ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება - კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის აზრით, თუ აშშ-ის არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, შესაბამისად, მისივე თქმით, ჩვენი რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ეს შეცვლის დამოკიდებულას საქართველოს მიმართ.

ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ დაასრულებს უკრაინაში ომს. ის ამტკიცებს, რომ ომების შეჩერება ერთი ზარით შეუძლია.

"ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მით უმეტეს ამხელა ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით, ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება რეგიონში მშვიდობა, საქართველოს მიმართაც დამოკიდებულებაც შეიცვლება, ეს არის ერთადერთი რაც შეიძლება, ითქვას ამასთან დაკავშირებით, დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი", - თქვა კობახიძემ.

მან ისაუბრა საქართველოს არჩევნებზეც და იმაზე, თუ როგორი იქნება "ოცნების" სია. კობახიძემ არ უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა თავად ამ სიის პირველი ნომერი.

პრემიერის თქმით, სიის წარდგენამდე ორი თვეა დარჩენილი და "ტრადიციულად ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში".

"თუმცა მანამდე ალბათ სიის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. სიას ადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭო, როგორც ეს არის გათვალისწინებული პარტიის წესდებით, როგორ შედგება ეს სია, ვინ რა ნომერზე იქნება წარდგენილი, ამას გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო, შესაბამისად, მანამდე ვიდრე არ მიიღებს პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას, ჩვენ ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - თქვა კობახიძემ.