საზარელი კრიმინალი, რომელმაც ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ექინოკოკი - ცხოველური თასმისებური ჭიების კლასი. სქესმწიფე ექინოკოკის სიგრძე 2-8 მილიმეტრია, თავზე ორი წყება, კაუჭებით შეიარაღებული ხორთუმი აქვს. სხეული შედგება 3-4 პროგლოტიდისგან. ლარვას ბუშტის ფორმა აქვს და ამოვსებულია შუამავალი მასპინძლის სისხლისგან გამოყოფილი სითხით. კვერცხი სხვადასხვა გზით ხვდება ჯერ პირში, შემდეგ - კუჭში, სადაც თავისუფლდება ე.წ. გარსისგან. კვერცხისგან გამოსული ჩანასახი გადადის ნაწლავში, აქედან სისხლში, ან ლიმფურ სისტემაში და სისხლის ნაკადით ამა თუ იმ ორგანოში აღწევს. ექინოკოკის კვერცხი ადამიანში, ძირითადად, ძაღლისგან ხვდება. ხორცის მჭამელი შინაური ცხოველების ჰელმინთოზები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ, რადგან შეიძლება, ადამიანი დაასნებოვნონ. მსოფლიოში რეგისტრირებული 82 დაავადებიდან, ადამიანში პარაზიტობს 32 და საფრთხეს სიცოცხლესაც კი უქმნის. იმის გამო, რომ ექინოკოკი ძალიან ნელა იზრდება, შესაძლოა, ის დასნევობნებიდან ათი წლის შემდეგ გამოვლინდეს - ასეა აღწერილი ერთ-ერთი საშიში დაავადება სამედიცინო ენაზე. ამიტომაც, აუცილებელია შინაური ცხოველების აცრა და სწორედ ამ მიზეზითაა გარეული ცხოველის ნაკბენი თუ ნაკაწრი საშიში, რადგან არავინ იცის, რომელი დაავადების მატარებელია ესა თუ ის ცხოველი.

შემთხვევა, რომელზეც ახლა გიამბობთ, ჩვენს მეზობელ სომხეთში მოხდა. იქიდან გამომდინარე, რომ 15 სხვადასხვა რესპუბლიკა ერთ დიდ, საბჭოთა კავშირში იყო გაერთიანებული, შემთხვევა, რომელიც იმ დროისთვის უპრეცედენტოდ ითვლებოდა, მაშინვე გახდა მსჯელობის საგანი და ლამის სახელმძღვანელოებში შეიტანეს, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს, რადგან სახელმძღვანელოში მისი შეტანა, შესაძლოა, სხვა დამნაშავეებისთვის ბიძგი და ახალი დანაშაული ჩადენის მოტივი ყოფილიყო. რომ არა შემთხვევა, საქმეს ვერასდროს გამოიძიებდნენ, მაგრამ მაშინ მოქალაქეებს ჰქონდათ ის, რაც ახლა ძალიან გვაკლია და ამას სამოქალაქო შეგნება ჰქვია.

ერთ-ერთ სკოლაში, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რის შემდეგაც მოსწავლეებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. სახლში მისული მოსწავლეებიდან, სამი ცუდად გახდა და იმდენად ცუდად, რომ საავადმყოფოში გახდნენ წასაყვანნი. ექიმებმა ექინოკოკის დიაგნოზი დასვეს და იქვე დააყოლეს, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვები ვერ გადავარჩინოთო. ეს ნამდვილი კატასტროფა იყო - სამი ბავშვის გარდაცვალება არა მარტო რესპუბლიკის, არამედ, საკავშირო მასშტაბის ტრაგედია გახლდათ. ამიტომ, საქმეში მაშინვე ჩაერთო ძალოვანი უწყება და მკაცრად დაიკითხა ყველა მასწავლებელი. ბავშვები უგონოდ იყვნენ და მათი დაკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა მასწავლებლებმაც და დანარჩენმა მოსწავლეებმაც დაადასტურეს, რომ კონკრეტული საწარმოს მიერ დამზადებული შოკოლადი ჭამეს. შოკოლადი უახლოეს მაღაზიაში იყო შეძენილი და იქიდან ყველა პარტია ამოიღეს - ნახევარკილოიან შეკვრებად დაფასოებული ნუგბარი ექსპერტიზაზე გააქანეს და ექსპერტებმაც დასკვნა დადეს - ექინოკოკი ყველა შეკვრაში არსებულ შოკოლადში აღმოჩნდა, ოღონდ ყველა შემთხვევაში, მხოლოდ ერთ ცალში, დანარჩენები სუფთა იყო. რა ძნელი მისახვედრია, რომ შოკოლადების საწარმოში შემოწმება შევიდა და პარალელურ რეჟიმში დააკავეს საწარმოს დირექტორი და მთავარი ტექნოლოგი. დირექტორმა პირი დააღო, ჩემი ინტერესი რატომ უნდა იყოს მოწამლული შოკოლადის გაყიდვაო, მაგრამ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის (სანეპიდსადგური) თანამშრომლებმა შემოწმების შედეგად, ტერიტორიაზე სამი-ოთხი მაწანწალა ძაღლი აღმოაჩნეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ შოკოლადში ბაქტერია, შესაძლოა, მათგან მოხვედრილიყო. მით უმეტეს, რომ ძაღლებს... შოკოლადის ნარჩენებით კვებავდნენ და ოთხფეხა ცხოველებმა გადასარევად იცოდნენ ამ ნუგბარის გემო.

