როგორ გახდა სუროგატი დედა კრიმინალი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შესაძლოა, სუროგაცია ყველაზე რთული, მაგრამ რიგ შემთხვევებში, ერთადერთი გზაა უშვილობის პრობლემის მოსაგვარებლად. ცოლ-ქმრის თითქმის 100%-ს სურვილი აქვს, საკუთარი პატარა (პატარები) ჰყავდეს და თუ რომელიმეს პრობლემა აქვს, იწყება ხანგრძლივი მკურნალობის პროცესი, ნერვების გლეჯა და დაუძლეველი სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე, ოჯახს ახალი წევრი შეემატოს. თითქმის 100%-ს იმიტომ ვამბობ, რომ პირადად ვიცნობ ორ ოჯახს (ორივე ახლადშექმნილია), რომლებიც შვილის ყოლას არ აპირებენ ანუ ისინი ფიქრობენ, რომ უნდა იცხოვრონ საკუთარი თავისთვის, მიიღონ ამ ცხოვრებისგან ყველაფერი და დააგროვონ იმდენი კაპიტალი, რომ სიბერეში, სადმე, მოხუცთა კარგ თავშესაფარში გაატარონ უკანასკნელი დღეები. სიმართლე გითხრათ, ასეთი მიდგომის აზრსა და მიზეზს ვერ ვხვდები და ვერ ჩავწვდი, მაგრამ... კაცია და გუნება.

სუროგაციის მიმართულებით, არცთუ დიდი ხნის წინ, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟიც მოჰყვა, მაგრამ მალევე ჩაცხრა. სავარაუდოდ, ახალი რეგულაციები ძალაში მალე შევა, თუმცა წლების განმავლობაში, ეს სფერო თითქოს მიშვებული და უკონტროლო იყო. ადგილბრივების გარდა, „ქართული სუროგაციის სერვისით“ უცხოელებიც ხშირად სარგებლობდნენ და სწორედ სუროგატი დედის მიერ გაჩენილი არაერთი ათეული ბავშვია  საქართველოდან საზღვარგარეთ წაყვანილი. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ჩვენს დედაქალაქში არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა და იმდენად საინტერესო საქმე იყო, გამომძიებლები დღესაც ინტერესით იხსენებენ.

ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. მანქანა მოცურდა, გზიდან გადავიდა და ხეს შემოეხვია. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, უკანა სავარძელზე მყოფი ქალი კი სასწრაფო დახმარების მანქანამ, უგონო მდგომარეობაში, საავადმყოფოში წაიყვანა. საბუთებით გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა, მანქანა მისი საკუთრება იყო, დაზარალებული ქალბატონი - მისი მეუღლე. ქალის მდგომარეობა უმძიმესი გახლდათ და გადაუდებელი პროცედურები უტარდებოდა, თანაც უკვე მედპერსონალმაც იცოდა, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახი იყო და არაფერს იშურებდნენ. საპატრულო პოლიციამ საქმე დაასრულა, მაგრამ მოულოდნელად, საავადმყოფოდან განყოფილებაში დარეკეს, ვიღაც ქალია მოსული, სისულელეებს ამბობს, გვიშველეთ, ლამისაა, თვალები ამოგვთხაროსო. ადგილზე კვლავ საპატრულოს ეკიპაჟი გავიდა და მართლაც ნახეს ქალი, რომელიც ამტკიცებდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჩემი შვილია, გარდაცვლილი - ჩემი სიძე, მაგრამ შვილიშვილს მიმალავენ, არ მაძლევენო. როგორც ის ამბობდა, მანქანაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩვილიც, რადგან მისმა შვილმა იმშობიარა და სწორედ სამშობიაროდან მოდიოდა ოჯახი, რა დროსაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა. საპატრულო ეკიპაჟმა ყველგან გადაამოწმა, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ ავტომობილში ჩვილი არ უნახავთ - არც ცოცხალი და არც მკვდარი.

საპატრულო პოლიციაში, შემთხვევის შესახებ, გამვლელმა „ტაქსისტმა“ დარეკა და სწორედ ის იყო პირველი, ვინც ადგილზე მივიდა. ტაქსის მძღოლი დაიბარეს, მკაცრად დაკითხეს, მაგრამ კაცი პირდაღებული იყურებოდა, რა ჩვილი, შინ ექვსი ბავშვი მყავს, ისინი როგორ გამოვკვებო, არ ვიცი და ახლა სხვის შვილს, მით უმეტეს, ნაავარიევი მანქანიდან, რატომ მოვიპარავდიო. რეალურად, მართალიც იყო, ტაქსის მძღოლი ავარიას შემთხვევით შეესწრო და ჩვილი რომ ენახა, სპონტანურად ნამდვილად ვერ გადაწყვეტდა მის მოპარვას, მით უმეტეს, რომ დარეკვიდან 2-3 წუთში, უახლოესი ეკიპაჟი ადგილზე მივიდა, ტაქსის მძღოლი იქ დახვდათ, ერთი საათი კიდევ გააჩერეს, ჩვენება ჩამოართვეს და ამ ერთი საათის განმავლობაში, ჩვილს ტაქსიში ხომ არ დამალავდა? სამაგიეროდ, სამშობიაროში დაადასტურეს, რომ წყვილმა მათი კლინიკიდან ნამდვილად წაიყვანა ჩვილი და ორმა ექთანმა დაადასტურა, უკანა სავარძელზე მჯდომ დედას, პატარა გოგონა კალთაში პირადად ჩავუსვითო. გამოდიოდა, რომ ავარიის ადგილზე, ტაქსის მძღოლამდე, ვიღაც სხვა მივიდა, რომელმაც მხოლოდ ჩვილი მოიპარა და ხელი არ ახლო, მაგალითად, ქალის ბრილიანტის საყურეს, მამაკაცის ხელზე ოქროს უმსხვილეს სამაჯურს... თუმცა, მთავარი სიურპრიზი გამომძიებლებს წინ ელოდათ.

„ქალი თუ ახალი ნამშობიარები იყო, ტრავმის შედეგად, შესაძლებელი გახლდათ შინაგანი სისხლდენა დაწყებოდა, ამიტომ დეტალურად შევამოწმეთ და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ქალი ახალნამშობიარევი არ არის. მეტიც, მას ბავშვი არასოდეს გაუჩენია და უფრო მეტიც - მისი საშვილოსნოს სტრუქტურის მიხედვით, შვილი არასოდეს ეყოლება“, - ეს სიტყვები გამოძიებას კლინიკის ექიმმა უთხრა და საგონებელში ჩააგდო.

როცა კლინიკის ექიმი ამას ამტკიცებდა, სამშობიაროში ამბობდნენ, რომ მათ ჩვილი სწორედ ცოლ-ქმარს გაატანეს, მაგრამ ქალმა არა სამშობიაროში, არამედ, სახლში გააჩინა, რადგან მისვლა ვერ მოასწრო, თუმცა შემდეგ წაიყვანა სასწრაფომ, 4-5 დღე გააჩერეს და როცა დედა-შვილმა თავი კარგად იგრძნო, შინ გაწერეს. რა თქმა უნდა, ის უნდა შეემოწმებინათ, ხომ არ იყო გართულება მშობიარობის შემდეგ და შეამოწმა კიდეც გინეკოლოგმა, რომელმაც თქვა, რომ ქალს ჩივილები არ ჰქონდა და პრაქტიკულად, არც შეამოწმებინა თავი საფუძვლიანად. იმის გამო, რომ ქალმა კლინიკაში 4-5 დღე გაატარა და ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო, მშვიდად გაწერეს. საინტერესო იყო დედის განცხადებაც, რომელმაც გამოძიებას ფოტოებიც კი წარუდგინა, სადაც მისი შვილი გამობერილი მუცლით პოზირებდა. არადა, დაზარალებული ქალი სხვა ექიმებმაც შეამოწმეს და ყველა ასპროცენტიანი სიზუსტით ამბობდა, რომ მას შვილი არასდროს გაუჩენია და ვერც ვერასდროს გააჩენდა. მაშ, საიდან გაჩნდა ბავშვი და რაც მთავარია, სად გაქრა? ამ კითხვაზე ავარიაში მოყოლილ ქალს უნდა გაეცა პასუხი და ექიმები იმედს იძლეოდნენ, გადარჩება და საუბარსაც შეძლებსო. მართლაც, ქალმა თვალი ორიოდე დღეში გაახილა, კიდევ ორი დღის შემდეგ კი დაკითხვა შესაძლებელი გახდა.

„შვილი რომ არ მეყოლებოდა, ვიცოდი, მაგრამ ქმარს ძალიან ვუყვარდი და მეუბნებოდა, რომ ამ მიზეზით არ გამშორდებოდა, თუმცა აუცილებელი იყო ბავშვი გვყოლოდა, თუმცა არ სურდა, რომ გვეშვილებინა. ასე მოვნახეთ სუროგატი დედა, რომელსაც უზარმაზარი თანხა გადავუხადეთ. საზღვარგარეთ წავედით, ვითომ სამკურნალოდ, არ გვსურდა, ვინმეს გაეგო, რომ ჩემი შვილი არ იქნებოდა, იქიდან კი სპეციალური სამაგრით დავბრუნდი და ყველას ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ბავშვი, ისევ დიდი ფულის სანაცვლოდ, კერძო კლინიკაში გაჩნდა, მერე ოფიციალურად წავიყვანეთ სხვა კლინიკაში და ვთქვი, რომ ვითომ სახლში ვიმშობიარე. მერე იყო ის ავარია და არაფერი მახსოვს. ბავშვი ავარიის დროს კალთაში მყავდა, ვინ წაიყვანა და რატომ, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ, ეგებ, ასეც სჯობდეს, ქმრის გარეშე, ეგ ბავშვი არაფერში მჭირდება“, - განაცხადა ქალმა და რა თქმა უნდა, ის გოგონაც დაასახელა, ვინც სუროგატ დედობას დათანხმდა.

გოგონას საცხოვრებელ ადგილზე არავინ იყო, მეტიც, ბინა ნაქირავები ჰქონდათ და როგორც „ხაზეიკამ“ თქვა, სავარაუდოდ, გადავიდნენ, რადგან სახლიდან მათი პირადი ნივთებიც წაღებული იყო. ჰო, ნაქირავებში წყვილი ცხოვრობდა, გოგონა და ახალგაზრდა მამაკაცი და „ხაზეიკამ“ როგორც იცოდა, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. წყვილზე ძებნა გამოცხადდა და გოგონას მალე მიაგნეს, ის სოფელში დედასთან... ჩვილთან ერთად იყო, ბიჭი კი...

„გნებავთ, გამოუცდელობა დაარქვით, გნებავთ, სისულელე - ჩემმა საქმრომ მაიძულა, რომ ბავშვი გამეჩინა და გაგვეყიდა. მერე ჩვენი შვილები გვეყოლება, მათ მომავალს უზრუნველვჰყოფთო, მაგრამ რეალურად მომატყუა. როცა ფული მოგვცეს, ის უბრალოდ გაქრა და არ ვიცი, სად არის. რაც შეეხება ბავშვს, როცა გავაჩინე, მაშინვე წამართვეს. ვიცოდი, რომელ სამშობიაროშიც უნდა წაეყვანათ. ფეხზე როგორც კი დავდექი, იმ სამშობიაროსთან ყარაულობა დავიწყე, ველოდებოდი, როდის გამოიყვანდნენ ბავშვს და ვაღიარებ, მსურდა მომეპარა. ზუსტად ვიცოდი, მის მომავალ დედას ბავშვი ქმრის ხათრით სჭირდებოდა და რეალურად, ჩემი შვილი ფეხებზე ეკიდა. მამაკაცმა დამატებით მომცა გარკვეული თანხა და ის თანხა მუდმივად ჯიბეში მედო. როცა გამოწერეს, ტაქსი დავიჭირე და უკან გავყევი, მაინტერესებდა, სად მიიყვანდნენ ბავშვს, რადგან მათ თბილისში რამდენიმე სახლი აქვთ. გზაზე კი ავარია მოხდა, ტაქსი გავაჩერებინე, ჩვილი ავიყვანე და დედასთან წავედი, სანაცვლოდ კი ტაქსის მძღოლს 500 დოლარი მივეცი და ვუთხარი, ეს ამბავი დავიწყე-მეთქი. ჩემი შვილია, არ დავთმობ“, - ამბობდა გოგონა.

ოფიციალურად, გოგონას ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მის გარდა, ბავშვი არავის სჭირდებოდა, სასამართლოზე პროკურატურამ ერთწლიანი პირობითი სასჯელის შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ბავშვი იმ ქალს დაუტოვეს, ვინც გააჩინა.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე