რუსეთ-უკრაინის ომის ერთწლიანი სისხლიანი ქრონიკა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთი წელია რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამ პერიოდში დაიღუპა ათასობით ადამიანი, მილიონობით მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი. განადგურდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი. მსოფლიო კი  ასე ახლოს არასდროს ყოფილა რუსეთსა და  „ნატოს“ შორის ღია კონფლიტის დაწყებასთან. 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე „ვერსია“ გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა.

თებერვალი

24 თებერვალს, დილის 4 საათზე, ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო უკრაინის დედაქალაქზე. მისი თქმით, ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, რომლის მიზანიც უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაა“. ეს ყველაფერი კი საჭიროა იმისათვის, რომ უკრაინა „ნატოს“ არ შეუერთდეს, არ შეუქმნას საფრთხე რუსეთს და მისი გავლენის ქვეშ დარჩეს. დასავლეთმა და ცივილიზებულმა სამყარომ ეს აქტი აგრესიულ და არალეგალურ ქმედებად გამოაცხადა და უკრაინას სრულ მხარდაჭერას შეპირდა.

რუსულმა ჯარებმა მიაღწიეს კიევის შესასვლელებამდე, თუმცა დედაქალაქის დაპყრობა ვერ მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ომის დაწყებამდე კიევის აღებას სამ დღეში წინასწარმეტყველებდა. ამ პერიოდში ასევე ვრცელდებოდა ხმები ზელენსკის ქვეყნიდან გაქცევის შესახებ. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტი ზელენსკი კიევში წერს ვიდეო-მიმართვას და უკრაინელ ხალხს პირდება, რომ მასთან ერთად ბოლომდე იბრძოლებს.

მარტი

2 მარტს რუსეთმა გამოაცხადა, რომ აკონტროლებს სამხრეთ უკრაინულ ქალაქ ხერსონს. მარტის დასწყისში რუსულმა ძალებმა ასევე დაიპყრეს ხერსონის რეგიონის დანარჩენი ნაწილი და  მეზობელი ზაპორიჟიეს რეგიონის დიდი ნაწილი. მათ შორის, ევროპაში უდიდესი, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური. თუმცა ამავე დროს  რუსული არმია „გაიჭედა“ კიევის მახლობლად მიმავალ გზატკეცილებზე, რითაც ადვილი სამიზნე ხდება უკრაინული დრონებისთვისა და არტილერიისთვის.

უკრაინელები ხერსონში რუსული ტანკების წინააღმდეგ

16 მარტს რუსეთმა დაბომბა თეატრი სტრატეგიულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რომელშიც თავშესაფარი ჰქონდათ მოწყობილი ბავშვებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, რამაც ეს ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიან შემთხვევად აქცია.

ცოტა ხანში მოსკოვმა განაცხადა, რომ კიევის მისადგომებიდან ჯარები გაჰყავს და აქცენტი მთლიანად ქალაქ დონბასის მიმართულებით გადაიტანა, სადაც 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ იბრძვიან რუსეთის მიერ დაფინანსებული აქტვისტები.

აპრილი

რუსული არმიის კიევის მისადგომებიდან გასვლის შემდეგ მსოფლიო ქალაქი ბუჩას ტრაგედიის შესახებ იგებს ინფორმაციას. ოკუპანტების გასვლის შემდეგ,  მასობრივ საფლავებში, ასობით სასტიკად ნაწამები და დახოცილი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ზოგიერთ მათგანს ხელები ჰქონდა შეკრული. ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერი ჩავიდა ბუჩაში ამ დიდი ტრაგედიის პირადად სანახავად და შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი ომის დანაშაულებისთვის რუსეთი აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

9 აპრილს დონეცკის ოლქის, ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსული სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რომელსაც 52 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 100 დაიჭრა.  ამ სადგურიდან დონბასის მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინის უსაფრთხო რეგიონებში მიმდინარეობდა, სწორედ ამიტომ იმყოფებოდა იქ ამდენი ხალხი.  პარალელურად, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს აზოვის ზღვაზე, მარიუპოლში. რუსული საჰაერო თავდასხმებისა და საარტილერიო დაბომბვის შემდეგ ქალაქი ფაქტიურად მთლიანად დაინგრა და განადგურდა.

13 აპრილს, რუსეთის საზღვაო ძალების სიამაყე და შავი ზღვის ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძრა. მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, მას უკრაინული რაკეტა მოხვდა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩაძირვის ოფიციალური მიზეზი ხანძარია.

მაისი

16 მაისს, აზოვსტალის ქარხანაში მყოფი ასეულობით უკრაინელი მებრძოლი, თითქმის სამთვიანი ალყის შემდეგ, რუსულ ჯარს დანებდა. მარიუპოლის დაპყრობამ, უკრაინა აზოვის ზღვის სანაპიროდან მოკვეთა და რუსეთს სახმელეთო დერეფანი გაუხსნა რუსეთის საზღვრიდან ყირიმამდე.

აზოვსტალის ნანგრევები

18 მაისს, შვედეთმა და ფინეთმა,  „ნატოში“ გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანეს. ქვეყნები რუსეთს დღემდე საფრთხედ აღიქვამენ, რაც ალიანსში გაწევრიანების მიზეზი გახდა.

ივნისი

უკრაინაში დასავლეთიდან შედის ომისთვის საჭირო სხვადასხვა იარაღი, მათ შორის ამერიკული HIMARS.

30 ივნისს რუსული ჯარები გადიან კუნძული ზმეინიდან, რომელიც ოდესასთან ახლოს მდებარეობს. ის ომის დაწყების მომენტიდან იყო დაპყრობილი.

ივლისი

22 ივლისს, თურქეთისა და გაეროს შუამდგომლობით ჩატარდა მოლაპარაკებები, რის შედეგადაც რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ კიევი შავი ზღვის პორტებიდან ხორბლის გატანას შეძლებს, რაც საფრთხეს უქმნიდა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.

29 ივლისს დონეცკში არსებულ ოლენივკას ციხეზე, სადაც რუსების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროები იყოფებოდნენ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 53 უკრაინელი დაიღუპა, 75-ზე მეტი კი დაშავდა.  რუსეთი და უკრაიანა მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აგვისტო

9 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, საკის აეროდრომზე აფეთქებები მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ერთი კვირის შემდეგ, კიდევ ერთი აფეთქება მოხდ სიმფეროპოლის მახლობლად სამხედრო ავიაბაზაზე. ამან იქ მაცხოვრებლებში პანიკა გამოიწვია და ბევრმა რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ამ ყველაფერმა მოსკოვის მიერ ანექსირებული კუნძულის სისუტეები გამოაჩინა. ცოტა ხანში, უკრაინის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ყირიმზე თავდასხმები კიევის მიერ განხორციელდა.

21 აგვისტოს, ღამით, მოსკოვში, ავტომობილის აფეთქებისას, დაიღუპა „რუსული სამყაროს" მთავარი იდეოლოგისა და მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა (პლატონოვა). რუსეთი ამაში დღემდე უკრაინას ადანაშაულებს.

სექტემბერი

6 სექტემბერს, უკრაინული სამხედრო ძალები ახორციელებენ მოულოდნელ კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.  რუსულ ჯარებს აიძულებენ დატოვონ რეგიონები, რომელიც მათ რამდენიმე თვე ჰქონდათ დაკავებული.

21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში, სულ 300 000 რეზერვისტს გამოიძახებას გეგმავდნენ. მოსახლეობაში ეს არაპოპულარული ნაბიჯი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი მეზობელ ქვეყნებში გადავიდა საცხოვრებლად. პარალელურად, რუსეთმა ჩაატარა არალეგალური „რეფერენდუმები“ უკრაინის ქალაქ დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში, რომლითაც უნდა გარკვეულიყო, სურდა თუ არა მოსახლეობას რუსეთთან შეერთება. რა თქმა უნდა, შედეგებს არ აღიარებს უკრაიანა და დასავლეთის ცივილიზებული სამყარო. შედეგები არალეგალურად ცხადდება.

30 სექტემბერს, კრემლში პუტინმა ზემოთ ამოთვლილი 4 რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერ.

ოქტომბერი

8 ოქტომბერს სატვირთო მანქანის დახმარებით, რომელსაც, სავარაუდოდ, ფეთქებადი ნივთიერებები გადაჰქონდა, აფეთქდა ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს კუნძულთან აკავშირებს. პუტინი ამაში უკრაინას ადანაშაულებს და ბომბავს ქვეყნისთვის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, ელექტროსადგურებს. ეს ოპერაცია რამდენიმე თვე გაგრძელდა, რასაც ზამთრის პერიოდში უკრაინის რამდენიმე დიდ ქალაქში „ბლექაუთი“ ან ელექტროენერგიის სრულიად გათიშვა  მოჰყვა.

ნოემბერი

9 ნოემბერს, უკრაინული სამხედრო ძალების შეტევის შემდეგ, მოსკოვმა ხერსონიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამით მან ერთადერთი რეგიონული ცენტრი დატოვა, რომელიც დაპყრობილი ჰქონდა.

დეკემბერი

5 დეკემბერს, რუსეთის ქალაქ ენგელსში სტრატეგიული ავიაციის აეროდრომსა და რიაზანის გარეუბან დიაგილევოში მდებარე ავიაბაზაზე აფეთქებების მოხდა. თვის ბოლოს კიდევ ერთი აფეთქება ხდება, რაც ადასტურებს, რომ რუსეთის თავდაცვაში ძალიან ბევრი ბზარია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, უკრაინელებმა ეს აფეთქებები დრონების საშუალებით მოახდინეს.

21 დეკემბერს, ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. მათ ისაუბრეს უკრაინისათვის „პეტრიოტებისა“ და სხვა იარაღის გადაცემის შესახებ. ასევე უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა კონგრესს.

2023 წელი - იანვარი

მთელი ახალი წლის ღამის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა დაებომბა უკრაინა. უკრაინელი სამხედროების ცნობით, 1 იანვარს მათ შეძლეს 44 დრონის ჩამოგდება კიევსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებში.

ასევე, 1 იანვარს, დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში, ახალი წლის ღამით მოხდა მძლავრი აფეთქება, რომელსაც უკრაინული მხარის ინფორმაციით, 400 რუსი სამხედროს სიკვდილი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი მხოლოდ 89 სამხედროს სიკვდილს ადასტურებს.

12 იანვარს, ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ, რუსეთმა განაცხადა რომ აიღო  ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი სუფრის მარილის მომპოვებელი ქალაქი სოლედარი. მოსკოვი ასევე იყენებს ყველა ძალას, რათა დაიპყროს ქალაქი ბახმუტი.

14 იანვარს, რუსეთის ერთ-ერთი სარაკეტო შეტევის შედეგად, დნეპრში რაკეტა მოხვდა კორპუსს, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა.

თებერვალი

20 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მოულოდნელად ჩავიდა უკრაინაში და შეხვდა ვოლოდიმირ ზელესნკის, რითაც მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა სოლიდარობა ამ ქვეყნის მიმართ.

ჯო ბაიდენი კიევში

რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. ცივილიზებული მსოფლიო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ბრძოლაში. უკრაინა დანებებას არ აპირებს. რუსეთი ცდილობს საკუთარი რეპუტაცია გადაარჩინოს, თუმცა შეძლებს თუ არა ამას, ჯერ-ჯერობით არაპროგნოზირებადია. ასეა თუ ისე, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხი აგოს იმ სასტიკ დანაშაულზე, რასაც სჩადის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და დაისაჯოს იმ გენოციდისთვის, რომელსაც დღემდე ახორციელებს.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! უკრაინა გაიმარჯვებს!

 

 

ავტორი რუსუდან ხავთასი