ტექნოლოგმა ხელები გაასავსავა - რას ამბობთ, მე ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ და მოდით, ჩემი სახლი შეამოწმეთ, სწორედ ეს შოკოლადი მაქვს შინ და რაც მთავარია, საწარმოდან კი არ ვიპარავ, ვყიდულობო. ძალოვნები მის სახლში წავიდნენ, შოკოლადი ამოიღეს და როგორც მაღაზიაში ნაყიდი ტკბილეულის შემთხვევაში, აქაც აღმოჩნდა, რომ შეკვრაში მხოლოდ ერთი იყო ექინოკოკით დასნებოვნებული. დირექტორმა ივარაუდა, ამას კონკურენტი ქარხნის დირექტორი გააკეთებდა, ჩემი პროდუქცია ძველია, ხალხმა გემო იცის, ახალი საწარმო გაიხსნა, ვერაფრით აეწყვნენ, ჩემი ტექნოლოგის გადაბირება სურდათ, ის არ წავიდა და ეგებ, ამ გზით მებრძვისო. ზოგადად, მაშინ საწარმოებს პროდუქციის გასაღების მაღალი მაჩვენებელი თუ არ ჰქონდათ, დირექტორს ხსნიდნენ და ეს ვერსია ძალოვნებს არცთუ უიმედოდ ეჩვენათ, მაგრამ ახალი ქარხნის ხელმძღვანელი რომ დაჰკითხეს, ეჭვები გაეფანტათ.

„ასე გეტყვით - მე კონკურენტი არ მყავს. ჩვენი პროდუქცია 14 რესპუბლიკაში უნდა გავიდეს და ეს ახალი საწარმოც ამიტომ გაიხსნა. 14-ვე რესპუბლიკასთან ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული, საკავშირო მასშტაბის პროექტია, მილიონებზეა საუბარი, ადგილობრივ ბაზარზე, ძალიანაც რომ მეხვეწონ, ჩემს პროდუქციას ვერ გავყიდი, რადგან სხვა ვალდებულებები მაქვს“, - განაცხადა დირექტორმა და ხელშეკრულებებით ისიც დამტკიცდა, რომ მას უახლოესი სამი წლის განმავლობაში, ადგილობრივი ბაზრისთვის არ ეცალა და შესაბამისად, კონკურენცია არ აშინებდა.

ექინოკოკით დაავადების შემთხვევები კი გახშირდა - ვიღაცამ ძეხვი ჭამა და ცუდად გახდა, ვიღაცამ - ყველი შეიძინა, ვიღაცამ - სოსისი. თავშიც ვთქვით, რომ ექინოკოკი რთული დაავადებაა, შეიძლება, თავი ათი წლის შემდეგ იჩინოს, მაგრამ საკვებ პროდუქტში სპეციალურად დამუშავებული სითხე აღმოჩნდა, ისეთი, რომელიც მოქმედებას მაშინვე იწყებდა და ამის შექმნას მხოლოდ გამოცდილი ბაქტერიოლოგი თუ მოახერხებდა, თანაც ის ბაქტერიოლოგი ქიმიაშიც უნდა ყოფილიყო გათვითცნობიერებული. სამართალდამცავებს ერთი რამეც ენიშნათ - პროდუქტები, რომლებმაც ხალხი მოწამლა, ორ მაღაზიაში იყო ნაყიდი და ის ორი მაღაზია ერთმანეთთან, დაახლოებით, კილომეტრით გახლდათ დაშორებული. გამოდიოდა, რომ ვიღაც კონკრეტულად ამ ორ მაღაზიას აწვდიდა დაავადებულ პროდუქტს, მაგრამ ვინ და რატომ? პირვლ ჯერზე, მოწამლული ბავშვებიდან, ერთი გარდაიცვალა და დანარჩენების მდგომარეობაც, პრაქტიკულად, უიმედო იყო. ქვეყნის მასშტაბით, ბაქტერიოლოგების შემოწმება და მოძიება დაიწყო. პროფესია ისეთია, ბევრი არ უნდა ყოფილიყვნენ და საბოლოოდ, ორი გამოიკვეთა - ერთი სწორედ იმ უბანში ცხოვრობდა, სადაც მოწამლული პროდუქტები იყიდებოდა, მეორე - ქალაქის ბოლოში.

თვალთვალი სწორედ მასზე დაიწყეს, ვინც იმ უბანში ცხოვრობდა, თუმცა ერთკვირიანმა დევნამ ვერაფერი დაადგინა, თანაც იმ პერიოდში, არავინ მოწამლულა  ანუ დამნაშავეს რაღაც არ მოეწონა, ან მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ. ძალოვნები ლამის დარწმუნდნენ, რომ სწორ კვალზე იდგნენ, თუმცა ის ოპერმუშაკები, რომლებსაც ეჭვმიტანილის თვალთვალი ევალათ, კინაღამ სამსახურიდან გააგდეს, აქაოდა, ობიექტმა შეგამჩნიათ და დანაშაულს აღარ სჩადისო.

სწორედ ამ პერიოდში, მილიციის განყოფილებაში ქალი გამოცხადდა, რომელმაც თქვა, რომ მაღაზიაში პურის საყიდლად იყო შესული, როცა დაინახა, როგორ აიღო ვიღაც კაცმა კანფეტების შეკვრა, როგორ ამოიღო ჯიბიდან შპრიცი და ერთ-ერთ კანფეტში ნემსით რაღაც სითხე შეუშვა. ქალს ყვირილის შეეშინდა, ეგონა, რომ ის კაცი ნემსს მასაც შეარჭობდა, ამიტომ მხოლოდ სახე დაიმახსოვრა და მილიციაში მივიდა. სამართალდამცავებმა მას წინ იმ უბანში მცხოვრები ბაქტერიოლოგის ფოტო დაუდეს, მაგრამ ქალმა დაბეჯითებით თქვა, ეს არ იყოო. გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს და ახლა მეორე ბაქტერიოლოგის ფოტო დაუდეს, ქალს ლამის გული წაუვიდა, სწორედ ეს კაცი გახლდათო. ექსპერტებმა ივარაუდეს, რაც უნდა კარგად შენიღბული იყოს და უფრთხილდებოდეს შპრიცს, გამორიცხულია, ექინოკოკის ბაქტერიის კვალი ჯიბეზე ან ხელზე არ ვიპოვოთ, ამიტომ დააკავეთო და მართლაც, ის სადარბაზოს შესასვლელთან დააპატიმრეს. ექსპერტების სერიოზული ჩართულობა საჭირო აღარც იყო, მას ნახევრად ცარიელი შპრიცი ჯიბეში ედო და გადაგდება არც უცდია. პირველადი დასკვნით, ეს სწორედ ის სითხე იყო, რომელიც დაზარალებულების ორგანიზმში აღმოჩნდა და რომელიც ნელ და მტანჯველ სიკვდილს იწვევდა.

„ჩემი მისია შევასრულე, შური ვიძიე. ორი წლის წინ, ამ უბანში შვილი მომიკლეს. დაჭრილი ეგდო, ასზე მეტმა ადამიანმა გაუარა გვერდით და ყურადღება არავინ მიაქცია, სანაგვეებთან ეგდო და ლოთიაო, ასე იფიქრეს. არადა, ერთი, ერთადერთი ადამიანი მაინც რომ დახრილიყო, გადარჩებოდა. ერთი წელი ამაოდ ვიარე მილიციაში, ვერც მკვლელი იპოვეს, არც არავინ დასაჯეს. ჰოდა, ამ უბნის დასჯა მე გადავწყვიტე. გაიგონ, როგორია შვილის სიკვდილით გამოწვეული სიმწარე. ახლა, თუნდაც დამხვრიტონ, არ ვჩივი. დარწმუნებული ვარ, მოწამლულებში ვინმე ისეთის შვილი იქნება, ან თავად ისეთი, ვინც იმ დღეს ჩემს შვილს გაუარა და ყურადღება არ მიაქცია. ვითომ კატის კნუტი, ან ძაღლის ლეკვი ეგდო ქუჩაში, ერთი საათი ცოტა ხომ არ არის. მერე უბნის რწმუნებულმა დაინახა, მივიდა, ხელი მოჰკიდა. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სასწრაფო გამოიძახა, პირადად ვესაუბრე ექიმებს და მათ მთხრეს, 10-15 წუთით ადრე რომ მოეყვანათ, გადარჩებოდაო. არ იყვნენ დასასჯელები? იყვნენ და არ ვნანობ“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლო სხდომა დახურეს და დაკავებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დახვრეტდნენ, მაგრამ დახვრეტით გასამართლებული ადამიანების საქმეს  ამერიკელები აქცევდნენ ყურადღებას და არ სურდათ, საბჭოეთიდან ასეთი შემზარავი ამბავი გაეტანათ, თანაც ეს ხომ გზა იყო ადამიანების გასანადგურებლად, რომელიც შეიძლებოდა, ცივი ომის პირობებში, მტერს გამოეყენებინა და ამიტომ, 15-წლიანი სასჯელი აკმარეს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე