ვერ გადაეღობებით“. რა თქმა უნდა, ის დააკავეს.

„თუ ვაღიარებთ, რომ არსებობს სამოთხე, იქ მოხვედრის სურვილისთვის ადამიანი არ უნდა დავსაჯოთ. დიახ, მე ვყიდი იქ მოსახვედრ ბილეთებს და ვეუბნები, როგორ უნდა იცხოვრონ, რომ იქ მოხვდნენ. მე ყველაფერი ფული მიჯდება, დარბაზის ქირაობა, ის ბიჭები, წესრიგს რომ ამყარებენ და კიდევ ათასი რამ, თანაც მე არავის ვძარცვავ და ვაყაჩაღებ, ყველას საკუთარი ნებით მოაქვს თანხა და მე ვართმევ. ამიტომ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ ჩემს ქმედებაში და თქვენ თუ ხედავთ, ოფიციალური ბრალდება წარმიდგინეთ, შესაბამისი მუხლით“, -განაცხადა დაკავებულმა და... ის მართალი იყო.

როცა წინამძღოლს უთხრეს, რომ მისი ერთ-ერთი მოწაფე ცოლ-შვილის დახოცვას აპირებდა, მან მხრები აიჩეჩა, ადამიანს თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს, მე რა შუაში ვარ, არ მთქვამს, ცოლ-შვილი დახოცეო. ნაცემ გოგოზე კი... ჩემთან იმდენი ადამიანი მოდის და მიდის, ყველა რომ ვცემოთ, ძალიან შორს წავალთ, არც ის ვიცი, ეგ გოგო ვინ გაიმეტაო. არადა, გოგონა ისე იყო ნაცემი, რეანიმაციის განყოფილებაში უგონოდ იწვა.

„იტყუება. მე ზუსტად ვიცი, რომ მაგ სექტის წარმომადგენლებმა სცემეს. ამას წინათ, იმ სექტიდან ერთი ბიჭი იყო მოსული და ჩემი გოგო ეუბნებოდა, ყოველ კვირა 100 დოლარს გადაგიხდი (მაშინ 100 დოლარი ძალიან, ძალიან დიდი თანხა იყო), ოღონდ შემეშვიო. იმ ბიჭის სახე კარგად მახსოვს, სექტაში ნანახი მყავს და თუ მიმიყვანთ, თქვენც განახებთ“, - ამბობდა გოგონას დედა და მართლაც, მან სამართალდამცავებს ის ბიჭი დაანახა. ძალოვნებმა ახალგაზრდა დააკავეს.

„რა თქმა უნდა, არავინ მიცემია. ჩვენ ჩვენი გუნდისთვის შემოწირულობას ვაგროვებდით, დიდ ხანს ვაგროვებდით და ბოლოს, სოლიდური თანხა გამოვიდა. ამ თანხიდან მან 500 დოლარი აიღო და როცა მივხვდი, კინაღამ გადავირიე. წინამძღოლმა იცოდა, რამდენი გროვდებოდა ყოველდღიურად, ანგარიშს ვაბარებდით და 500 დოლარით ნაკლებს რომ მივუტანდით, მე გამომაგდებდა, გოგოს წასვლა კი ისედაც უნდოდა. ამიტომ, სახლიდან, მანქანისთვის ნაგროვები ფული მივიტანე, გოგოს კი სახლში დავადექი და მოვთხოვე, მოპარული დაებრუნებინა. ისიც შემპირდა, კვირაში ას დოლარს მოგცემო და საიდან უნდა მოეცა, არ ვიცი, თუმცა ერთხელ მომცა, მერე კი ის მოხდა, რაც ისედაც იცით“, - თქვა ბიჭმა და რეალურად, მას გოგონას ცემა ხელს არ აძლევდა.

ამ ვერსიის გაგებამ დედა გადარია, რა ყოველ კვირა 100 დოლარი, თავი ძლივს გამაქვს, გოგონას და 16 წლის ბიჭს ძლივს ვარჩენო. მას არც იმაზე ჰქონდა წარმოდგენა, სად შეიძლებოდა მის შვილს ეშოვა ის 100 დოლარი, რომელიც ბიჭს მისცა. ერთადერთ იმედად ის რჩებოდა, რომ გოგონა მდგომარეობიდან გამოსულიყო და ეგებ, თავდამსხმელის ვინაობა დაესახელებინა, მაგრამ ექიმები თავს აქნევდნენ, ამის იმედი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ნუ გექნებათ და თუ აზრზე მოვიდა, ვერც იმის გარანტიას მოგცემთ, რომ ბევრ რამეს გაიხსენებსო. სასწავლებელში, სადაც დაზარალებული სწავლობდა, რამდენიმე სტუდენტმა თქვა, ბოლო დროს, ერთი ასაკოვანი კაცი დაჰყვებოდა უკან, ჩვენც გვიან შევნიშნეთ, მაგრამ თავად ამბობდა, არაფერს მიშავებს, არ ვიცი, ვინ არის და რომ დამყვება, ვხედავო. სტუდენტებმა ფოტორობოტი შეადგინეს და სამართალდამცავებმა დედას აჩვენეს. ქალმა კივილი დაიწყო, ჩემი ქმარია, პირველი ქმარი, ციხეში იჯდა, არ მეგონა, თუ გამოვიდა, ჩემი მეორე ქმარი მაგან მოკლა და სწორედ ამისთვის ჩასვესო. ძალოვნებმა მალე გაარკვიეს, რომ მამაკაცი ციხიდან ორი თვის გამოსული იყო, არც მისი პოვნა გასჭირვებიათ - იმ საავადმყოფოს ეზოში დააკავეს, სადაც გოგონა იწვა.

