ვინ და რატომ გაიტაცა სკოლის მოსწავლე ბიჭები და როგორ გაიხსნა ორი საზარელი დანაშაული

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სისხლისმწოველი ექიმი

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში სისხლის საჭირო მარაგი, ძირითადად, ევროპიდან შემოდის და მთავარი მომწოდებელი შვეიცარიაა. არა, ისინი სისხლს არ გვჩუქნიან, ვყიდულობთ და ამაში ყოველწლიურად, კონკრეტული კლინიკები თუ სისხლის ბანკები მილიონობით დოლარს იხდიან. იმასაც გეტყვით, რომ ყველა შვეიცარიელი თავს ვალებულად თვლის, წელიწადში, მინიმუმ, ერთხელ, სისხლი სრულიად უანგაროდ ჩააბაროს და  ამას იმდენად ტრადიციული ხასიათი აქვს, რომ შვეიცარია ჭარბ სისხლს მხოლოდ საქართველოში არ ჰყიდის. სისხლის პრობლემა ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, საქართველო არ არის ამ მხრივ გამონაკლისი და არც მხოლოდ საქართველოში უხდიან გარკვეულ თანხას მათ, რომლებიც ნებაყოფლობით აბარებენ საკუთარ სისხლს. ეს პრობლემა მუდმივად იყო და სავარაუდოდ, იქამდე იქნება, სანამ ადამიანების უდიდესი ნაწილი არ მივა იმ დასკვნამდე, რომ ფულის სანაცვლოდ თუ უფასოდ, წელიწადში ორჯერ სისხლის ჩაბარება შეუძლია. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ იმავე შვეიცარიაში ძალიან იშვიათად ხდება, ნასვამი ადამიანი საჭეს მიუჯდეს, სიჩქარეს გადააჭარბოს, მოძრაობის წესები დაარღვიოს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების დაბალ ნიშნულს უზრუნველჰყოფს. შვეიცარიაში არ ტირიან ყოველ წელს, ავარიებში დაღუპულ 500 ადამიანს და რამდენიმე ათას დაშავებულ-დასახიჩრებულს, რომელთაც სწორედ რომ სისხლის გადასხმა სჭირდებათ.

 

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი პატარა, მაგრამ ლამაზი ქალაქის მცხოვრებლებმა სამართალდამცაცებს მიმართეს, ჩვენი შვილები შინ გაბრუებულები ბრუნდებიან, ხელზე ნანემსარი ეტყობათ და როცა ექიმთან მიგვყავს, ის გვეუბნება, რომ ბავშვს სისხლი აუღეს. ერთი შეხედვით, ეს სახიფათო პროცედურა არ არის, 2-3 დღეში, ბავშვები მარაგს ივსებენ და ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას, მაგრამ არ გვსურს, ჩვენს შვილებს ვიღაც სისხლს აცლიდეს დაუკითხავადო. საინტერესო ის იყო, რომ ბავშვები ვერაფერს იხსენებდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, სადარბაზოში უკნიდან ვიღაც ეპარებოდათ, სახეზე რაღაც ნაჭერს აფარებდა, შემდეგ ბავშვებს ისევ სადარბაზოში არსებულ სარდაფში ჩასასვლელ კიბეზე ეღვიძებოდათ და შინ მიდიოდნენ. მხოლოდ სახის მკრთალი ფერით ხვდებოდნენ მშობლები, რომ რაღაც მოხდა, თორემ სისხლის აღების პროცედურა პროფესიონალურ დონეზე იყო ჩატარებული და აბსოლუტურად ყველა ბავშვს მხოლოდ ერთი ნანემსარი ჰქონდა. მათი სისხლის ანალიზის მიხედვით, ორგანიზმში არაფერი შეუყვანიათ, ცხვირზე აფარებულ ნაჭერზე კი, სავარაუდოდ, დასაძინებელი სითხე ესხა, რომელიც ბავშვებს რამდენიმე წამში თიშავდა.

პატარა ქალაქში კი არა, დიდ ქალაქებში ვრცელდება ხმა სწრაფად და ამიტომ, პრაქტიკულად, ყველამ იცოდა, რომ ქალაქში ვიღაც სისხლისმწოველი გამოჩნდა, რომელიც ბავშვებს იტაცებდა და სისხლს პარავდა. საბედნიეროდ, არცერთი ბავშვი არ იყო დაზარალებული ანუ სიცოცხლის საფრთხე არცერთ მათგანს არ ემუქრებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დამნაშავემ საკუთარი საქმე ძალიან კარგად იცოდა, ზუსტად იმდენ სისხლს იღებდა, რამდენიც ბავშვს არაფერს ავნებდა და ბედის ირონიით, ეს პროცედურა ბავშვების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც კი იყო. განგაშის ზარებს მაშინ შემოჰკრეს, როცა ორი ბავშვი გაქრა - მერვეკლასელი ბიჭები, რომლებიც მუდმივად ერთად იყვნენ, სკოლაშიც ერთად მიდიოდნენ, იქიდანაც ერთად ბრუნდებოდნენ, გაკვეთილებსაც ერთად ამზადებდნენ და შემდეგ ერთად თამაშობდნენ. მთელი ქალაქი ფეხზე დადგა, რაღა თქმა უნდა, მათი დაკარგვა იმ ადამიანს დაუკავშირეს, რომელიც ბავშვებს სისხლს აცლიდა და მოზარდების ასაკის გათვალისწინებით, საქმეში უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. დაკითხეს ბიჭების ყველა მეგობარი და ერთმა გოგონამ თქვა, რომ ისინი აუცილებლად კორპუსის სახურავზე იქნებოდნენ, რადგან იქ ე.წ. შტაბი ჰქონდათ მოწყობილი და მთელ თავისუფალ დროს იქ ატარებდნენ. სამართალდამცავები სახურავზე ავიდნენ, მაგრამ დამტვრეული დურბინდის გარდა, ვერაფერი ნახეს. იქ იყო საბავშვო ნივთები, მაგრამ ბავშვების კვალი არსად ჩანდა. იმ სადარბაზოებთან, სადაც ბავშვებს სისხლს აცლიდნენ, ოპერმუშაკები დააყენეს, პრაქტიკულად, ყველა და ყველაფერი კონტროლდებოდა, უშიშროების თანამშრომლებმა აგენტურული ქსელი აამუშავეს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ბიჭების მეგობარმა გოგომ კიდევ ერთი ძაფის ბოლო მისცა ხელში გამომძიებლებს - ორივე „საიდუმლოდ“ ამბობდა, ძალიან მალე, დიდ ფულს ვიშოვით და სამოგზაუროდ წავალთო. საიდან უნდა ეშოვათ მერვეკალსელებს დიდი ფული, წარმოდგენა არავის ჰქონდა. ორივე ბავშვი საშუალო ფენის ოჯახის შვილი იყო, მშობლები საწარმოებში მუშაობდნენ და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი შემოსავალი ჰქონდათ. სახურავზე ნანახი დურბინდი ყოველი შემთხვევისთვის, ექსპერტიზას გადასცეს, ექსპერტის დასკვნით, ის ფეხით იყო დამტვრეული და ფეხსაცმლის ანაბეჭდის ფრაგმენტის მიხედვით, ზომა 42-43 უნდა ყოფილიყო ანუ ბავშვებს ნივთი ვიღაცამ დაუმტვრია.

„ხომ შეიძლება, ბავშვებს დურბინდით დაენახათ რამე დანაშაული და მის ჩამდენებს აშანტაჟებდნენ და დიდი ფულის მიღებაც ამ გზით სურდათ, დამნაშავეებმა კი, ფულის გადახდას, ბავშვების გატაცება ამჯობინეს და ყველაფერი ეს, კავშირში არ არის იმ დანაშაულთან, რომელიც მანამდე ხდებოდა ანუ სისხლის გამოცლასთან. ამიტომ, ოპერატიულმა ჯგუფმა, დაკარგული ბავშვების ე.წ. „შტაბიდან“ უნდა დაათვალიერონ მიდამო და შემდეგ დაადგინონ, მოხდა თუ არა უახლოეს კორპუსებში რამე ისეთ, რამაც შეიძლება, ბავშვების ყურადღება მიიპყრო“, - გადაწყდა თათბირზე და კორპუსის სახურავიდან დურბინდით გარემოს შესწავლა ერთბაშად რამდენიმე ოპერმუშაკმა დაიწყო. შედეგიც მალე დადგა - მოპირდაპირე კორპუსში, ბავშვების გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე, მამაკაცი მოკლეს. ის ოჯახთან ერთად კინოთეატრში მიდიოდა, როცა ცოლს გაახსენდა, რომ უთო დარჩა ჩართული. მამაკაცი დაბრუნდა და ქურდებს თავზე წაადგა. მათ ის თავში სწორედ უთოს ჩარტყმით მოკლეს და მიიმალნენ. საქმე გაუხსნელი იყო და გაჩნდა ვარაუდი, რომ სწორედ მკვლელობის მომენტი დაინახეს ბავშვებმა, ქურდებიც იცნეს (ქურდობის დროს, ნიღაბს არავინ იკეთებს), მათი შანტაჟი დააპირეს და სწორედ ამის გამო მოიტაცეს. გაიხსნებოდა მკვლელობა - იპოვნიდნენ ბავშვებს და პირიქით. ფეხზე მთელი სამართალდამცავი ორგანო დადგა. უკვე ცხადი გახდა, რომ პატარების სიცოცხლე საფრთხეში იყო და მეტიც - სასწაული უნდა მომხდარიყო, ბავშვები ცოცხლები რომ ეპოვათ.

იმავე ღამით, გვიან, მილიციის განყოფილებაში მეთევზე მივიდა და ორი დაკარგული ბავშვი მიიყვანა.

„აქვე, ჩვენს ტბაზე ვიყავი სათევზაოდ, ღამით სუსტი ყვირილი გავიგონე, მეგონა, მომეჩვენა, მაგრამ დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში, ყვირილი ისმოდა. იქვე ახლოს ძველი, მიტოვებული ქოხია, მისკენ წავედი და ეს ორი ბავშვი ვნახე, წყალი დავალევინე, ცოტა ვაჭამე, ძლივს ავხსენი, დაბმულები იყვნენ და აქ მოვიყვანე“, - თქვა მეთევზემ.

ბავშვები სასწრაფო წესით დაკითხეს და მათ გამტაცებელთა ვინაობა დაასახელეს, ისიც თქვეს, რომ მკვლელობა ნამდვილად დაინახეს, მკვლელები იცნეს და მათ სიჩუმის სანაცვლოდ, ორი ათასი მანეთი მოსთხოვეს. ფულის გადაცემის დროს კი ისინი გაიტაცეს და დააბეს. მას შემდეგ, გამტაცებლები აღარ გამოჩენილან. ძალოვნებმა ორივე მარტივად, საკუთარ სახლში დააკავეს.

„ჩვენ არ ვართ მკვლელები, ის კაციც შემთხვევით შემოგვაკვდა. ზუსტად ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან, ბავშვებს წამოსცდებოდათ რამე და ამიტომ, მათი მოშორება გადავწყვიტეთ, მაგრამ ვერცერთმა ვერ მოვკალით და მიყრუებულ ადგილზე დავაბით, შიმშილით რომ მომკვდარიყვნენ“, - თქვეს დაკავებულებმა.

სამართალდამცავები სიხარულით დახტოდნენ, ორი უმძიმესი საქმე ერთ დღეში გახსნეს, მაგრამ ბავშვებიდან აღებული სისხლის ამბავი ისევ ბურუსით იყო მოცული, თუმცა ამ საქმეშიც პატარები დაეხმარნენ. სახურავის ბინადრებმა თქვეს, რომ იმ სადარბაზოდან, სადაც ბავშვებს სისხლს უღებდნენ, ორჯერ გამოვიდა ადგილობრივი ექიმი და ორივეჯერ სწრაფად მიიმალა. ვარაუდობდნენ, რომ ბავშვებს სისხლს სწორედ ის უღებდა, მაგრამ ამ თემაზე ბევრს არ ფიქრობდნენ, ჯერ „დიდი ფული“ უნდა ეშოვნათ. გამომძიებლებმა ექიმზე თვალთვალი დააწესეს და მესამე დღეს, მაშინ ჩაავლეს, როცა მორიგ მსხვერპლს, სარდაფში მაჯას უშიშვლებდა და სისხლის აღებას აპირებდა. მას გაქცევა არ უცდია.

„ერთი პაციენტი მყავს, სიმსივნით არის დაავადებული და არაფერი ეშველება. არ ვიცი, ვინ ურჩია, მაგრამ უთხრეს, რომ თუ პატარა ბავშვების სისხლს გადაისხამდა, განიკურნებოდა. უზარმაზარ თანხებს იხდიდა და რა მექნა, ცდუნებას ვერ გავუძელი. თანაც, ამით არავინ დაშავებულა, პირიქით, ეს ჯანმრთელობისთვის კარგია. ყველა ბავშვის ანკეტა ხელმისაწვდომი იყო და მხოლოდ მეორე ჯგუფის სისხლის ბავშვებს დავდევდი, დანარჩენი არ მაინტერესებდა“, - თქვა ექიმმა და სამართალდამცავები მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ. მათ აზრადაც არ მოსვლიათ, გადაემოწმებინათ, რომელი ჯგუფის სისხლზე იყო ნადირობა გამოცხადებული.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე