თბილისის ერთ-ერთ სკვერში 7 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შურისძიების წყურვილი - ეს არის ის, რასაც წლები ვერაფერს აკლებს.  შურისძიების გამო, ადამიანები ითმენენ, ელოდებიან შესაფერის მომენტს, დროს და ყველაფერი ეს, შეიძლება, წლები გაგრძელდეს, თანაც არცთუ იშვიათად, შურისძიება ბრმა არის, ხშირად იმდენად  სასტიკია, რომ შურისძიების ობიექტი შეგეცოდება. ამიტომ, ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, რა შეიძლება მოჰყვეს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს - შესაძლოა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც შურს სასტიკად იძიებს. ისე, ყველაზე სასტიკი ქალებისა და... ბავშვების შურისძებაა. ჰო, ბავშვების, ბავშვებს თუ შესაბამისი გარემო ექნებათ, ძალიან სასტიკები იზრდებიან და ამას არავინ უარყოფს. ამიტომაცაა, ავღანეთში, სირიაში, აფრიკულ ქვეყნებში ანუ იქ, სადაც ომია, ბავშვებს იარაღს რომ შეაჩეჩებენ ხოლმე. ავღანეთიდან დაბრუნებული ჯარისკაცები ამბობდნენ, ბავშვს თუ იარაღი უჭირავს, არასდროს შეხედო თვალებში, რადგან ყველა ვარიანტში გესვრისო...

 

70-იანი წლების მიწურულს, თბილისში 7 წლის ბიჭი დაიკარგა. დედა, მეგობართან ერთად, სახლის წინ, სკვერში ასეირნებდა ბავშვს, პატარა სამთვლიან ველოსიპედზე დაჯდა, იქვე სეირნობდა და... ველოსიპედი იპოვეს, იქვე ეგდო, ბავშვი კი გაქრა. რა თქმა უნდა, მთელი მილიცია ფეხზე დადგა, მაგრამ ბავშვი თითქოს ცამ ჩაყლაპა, მის კვალს ვერავინ მიაგნო. არადა, ოჯახი არაფრით იყო გამორჩეული, დედა დილიდან საღამომდე მუშაობდა, მამა კი... ოჯახის უფროსი, დაახლოებით, ორი წლის წინ, მშენებლობაზე დაიღუპა, მეექვსე სართულიდან გადმოვარდა. მეზობლებიც ამბობდნენ, რომ ქალი შვილს იყო გადაყოლილი, არავინ ჰყავდა, ამიტომ ბავშვის გაზრდაში სწორედ ის საუკეთესო მეგობარი ქალი ეხმარებოდა, რომელიც იმ დღესაც მასთან იყო. ქალს ხანდახან ღამის ცვლაში უწევდა დარჩენა, შვილს დაქალს უტოვებდა, რომელსაც არც ქმარი ჰყავდა, არც - შვილი და მარტივად შეეძლო, მეგობარს დახმარებოდა.

მომხდარიდან, დაახლოებით, ერთი კვირა გავიდა. სამართალდამცავებმა გადაქექეს ყველა და ყველაფერი, ბოშების უბანში ჩხრეკაც კი ჩაატარეს, მაგრამ ბავშვს ვერ მიაკვლიეს. კიდევ ორიოდე დღის შემდეგ, ბიჭუნა გარდაცვლილი იპოვეს, საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით, სკვერში, სკამზე... სავარაუდოდ, ბავშვი იქ ღამე დატოვეს და მისი მიყვანა არა მარტო ზრდასრულს, 14-15 წლის მოზარდსაც კი შეეძლო - პატარა გამხდარი გახლდათ და ბევრს არ იწონიდა. გარდაცვალების მიზეზად ექიმებმა საპირფარეშოს სარეცხი ხსნარის მიღება დაასახელეს. ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ ბავშვს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა ანუ ქიმიური ნაერთი ნებით მიიღო. რატომ უნდა დაელია ბავშვს ქიმიური ხსნარი საკუთარი ნებით, ვერავინ ხვდებოდა. მეტიც, ექსპერტებმა ბავშვი ხელმეორედ შეამოწმეს, ისიც კი იფიქრეს, სითხის მიღების დროს, ბავშვი რაიმე პრეპარატით ხომ არ იყო გათიშული, მაგრამ არა - ოფიციალური დასკვნით, მას ქიმიური ნაერთი ნებით ჰქონდა დალეული და ამ დასკვნაში ეჭვი ვერავის შეჰქონდა.

სხვათა შორის, ექსპერტიზის დასკვნაში ისიც ეწერა, რომ ბავშვი ორი დღის გარდაცვლილი იყო ანუ გარდაიცვალა და სკვერში შემდეგ დააგდეს. ვის და რისთვის შეიძლებოდა მოეკლა ბავშვი, წარმოდგენა არავის ჰქონდა. გამომძიებლებმა ისიც კი იფიქრეს, შემთხვევით, დედასთან ხომ არ მიიღო ქიმიური ნაერთი და ქალმა მერე მოგვმართაო, მაგრამ ბავშვის დაკარგვიდან ლამის ათი დღე იყო გასული, ის კი ორი დღის გარდაცვლილი გახლდათ. ესეც არ იყოს, ბავშვის დაკრძალვაზე დედას იმდენჯერ წაუვიდა გული, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო და სასაფლაოდან საწყალი ქალი პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს - ნერვული შეტევა დაემართა. ახლა ის იყო გასარკვევი, ხომ არ ჰყავდა მას პირადი მტერი, ან ხომ არ არსებობდა მამაკაცი, რომელსაც მისი ცოლად მოყვანა სურდა და ხელს ბავშვი უშლიდა. ჰო, ძალოვნებს ეს ვერსიაც ჰქონდათ, ყველაფერს ებღაუჭებოდნენ, რადგან უმძიმესი დანაშაულის მიზეზს, უბრალოდ, ვერ პოულობდნენ. სამართალდამცავებმა დაკითხეს ყველა, ვისი დაკითხვაც კი შეიძლებოდა, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს. ერთადერთი, ვინც არ გამოუკითხავთ, კარის მეზობელი იყო, რომელსაც ბავშვის დაკარგვამდე ორიოდე დღით ადრე, ინსულტი დაემართა და საავადმყოფოში მკურნალობდა. მარტოხელა მოხუცები კარგი მოსაუბრეები არიან და გამოძიებას მისი იმედი ჰქონდა, თუმცა ექიმები ჯერჯერობით დაკითხვის ნებას არ იძლეოდნენ.  

„აბა, რა უფლება მაქვს, ვინმე გავკიცხო, მაგრამ მაგ ქალს საყვარელი ჰყავდა, კვირაში ორჯერ აკითხავდა, ყოველთვის ღამით და ფრთხილად აკაკუნებდა. ის კარს ჩუმად აღებდა, დილით კი მამაკაცი ბინიდან მიდიოდა, ისე ადრე, ჯერ სამსახურებშიც რომ არ მიდის ხალხი. ალბათ, მარტო მე ვიცი, რომ საყვარელი ჰყავდა, ისე ჩუმად აკეთებდნენ ყველაფერს“, - თქვა მოხუცმა.

ეს რაღაც ახალი იყო, თანაც საყვარლის შესახებ არც ბავშვის დედას უთქვამს რამე, მოხუცი კი ამტკიცებდა, კაცი ყვავილებისა და ტკბილეულის გარეშე არასდროს მოდიოდაო. ბავშვის დედას საავადმყოფოში მიაკითხეს და იქ დაკითხეს. ქალმა გამომძიებლებს მოუსმინა, მერე ჩაფიქრდა და მძიმედ, მაგრამ მტკიცედ თქვა - „მივხვდი, რასაც აკეთებთ, ვერ იპოვეთ ვერავინ და ახლა ცდილობთ, მე შემტენოთ ყველაფერი, თანაც ისე, რომ სახელი გამიტყდეს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მე მამაკაცი არ მყოლია, ბიჭს ვზრდიდი, ვაჟკაცად ვზრდიდი, დედის სახელის ხსენების რომ არ შერცხვენოდა. არ ვიცი, ვინ რა გითხრათ, მაგრამ მწარედ მოგატყუეს და გაგაცურეს“, - ეს სიტყვები ქალმა იმდენად დამაჯერებლად თქვა, რომ ძალოვნებმა ერთმანეთს გადახედეს. ცხადი იყო, ან მოხუცი იტყუებოდა, ან - დაზარალებული, მაგრამ მოხუცს რაში უნდა დასჭირვებოდა ტყუილი? დეტალების დასაზუსტებლად ისევ მასთან მივიდნენ და მოხუცმა ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი დეტალი გაიხსენა - დაასახელა კვირის ის ორი დღე, როცა მამაკაცი მოდიოდა. სხვა დღეებში არასდროს მინახავსო, დააყოლა. გამომძიებლები ისევ ქალთან დაბრუნდნენ და უთხრეს, თქვენ მამაკაცს კვირის ამ ორ დღეს იღებდითო. ქალს სახე შეეცვალა, გაფითრდა, გაწითლდა, გაშავდა და ყრუდ თქვა: - „მაგ დღეებში, მე მუდმივად ღამის ცვლაში ვიყავი, სახლში დაქალს ვტოვებდი, ჩემს შვილთან ერთად!“

დაქალი დაკითხვაზე განყოფილებაში წაიყვანეს, რადგან ცოტა შეშინებოდა და ყველაფერი მალე ეთქვა. ისიც გამოტყდა, ჰო, საყვარელი მყავს, ცოლიანი კაცია, ჩემს ბინაში ვერ მივიყვანდი, დედასთან ერთად ვცხოვრობ, ვერც ის მიმიყვანდა თავის ცოლთან, ამიტომ როცა ჩემი მეგობარი ღამე სამსახურში იყო, მასთან ვხვდებოდით, თუმცა ეს ბავშვის სიკვდილთან კავშირში ვერ იქნება, როცა ის მოდიოდა, ბავშვს მუდმივად ეძინა და ხელი არასოდეს შეუშლია, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ჩემთან ვიღაც მოდიოდაო.

ცოლიანი მამაკაცი ერთ-ერთი ქარხნის რიგითი თანამშრომელი აღმოჩნდა, განყოფილების უფროსის მოადგილე, ჰყავდა ცოლი, არ ჰყავდა შვილი და ზოგადად, აშკარად დადებითად ხასიათდებოდა. როცა გამომძიებლებმა დაკითხეს, მხრები აიჩეჩა, წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლებოდა ბავშვი მოეკლა, მე რაში მჭირდებოდა ამის გაკეთებაო და მართალიც იყო. მეტიც, მამაკაცმა ისიც თქვა, ექვსი თვეა, ცოლს დავშორდი, ცოლად იმ ქალის მოყვანას ვაპირებდი, ვინც მიყვარს და პრობლემებს ძალით რატომ შევიქმნიდი, მით უმეტეს, ბავშვი რას მიშავებდაო? მისი ყოფილი ცოლის საცხოვრებელ კორპუსში ძალოვნებმა მეზობლები გამოკითხეს. ქალს კარგად არც იცნობდნენ, ნაკლებად კონტაქტობს მეზობლებთან, ისე კი, ცოტა ხნის წინ, ეზოში ბავშვთან ერთად სეირნობდა, არადა, როცა გადმოვიდა, ბავშვი არ ჰყოლია და მერეც, ის ბავშვი სადღაც გაქრაო. მეზობლებმა სურათზე გარდაცვლილი ბიჭუნა ამოიცნეს. ქალი სამსახურში დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს.

„დამხვრიტეთ, მომკალით... ჩემი ბრალია, იმ ბავშვის სიკვდილი. შვილი არ მიჩნდებოდა, ქმარი კი სიგიჟემდე მიყვარდა. მერე დავორსულდი, თუმცა რაღაც ვირუსის გამო, მუცელი მომეშალა და ზედ საშვილოსნოც მიჰყვა. ექიმმა მითხრა, რომ ვირუსი მხოლოდ სქესობრივი გზით შეიძლებოდა გადამდებოდა და მივხვდი, ქმარმა დამაჯილდოვა. როცა ვუთხარი, საყვარელი გყავს-მეთქი, ყველაფერი უარყო, შემდეგ როცა ვუთხარი, ბავშვს ვერ გაგიჩენ, შენგან მივდივარ-მეთქი, შევატყვე, როგორ გაუხარდა და თვალთვალი დავუწყე. მივხვდი, სადაც დადიოდა, იმასაც მივხვდი, რომ იმ ქალს ბავშვი ჰყავდა, ამიტომ მისი შვილის მოტაცება გადავწყვიტე. არა, ცუდი ზრახვები არ მქონია, ბავშვი მარტივად წავიყვანე და ვუთხარი, დედიკო სხვა სამსახურში გადაიყვანეს, მალე დაბრუნდება-თქო. თან, ყველაფერს ვუსრულებდი, მომეჩვია, სხვა სკოლაში ვუპირებდი გადაყვანას, საბუთების გამოცვლაც მინდოდა. მსხლის ლიმონათზე გიჟდებოდა, აბოდებდა და მუდმივად მომქონდა. ერთ დღესაც, ლიმონათის ცარიელ ბოთლში საპირფარეშოს ხსნარი ჩავასხი და აბაზანის ქვეშ შევინახე. ბავშვს მარტო ვტოვებდი, უამრავი სათამაშო ვუყიდე და ძლებდა, ყველაფერი ჰქონდა. მოვედი და... აბაზანაში დამხვდა წაქცეული. უკვე გარდაცვლილი იყო, სავარაუდოდ, ლიმონათი ეგონა, მოიყუდა და პირდაპირ დალია. ორი დღე ვტიროდი მიცვალებულს, მერე კი... მერე სკვერში დავტოვე. არ ვიცოდი, სად უნდა წამეყვანა, ხომ არ გადავაგდებდი“, - განაცხადა ქალმა.

სასამართლომ, ბავშვის გატაცების ბრალდებით, მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკველობის მუხლით ბრალი არ წაუყენეს... დაუსჯელები დარჩნენ საყვარლებიც, რადგან მათ დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. ერთი ეგაა, ბავშვობის მეგობარი ქალების ურთიერთობა დასრულდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე