უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთწლიანი ქრონიკა - ირაკლი ალადაშვილის შეფასებები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ომი გაზაფხულსა და ზაფხულში არ დასრულდება“

 

 

24 თებერვალს ერთი წელი ხდება, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას თავს დაესხნენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ადგილობრივმა ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 თებერვლამდე, დაახლოებით, 137 780 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამასთან, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული მხარის კუთვნილი 3 280 ტანკი, 6 488 ჯავშანტექნიკა, 2 287 საარტილერიო სისტემა, 465 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 234 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 296 საბრძოლო თვითმფრინავი, 286 ვერტმფრენი, 2 007 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 857 ფრთოსანი რაკეტა, 18 საბრძოლო ხომალდი/კატერი, 5 148 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი და 215 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა.

რუსეთ-უკრაინის მასშტაბური ომის ერთ წელს „ვერსიასთან“ სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი აფასებს:

 

- ათიოდე დღეა დარჩენილი ერთი წლის შესრულებამდე რუსეთ-უკრიანის ომის დაწყებიდან და ამ ათ დღეში, შეიძლება, ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდეს. რადგან რუსეთის ხელისუფლებას ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში, ახლაც უყვარს, გარკვეულ თარიღზე მიბმა კონკრეტული მოქმედებების. ახლა არის საფრთხე, რომ პუტინმა მოინდომოს 24 თებერვლისთვის...

- მასირებული შეტევა უკრაინაზე?

- დიახ. არის ამის საფრთხე, ოღონდ, რა მიმართულებით, რთულია ამის გამოცნობა. ახლა, ძირითადად, სამი მიმართულებით მიდის აქტიური ბრძოლა - ბახმუტის, კრემენნოესა და უგლედარის.

- ბატონო ირაკლი, აშშ-ის გენერალ-მაიორ ჩაპმანთან ინტერვიუ გამოაქვეყნა „რადიო თავისუფლებამ“, სადაც ჩაპმანი სწორედ ამ მოსალოდნელ მასშტაბურ შეტევაზე საუბრობს, მაგრამ ხაზს უსვამს ამინდის ფაქტორს... ასევე, ცნობილია, რომ პუტინმა თავის შეიარაღებულ ძალებს მარტის ბოლომდე მისცა ვადა ლუგანსკი-დონეცკის დაკავებისთვის...

- ომი რომ დაიწყო, პუტინმა დავალება გასცა, რომ 3-დან 7 დღის განმავლობაში, უკრაინის დედაქალაქი უნდა აეღოთ. მაშინ თავდასხმა მოხდა 9 მიმართულებიდან და პუტინს იმედი ჰქონდა ისევე, როგორც თავის დროზე, ჰიტლერს, ბლიცკრიგის ოპერაციის, მაგრამ ჩაეშალა ეს გეგმა და იძულებული გახდა, გამოეყვანა საოკუპაციო ძალები კიევიდან, ჩერნიგოვიდან, ბუჩადან და მოგვიანებით ხერსონიდანაც, რადგან ძალების კონცენტრაცია მოახდინა აღმოსავლეთ ნაწილში. ახალ წლამდეც გასცა დავალება, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალები უნდა გასულიყვნენ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე, მაგრამ ვხედავთ, რომ 3 აგვისტოდან უტევენ ბახმუტს და ნახევარი წელია, ვერ აიღეს ეს პატარა ქალაქი. ამიტომ, მარტის ბოლომდე ეს დავალება შესრულდება.

რაც შეეხება ამინდს, ზამთარი თითქმის გავიდა. ეს ზამთარი არ იყო მკაცრი, მაგრამ ახლა ყინვები დაიწყება უკრაინაში. ყინვას მნიშვნელობა აქვს მძიმე ჯავშანტექნიკის გადაადგილების თვალსაზრისით. უკრაინაში, ძირითადად, სტეპებია და გზაზე გადაადგილებისას, უფრო ადვილია მოწინააღმდეგის კოლონების მწყობრიდან გამოყვანა, რაც უკრაინელებმა ახლა დაამტკიცეს, როცა უგლედარს უტევდნენ რუსული ჯავშან-კოლონები, უკრაინელებმა საოცარი საბრძოლო ეფექტიანობა გამოიჩინეს და 30 წუთში, 30 ტანკი და ჯავშან-მანქანა აუფეთქეს რუსებს. თუ ნიადაგი 20-30 სანტიმეტრზე გაიყინება, ეს შესაძლებლობას იძლევა, მძიმე ტექნიკამ მარტივად იაროს არა მხოლოდ ტრასაზე, არამედ ველზეც. მოკლედ, ვინც შეტევაზე გადადის, მისთვის უკეთესია ყინვა.

არ მოველი, რომ ამ პერიოდში დიდი მასშტაბის შეტევა მოხდება. ვფიქრობ, რომ ეს უფრო მოსალოდნელია გვიან გაზაფხულზე, ზაფხულის დასაწყისში, როცა გამოშრება ნიადაგი. იმ პერიოდში რუსეთიც დამატებით ძალებს გააძლიერებს, უკრაინას დასავლეთი აღირსებს და მისცემს ტანკებსა და სხვა შეიარაღებას შეტევისთვის და ესკალაცია ორივე მხრიდან ახლა თუ არ მოხდა, სანამ გაყინულია ნიადაგი, მოსალოდნელია აპრილის ბოლოს.

- როცა საუბრობთ რუსეთისგან მოსალოდნელ მძლავრ შეტევაზე, რას გულისხმობთ - ეს შეიძლება ამ ომის გარდამტეხი იყოს ანუ შეიძლება, ისეთი ძალით შეუტიოს რუსეთმა, რომ ვეღარ გაუძლოს უკრაინამ?

- არ მგონია, ასე მოხდეს, რადგან რასაც ვხედავთ, თუ რამდენ ხანს მიმდინარეობს ბრძოლები ბახმუტთან, რუსებსაც ხომ აკლდებათ ძალა, მით უმეტეს, ვინც უტევს, მას მეტი დანაკარგი აქვს - ომის კანონი ასეთია. ამიტომაც, რუსეთი უზარმაზარი რაოდენობის ჭურვებსა და რაკეტებს ხარჯავს...

- აქვე ხაზგასასმელია - ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ბახმუტზე კონტროლი აღიდგინა...

- იქ რთული სიტუაციაა. ბახმუტი ოპერატიული ალყის საშიშროების წინაშეა და ეს თუ განხორციელდა, მოხდება ის ტრაგედია, რაც იყო მარიუპოლში. ბოლომდე იბრძოლეს უკრაინელებმა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. იმედია, აქ იგივე არ მოხდება და თუ მაინც მივა საქმე ბახმუტის დაკარგვამდე, დამცველი ჯარის ორგანიზებულად გამოსვლა სჯობს მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით და ამ ქალაქის დათმობა, რადგან მთავარია არა ტერიტორია, არამედ უკრაინის დამცველების სიცოცხლე და საბრძოლო ტექნიკის გადარჩენა. არმია თუ განადგურდა, ნებისმიერ ქალაქს აიღებენ რუსები.

- გენერალ-მაიორი ჩაპმანი ასევე აცხადებს, რომ ეს იქნება ომი გამძლეობაზე და  რუსეთი უკრაინელების ნებისყოფის გატეხვას ცდილობს ენერგო და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების, ქალაქების დაბომბვით. როგორ ფიქრობთ, გაუძლებს უკრაინელი ხალხი ამ ზეწოლას?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ომი არის გამძლეობაზე. ეს არის რესურსების ომი. თუ დააკვირდებით, რუსების სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება ზურგში, ძირითადად, ინფრასტრუქტურასა და ქალაქის მაცხოვრებლებზე. სამხედრო ნაწილებს და აეროდრომებს რომ დაარტყას, აზრი არ აქვს, რადგან დაცულია ეს ობიექტები. ამიტომ, ძირითადად, თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს, რადგან ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ქალაქში რთულია გაძლება. სწორად აღნიშნეთ, იმიტომ ბომბავენ მოსახლეობას, რომ მათ ეთქვათ უკრაინის ხელისუფლებისთვის, გვეყო ომი, წადით მოლაპარაკებაზეო, თუმცა ხალხმა ამ ზამთარს გაუძლო, მით უმეტეს გენერატორები უკრაინას გაუგზავნეს...

- საქართველოდანაც გაიგზავნა გენერატორები უკრაინაში.

- დიახ, ზაფხულში ევროპას იქით აწვდიდა ელექტროენერგიას ომში მყოფი უკრაინა და ახლა იქიდან იღებს. ასე რომ, რთულად, მაგრამ ეს საკითხი მოგვარდება.

- ბატონო ირაკლი, დასავლეთის დახმარებაზე საუბრობდით და ცოტა ხნის წინ დაასრულა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპული ტურნე, დიდი ბრიტანეთი-საფრანგეთი-გერმანიის ლიდერებს შეხვდა. შესაძლოა, ეს იყო პოლიტიკური სვლა რუსეთისგან მოსალოდნელი მასშტაბური შეტევის წინ? რა მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას ელოდება უკრაინა დასავლეთისგან უახლოეს მომავალში?

- ომის დაწყებისას, არც რუსეთი და არც დასავლეთი არ ელოდა, რომ უკრაინა ამდენს შეძლებდა. უკრაინელებმა დასავლეთს უთხრეს - სისხლი ჩვენი, იარაღი თქვენიო ანუ უკრაინელები გმირულად იბრძვიან, მაგრამ დასავლეთიდან იარაღის მიღების კონტექსტში არის რაღაცები, რაც ზოგჯერ გაკვირვებას და გაბრაზებასაც იწვევს. დასავლეთისგან დახმარება დიდია, აშშ-ის მიერ ამ ერთ წელში 30 მილიარდზე მეტია გაწეული დახმარების სახით. ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც ხომ თქვა, 120 მილიარდ დოლარამდე დახმარება გაიცემაო, თუმცა ტანკების გადაცემასთან დაკავშირებული იწილო-ბიწილო... დასავლური ბიუროკრატია აფერხებს ამ პროცესს. „ჰაიმარსებზეც“ აწვალეს უკრაინა და ბოლოს მისცეს. ვნახეთ, რომ ამან გადატრიალება მოახდინა, რუსები იძულებულები გახდნენ, იარაღის საწყობები ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრით უკან გადაეტანათ, რამაც გაართულა მათი მომარაგება ფრონტის ხაზზე. ამიტომ ითხოვს უკრიანა შორი მოქმედების რაკეტებს, ამის სანაცვლოდ პირობას დებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ, არამედ მხოლოდ ოკუპირებულ ყირიმში.

- კულებას განცხადებით, 24 თებერვალს დასავლეთი ახალ სანქციებს გამოუცხადებს რუსეთს... საინტერესოა, რა შედეგი გამოიღო რუსეთის მიმართ დაწესებულმა პოლიტ-ეკონომიკურმა სანქციებმა?

- ამ სანქციებმა შედეგი უკვე გამოიღო. ფინანსური პრობლემები უკვე გამოუჩნდა რუსეთს იანვარში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უზარმაზარი ქვეყანაა და ნავთობს ყიდის, ასე მარტივი არ არის... ამასთან, ირღვევა ეს სანქციები, რაზეც მეტყველებს რუსეთში ომის დროს დამზადებულ საბრძოლო ტექნიკაში დასავლური წარმოების ჩიპების აღმოჩენა. მიუხედავად ამისა, რუსეთს უჭირს ჭკვიანი იარაღის წარმოება, რადგან ნელ-ნელა მკაცრდება სანქციები ამ მხრივ. ფინანსური პრობლემა ყველა შემთხვევაში შეექმნება, რადგან 300 ათასი კაცი გაიწვია, მილიონზე მეტი კი გაიქცა ქვეყნიდან, რომ მობილიზებაში არ მოჰყოლოდა. გაწვეულებს 190 ათას რუბლს უხდის თვეში და ეს ხალხი სამუშაოსაც ხომ მოწყდა?  ასე რომ, რუსეთს პრობლემები ექმნება. დასავლეთის ინტერესებშია, რომ ეს პროცესი გაიწელოს, რამაც რუსეთის სერიოზული ეკონომიკურ-პოლიტიკური დეგრადაცია უნდა გამოიწვიოს.

ახლა რასაც ვხედავ, არ მგონია, ომი გაზაფხულსა და ზაფხულში დასრულდეს. თუ დასავლეთმა დააჩქარა სამხედრო დახმარების გადაცემა, პროცესი უფრო დაჩქარდება, მაგრამ სერიოზული ომი იქნება დიდი მსხვერპლით.

 ავტორი- თათია გოჩაძე