ბასილაშვილი დოჰაში დაბრუნდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე კვირაში, ყატარის დედაქალაქში, მორიგი საჩოგბურთო ტურნირი დაიწყება, რომლის საპრიზო ფონდი 1 176 595 დოლარია. დოჰას ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, ჩვენი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ და ქართველი ჩოგბურთელი უკვე დოჰაშია. მართალია, ის მესამე ნომრადაა განთესილი, თუმცა ფავორიტთა შორის რომ მოიაზრება, ადვილი მისახვედრია. პირველ ნომრად კანადელი დენის შაპოვალოვია განთესილი, მეორე ნომრად - რობერტო ბაუტისტა აგუტი. არადა, შარშანდელ ფინალში, ნიკამ სწორედ აგუტს სძლია.
პირველ წრეში ჩვენებური ისვენებს და ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება. გულახდილად რომ ვთქვათ, ნიკო ფავორიტად კი მოიაზრება, მაგრამ ფორმაში აშკარად ვერაა. მას ოქტომბრის შემდეგ, თამაში არ მოუგია, ზედიზედ რვამატჩიანი წაგებათა სერია აქვს (წყვილების ჩათვლით - 10) და ნავსი აუცილებლად უნდა გატეხოს. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ რუსულ მედიაში, ბოლო დღეებია, აქტიურად წერენ ჩოგბურთის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ, რომელიც 2017 წელს გამართულ რამდენიმე მატჩს ეხება და ვარაუდობენ, რომ ეს შეხვედრები გარიგებული იყო. ჰოდა, რუსები ამტკიცებენ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, სწორედ ბასილაშვილია და თუ ქართველს ფაქტს დაუმტკიცებენ, მას სამუდამო დისკვალიფიკაცია არ ასცდებაო. ჩვენ კი იმის იმედად ვართ, რომ ანალოგიური რამ ადრეც არაერთხელ და არაერთ ჩოგბურთელზე დაწერილა (მათ შორის, იმავე ნიკაზე), მაგრამ არ გამართლებულა.