„დავიწყოთ იმით, რომ მე საკუთარ შვილს ასე არ გავიმეტებდი. არც ჩემი ცოლის საყვარელი მომიკლავს. ჰო, ქმარი კი არა, საყვარელი. ჩემი უფროსი შვილი 5 წლის იყო, როცა გავიგე, რომ ცოლი მღალატობდა. ერთხელ, სამსახურიდან მოულოდნელად დავბრუნდი და საყვარელთან წავასწარი. ვიჩხუბეთ და კიბეებზე დავაგორე. სწორედ კიბის კუთხეს ჩამოარტყა თავი და ადგილზე მოკვდა. მას ბევრი მფარველი ჰყავდა და ამიტომ, არც აფექტი გაითვალისწინეს, არც ის, რომ წინასწარი განზრახვა არ მქონია და 15 წელი მომისაჯეს. ციხეში ვიყავი, ცოლმა მეორე ბავშვი რომ გააჩინა, თუმცა შემომითვალა, შენი არ არის, ჩემი ნამდვილი სიყვარულის ნაყოფიაო. ციხიდან გამოვედი, სრულად მოვიხადე, სამსახური ვიშოვე და შვილი მოვძებნე. უკან იმიტომ დავყვებოდი, რომ მინდოდა, თავად მოსულიყო, ეკითხა, ვინ ვარ, მე მისვლას ვერ ვბედავდი. იმ საბედისწერო ღამეს, სამსახურიდან ვერ გამოვედი, თორემ სახლამდე მივაცილებდი“, - განაცხადა კაცმა და მისი ალიბი დადასტურდა - იმ ღამეს, როცა გოგონა სცემეს, მართლაც სამსახურში იმყოფებოდა და ამას 20-მდე ადამიანი ამოწმებდა. სამაგიეროდ, მამაკაცმა ისიც თქვა, რომ მისი შვილი რაღაც უცნაურ შენობაში დადიოდა და იქ დიდხანს რჩებოდა.

როგორც გაირკვა, ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ბორდელი იყო ვიპ-კლიენტებისთვის და გოგონა იქ ოფიციანტად მუშაობდა. ახლა ნათელი გახდა, საიდან ჰქონდა მას კვირაში 100 დოლარის გადახდის იმედი. ბორდელი კი მიახურეს, მაგრამ ვინ და რატომ გაიმეტა გოგო სასიკვდილოდ, მაინც ვერ გაიგეს. საქმეს ნათელი სრულიად შემთხვევით მოეფინა - სამართალდამცავებმა ნარკომანი დააკავეს და მან თავისუფლება მოითხოვა, სანაცვლოდ კი, იმ საქმის გახსნას დაჰპირდა, რომელზეც მილიცია თავს ამაოდ იმტვრევდა.

„ის გოგო საკუთარმა ძმამ სცემა. ცოტა ხნის წინ, წამალზე შეჯდა, დას ატერორებდა, ნარკოტიკების ფულს მას სთხოვდა. ბოლოს უთხრა, მკურნალობა მინდაო და 500 დოლარი გამოართვა, ვითომ ამდენი ჯდებოდა რეაბილიტაცია. იმ ფულითაც წამალი ვიყიდეთ, მერე კი, როცა გაგვითავდა, ისევ დას მიაკითხა. იმან კატეგორიული უარი უთხრა. იმ საღამოს „ლომკა“ გვეწყებოდა, ფულის შანსი კი ნული იყო. ძმამ თქვა, ჩემს დას საფულეში აუცილებლად ექნება რამეო, იცოდა, სადაც მუშაობდა. ამიტომ, დახვდა და უთხრა, საქმე მაქვსო, მოფარებულში შეიყვანა და იქ გაუსწორდა. ამბობდა, მგონი მოვკალიო, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ გადარჩა“, - თქვა დაკავებულმა.

სამართალდამცავებმა ძმა მალე დააკავეს და მანაც დანაშაული აღიარა. სასამართლომ ბიჭს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სექტა კი... სექტა ძალოვნებმა ვერ დაშალეს, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში არ იყო მუხლი, რომელსაც სექტის წინამძღლს მიუყენებდნენ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე